წვდომის მენიუ

შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 552 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2015 11:35

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015

შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

2015 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 3 აგვისტოს №შ-10/5502-15 ერთობლივი სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2015 წლის 18 ივნისს შპს „მაიფონის“ ოფისში განხორციელებული სატესტო ზარების შედეგების თაობაზე ინფორმაცია; 2015 წლის 28 ივლისის შემოწმების აქტი N4; შპს „მაიფონის“ ბილინგიდან ამონაბეჭდი სატესტო ზარების შესახებ; შპს „მაიფონის“ პარტნიორი კომპანიის ინფორმაცია საქართველოში ზარის დასრულების ტარიფების შესახებ; სატელეფონო ნომერზე 557931304 შემომავალი ზარების შესახებ დეტალური ამონაბეჭდი), რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „მაიფონის“ ოფისში, საერთაშორისო შემომავალი ტრაფიკის აღრიცხვის მონიტორინგის მიზნით, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც. უჯმაჯურიძე) და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (დ. ქუთათელაძე) მიერ განხორციელდა სატესტო ზარები.

შპს „მაიფონის“ კუთვნილი სატელეფონო ნომრიდან - 242 1717 განხორციელდა სატელეფონო ზარების დამისამართება პარტნიორი კომპანიის ქსელში, ისე რომ ზარის დასრულება საქართველოში მომხდარიყო. ტესტის შედეგად აღმოჩნდა, რომ სატესტო ზარი საქართველოში დასრულდა შპს „მობიტელის“ მეშვეობით: „A“ ნომრად დაფიქსირდა,   რუსეთის სატელეფონო ნომერიები (74957450506, 74957898516,  74957898629) ან/და  შპს „მობიტელის“  ნუმერაცია (568830364 , 568832928, 568832532, 597924634, 597923976, 592239007, 568830755,  574066639, 574058034, 592237368, 592062346, 597922398, 574800764, 579097011).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის ერთობლივი სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „მობიტელმა“ ივნისიის თვეში საზღვარგარეთიდან საქართველოში  დაასრულა 9 222 761 წუთი, აქედან - 3 943 846 წუთი დასრულდა ზემოაღნიშნული რუსეთის ფედერაციის ნუმერაციის რესურსს მიკუთვნებული „A“ ნომრებით (74957450506, 74957898516,  74957898629).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და  კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტებს მიაჩნიათ,  რომ შპს „მობიტელის“ მიერ ირღვევა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 13 აგვოსტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მობიტელისთვის”  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  20 აგვისტოს,  რის თაობაზეც შპს ,,მობიტელს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 20 აგვისტოს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მობიტელის” წარმომადგენელი ირაკლი ესართია, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა  2015 წლის ივნისის თვის კომპანია „ვიმპელკომის“ მიერ შედგენილი ინვოისი, რომლის შესაბამისადაც, შპს „მობიტელმა“ ივნისის თვეში საზღვარგარეთიდან  საქართველოში დაასრულა 9 135104.52 წუთი, აქედან 3 626 606 წუთი დასრულდა რუსული სამი ნომრით: 74957450506, 74957898516,  74957898629. ზემოაღნიშნული ინვოისის შესაბამისად, შპს „მობიტელის“ ქსელში ზარი დასრულდა 20 აშშ ცენტად.

2015 წლის 20 აგვიტოს სხდომაზე ირაკლი ესართიამ განაცხადა, რომ  შპს ,,მობიტელს“ კომისიაში უნდა წარმოედგინა იმ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა ნომრების გამოყენებითაც  დასრულდა საერთაშორისო ზარები საქართველოში, მაგრამ ვერ წარმოადგინა იმის გამო, რომ დილერებს, რომლებმაც განახორციელეს ნომრების რეალიზაცია, შპს ,,მობიტელისთვის“ სააბონენტო ხელშეკრულებები არ მიუწოდებიათ, უფრო მეტიც ხელშეკრულებები არ არსებობს, რადგან აბონენტები არ დგანან ნომრების უკან, ვინაიდან, რა დღესაც იყო დილერების მიერ გაყიდული ზემოაღნიშნული ნომრები, იმ დღესვე ეს ნომრები  აღმოჩენილ იქნა შპს „მობიტელის“ ე.წ ფროდის სისტემის მიერ და შესაბამისად გათიშული. მან დასძინა, რომ დილერების მიერ ნომრების რეალიზაციისას აბონენტებთან ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ხდება დილერების დაჯარიმება. მან ასევე განმარტა, რომ ეს სისტემური პრობლემაა და მისი მოგვარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე) დაევალა 2015 წლის 3 აგვისტოს N10/5502-15  სამსახურებრივ ბარათში მითითებული შპს „მობიტელის“ შიდა ნომრების შემოწმება, აქტიური იყო თუ არა ეს ნომრები სატეტო ზარის ჩატარებამდე (18 ივნისამდე), ხოლო იმისათვის, რომ კომისიას დაედგინა თუ რა ტარიფიკაციით დაასრულა  შპს „მობიტელმა“  შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ ქსელში  საერთაშორისო ზარები, კომპანიას დაევალა შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ჯეოსელთან“ ანგარიშსწორების დოკუმენტების, მათ შორის საგადასახადო დუკუმენტების, საოქმო გადაწყვეტილებების და ანგარიშფაქტურების  კომისიაში წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომა კომისიის გადაწყვეტილებით საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნა 10 სექტემბრს, 16:00 საათისათვის.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2015 წლის 10 სექტემბერს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის N10/6463-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (მოხსენებით ბარათს თან ერთვის კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვისტოს N4/91 ბრძანება, შპს „მობიტელის“ სიმ ბარათი, სააბონენტო ნომრით 574095926,  ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილის“ მიერ გაცემული გადახდის ქვითარი და სააბონენტო ხელშეკრულება) რომელთა შესაბამისადაც, ირკვევა, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ქუთათელაძე კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვსიტოს N4/91 ბრძანების საფუძველზე მივლინებულ იქნა ქ.თბილისში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „მობიტელის“ ე.წ. „დილერებისაგან“  სააბონენტო სიმ ბარათების საკონტროლო შესყიდვისა და ამ პროცესის მონიტორინგის მიზნით. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში დავით ქუთათელაძის მიერ ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილისგან“ პირადობის დამატასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით შეძენილ იქნა შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ სიმ ბარათები ნომრებით შპს „ჯეოსელის“ შემთხვევაში - 557598253, შპს „მობიტელის“ შემთხვევაში - 574095926, რაშიც გადახდილ იქნა ჯამში 10 ლარი. როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ე.წ. „დილერმა“ შეავსო ფორმა დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახები მცდარი პერსონალური მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და დავით ქუთათელაძეს გადასცა ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულება დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი აბონენტის მცდარი პერსონალური მონაცემებით. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს დავით ქუთათელაძის მიერ  გააქტიურდა სააბონენტო ნომერი (ნომერზე დარიცხული იყო 1 ლარი) და ზარებს აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან დავით ქუთათელაძე ახორციელებდა ყოველ სამუშაო დღეს საკუთარ მობილურ ნომერზე (57748xxxx). სააბონენტო ნომერი აქტიური იყო ასევე 2015 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობითაც (მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღე).

შესაბამისად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს  ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  დარღვევას, კერძოდ, რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას, რომლის შესაბამისადაც მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ერთ-ერთი არსებითი პირობაც მომხმარებლის ვინაობაა.

კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მობიტელისათვის“ უცნობი იყო საკონტროლო შესყიდვის შესახებ და გამომდინარე იქიდან, რომ მხარეს არ ჰქონდა წვდომა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ამ დოკუმენტაციასთან და შესაბამისად შპს „მობიტელს“ ესაჭიროებოდა დრო პოზიციის სრულყოფილად ჩამოყალიბებისათვის, კომისიამ, 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამეტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ნაწილში საკითხის 2015 წლის 24 სექტემბრის 15:00 საათზე გადადების თაობაზე, რის შესახებ შპს „მობიტელი“ კომისიის 10 სექტემბრის სხდომაზე გაფრთხილდა, სათანადო წესით, მას ასევე გადაეცა ამ ნაწილში საქმის მასალები გასაცნობად და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

 2015 წლის 10 სექტემბრის კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ციალა უჯმაჯურიძემ განაცხადა, რომ მის მიერ გადამოწმებული იქნა შპს „მობიტელის“  ყველა ის  სააბონენტო ნომერი (568830364 , 568832928, 568832532, 597924634, 597923976, 592239007, 568830755,  574066639, 574058034, 592237368, 592062346, 597922398, 574800764, 579097011), რომლითაც ჩანაცველებულ იქნა  საერთაშორისო ზარების წამოწყების  „A”  ნომერი და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „მობიტელის“ კუთვნილი ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსი აქტიური იყო მხოლოდ 18 ივნისს (574066639 აქტიური იყო ორი დღის განმავლობაში 18-19 ივნისს). შემოწმების შედეგად დგინდება ისიც, რომ აღნიშნული სააბონენტო ნომრებით ხორციელდებოდა მხოლოდ გამავალი ზარები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 სექტემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „მობიტელის“ იურისტი ირაკლი ესართია, რომელმაც განმარტა, რომ შპს „მობიტელის“  სააბონენტო ნომრები აქტიური იყო მხოლოდ 18 ივნისს, რამოდენიმე საათის განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებს, მასზე, როგორც ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირზე დაკისრებულ ვალდებულებებს. მან ასევე დასძინა, რომ შპს „მობიტელი“ ვერ იქნება პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ საერთაშორისო ზარის განმახორციელებელი აბონენტის  „A“ ნომრის შეცვლაზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 3 აგვისტოს ერთობლივი   სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5502-15);

2. შპს ,,მაიფონის” ოფისში 2015 წლის 18 ივნისს განხორციელებული სატესტო ზარების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი ცხრილის სახით;

3. 2015 წლის 28 ივლისის №4 შემოწმების აქტი;

4. 2015 წლის 20 აგვისტოს, შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი კომპანია „ვიმპელკომის“ მიერ შედგენილი ინვოისი, ივნისის თვეში საზღვარგარეთიდან შპს „მობიტელის“ ქსელში დასრულებული ზარების რაოდენობის და ღირებულების თაობაზე;

5. 2015 წლის 8 სექტემბრის შპს „მობიტელის“ N1008/15 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 08.09.2015; N6/6542-15), რომელსაც თან ერთვის შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ჯეოსელთან“  ანგარიშწორების ანგარიშფაქტურებისა და საერთაშორისო ზარების ღირებულებების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების საჯარო რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „მობიტელის“ თაობაზე;

7.  შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლის ირაკლი ესართიას მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს და 10 სექტემბერს კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,მობიტელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მონაცემთა გადაცემა; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2. 2015 წლის 18 ივნისს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (დ.ქუთათელაძე) მიერ, შპს „მაიფონის“ ოფისიდან განხორციელდა საერთაშორისო სატესტო ზარები შპს „მაიფონის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის (2421717) გამოყენებით. სატესტო ზარები საზღვარგარეთ არსებული პარტნიორი კომპანიის გავლით დასრულდა საქართველოში მოქმედი მობილური და ფიქსირებული ოპერატორების ქსელებში. სატესტო ზარები შპს „მობიტელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ ქსელში დასრულდა ან რუსეთის ფედერაციის ნუმერაციის რესურსს მიკუთვნებული „A“ ნომრით (74957450506, 74957898516,  74957898629),  ან „A“ ნომრად დაფიქსირდა შპს „მობიტელის“ ნუმერაციის რესურსი (568830364 , 568832928, 568832532, 597924634, 597923976, 592239007, 568830755,  574066639, 574058034, 592237368, 592062346, 597922398, 574800764, 579097011). მონიტორინგის ჩამტარებელი უფლებამოსილი პირების შეფასებით სახეზეა საერთაშორისო სატელეფონო ზარის განხორციელებისას ზარის წამოწყების „A“ ნომრის ჩანაცვლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს საერთაშორისო ზარის განხორციელების დროს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭირვალედ გადაცემის თაობაზე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 2015 წლის 28 ივლისს შედგა შემოწმების აქტი №4. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ც.უჯმაჯურიძე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დ.ქუთათელაძე და შპს ,,მობიტელის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი ესართია;

3. 2015 წლის 28 ივლისის №4 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად;

4.  შპს „მობიტელი“ როგორც ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუქნტით განსაზღვრული მოთხოვნები, საერთაშორისო ზარის განხორციელებისას  გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭირვალედ გადაცემის თაობაზე, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუქნტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ასევე შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, აგრეთვე არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;

5. შპს ,,მობიტელის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევისათვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.   

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს  ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირივ ვალდებულია არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;

„ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ყ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) – გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემაა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს;

„ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ37) ქვეპუნქტის შესაბამისად,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული (ან განცალკევებადი) ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს: გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა;

„ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ13) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის სისტემა არის სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის;

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუქნტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციე­ლების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი;

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულებით“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა, ასევე საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭირვალედ გადაცემის ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს.   შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ არის პასუხისმგებელი, თუ მესამე პირი შეცვლის  ზარის წამომწყები აბონენტის ე.წ. „A“ ნომერს, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს კანონმდებლობა სწორედ ავტორიზებულ პირს აკისრებს ვალდებულებას არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელიბითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა, შეინარჩუნოს ქსელის  დაცულობა, უზრუნველყოს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის („A” ნომერი) იდენტიფიცირება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამომძახებლის იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭირვალედ გადაცემა. აღნიშნული შპს „მობიტელისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მობიტელისათვის“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისათვის არ ყოფილა გამოყენებული სანქცია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპანია უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,მობიტელს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მობიტელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპატამენტს (ნ.ამირიძე) წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „მობიტელისთვის“ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე მონაცემების კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

             კომისიის თავმჯდომარე                           ვახტანგ აბაშიძე

              კომისიის წევრი                                           ელისო  ასანიძე

              კომისიის წევრი                                           კახი ბექაური

              კომისიის წევრი                                           გიორგი ფრუიძე

              კომისიის წევრი                                           მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები