შპს „ბი ემ ფის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 11:35
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015
შპს „ბი ემ ფის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ბი ემ ფი”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6225-15 24/08/2015) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ბი ემ ფი” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;
2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
3.მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალურ/გასართობი);
4. მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, თურქული, აზერბაიჯანული;
5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;
6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
7. მაუწყებლობის დაწყების ვადა: 01.01.2016;
8. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბი ემ ფის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მოთხოვნებს;
2. შპს „ბი ემ ფის” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:
ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს წარმოდგენილ განცხადებაზე არ იყო თანდართული შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/1217-15, 27.08.2015წ.). შპს ”ბი ემ ფიმ” შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 31 აგვისტოს.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ბი ემ ფის” მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ბი ემ ფის” დირექტორი არის ივანე გამრეკელი, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელია ისამ მალიკოვი. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ივანე გამრეკელი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ბი ემ ფის” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირების ივანე გამრეკელის და ისამ მალიკოვის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ივანე გამრეკელის და ისამ მალიკოვის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ბი ემ ფის” და ფიზიკური პირების ივანე გამრეკელის და ისლამ მალიკოვის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ივანე გამრეკელი წარმოადგენს შპს ”VIP TV”-ის 100%-იანი წილის მფლობელს და დირექტორს. შპს ”VIP TV” ფლობს ავტორიზაციას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით სპეციალიზებულ (გასართობ) ტელემაუწყებლობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ბი ემ ფის” დირექტორი, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „ბი ემ ფი” მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს. მან აღნიშნა, რომ მაუწყებლობა განხორციელდება სატელიტის მეშვეობით (”თურქსატი” ან ”აზერსატი”), არხზე არ განთავსდება გადაცემები, იქნება მხოლოდ თანამედროვე და კლასიკური მუსიკა. ტელეარხი გავრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და აუდიტორია იქნება მულტილინგვისტური; მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიისთვის ეს არ იქნება ბიზნესი, ეს იქნება ქველმოქმედება, რომლის მიზანია მოსახლეობაში კულტურის დონის ამაღლება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები ელისო ასანიძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები კახი ბექაური და მერაბ ქათამაძე)
გადაწყვიტა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ბი ემ ფი” შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - სპეციალიზებული (მუსიკალურ/გასართობი);
დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული, რუსული, ინგლისური, თურქული, აზერბაიჯანული;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 24 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 01.01.2016;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები- უფასო;
2. შპს „ბი ემ ფი” ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბი ემ ფისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრ მერაბ ქათამაძის განსხვავებული აზრი:
მერაბ ქათამაძემ განაცხადა, რომ სატელევიზიო ბაზარი უნდა ეფუძნებოდეს სარეკლამო ბაზას. მაუწყებლობა ბიზნეს–მოდელზე უნდა იყოს მორგებული. დღევანდელი სატელევიზიო ბაზარი საქართველოში ბიზნეს–მოდელის შესაბამისად არ არის მოწესრიგებული. საარჩევნო წლის დადგომასთან ერთად გაიზრდება ტელეკომპანიების განცხადებები ავტორიზაციის გავლის თაობაზე. შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ ალტრუისტული მიზნები. მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვა მოდელის შერჩევა მაგალითად სათემო მაუწყებლობა, თუმცა განაცხადი შემოტანილია სპეციალიზებულ მაუწყებლობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ბუნდოვანების გამო შპს „ბი ემ ფის” მაუწყებლად ავტორიზაციას არ ეთანხმება.
კომისიის წევრ კახი ბექაურის განსხვავებული აზრი:
კახი ბექაურმა განაცხადა, რომ საქართველოში შეიცვალა გარემო და ძალიან გამარტივდა მაუწყებლობის ავტორიზაციის პროცესი, რაც სიტყვის თავისუფლებისთვის გაკეთდა. მიაჩნია, რომ მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი, იყოს მომგებიანი ბიზნესი და ფუნქციონირებდეს სარეკლამო შემოსავლებით. პოლიტიკური, ალტრუისტული, საქველმოქმედო თუ სხვა მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაციები დააზიანებს სიტყვის თავისუფლებას და პლურალიზმს, დააზიანებს სარეკლამო ბაზარს, რაც მავნებელი იქნება სწორი და ჯანსაღი კონკურენციისთვის. შესაბამისად ვერ დაუჭერს იმ კომპანიების ავტორიზაციას მხარს, რომლებიც ვერ დაასაბუთებენ, რომ მაუწყებლობა იქნება მათი ბიზნესი.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
