ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 12:24
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2015
ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 24 აგვისტოს რეაგირებისათვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (24.08.15 Nშ-10/6240-15), რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ (ტელეკომპანია „ტაბულა“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა, რაც გულისხმობს, რომ „მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshoping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღმატებოდეს 20%-ს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (24.08.15 Nშ-10/6240-15) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 14 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 17 სექტემბერს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 17 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფრუიძე და იურისტი შოთა თუთბერიძე. აღმსრულებელი დირექტორის გიორგი ფრუიძის განმარტებით, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (ტელეკომპანია „ტაბულა“) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სარეკლამო დროის 20%-იან ლიმიტს იცავს ყოველ ასტრონომიულ საათში და არა ყოველ სამაუწყებლო საათში (სამაუწყებლო საათი - სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18 პუნქტი), რაც მაუწყებლის სამაუწყებლო ბადის დაგეგმვით არის განპირობებული.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (24.08.15 Nშ-10/6240-15);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ 2015 წლის 16-28 ივნისის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგები;
- ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და კომისიის უწყებრივი რეესტრებიდან;
- კომისიის 2015 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 16 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, გამოვლინდა, რომ მაუწყებელი ერთ სამაუწყებლო საათში სამაუწყებლო რეკლამას ანთავსებდა 20%-იანი ლიმიტის დარღვევით, კერძოდ:
16 ივნისი- ერთ სამაუწყებლო საათში - 20:53 05
21:14:35
21:39:32
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 24 წმ
17 ივნისი- ერთ სამაუწყებლო საათში - 20:58:50
21:14:24
21:44:40
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 38 წმ.
22 ივნისი- ერთ სამაუწყებლო საათში - 21:14:25
21:35:32
22:06:12
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 42 წმ.
23 ივნისი- ერთ სამაუწყებლო საათში - 15:28:33
15:58:11
16:12:07
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ 48 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 20:50:10
21:12:06
21:42:56
საერთო ხანგრძლივობა: 14 წთ. 18 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 21:12:06
21:42:56
22:05:17
საერთო ხანგრძლივობა: 14 წთ. 18 წმ.
24 ივნისი - ერთ სამაუწყებლო საათში - 15:21:52
15:58:45
16:11:18
საერთო ხანგრძლივობა: 13 წთ. 47 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 20:53:00
21:12:50
21:43:19
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 38 წმ.
25 ივნისი - ერთ სამაუწყებლო საათში - 15:22:03
15:58:23
16:11:06
საერთო ხანგრძლივობა: 13 წთ 25 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 20:52:15
21:13:22
21:32:42
საერთო ხანგრძლივობა: 13წთ. 26 წმ.
26 ივნისი - ერთ სამაუწყებლო საათში- 15:20:59
15:54:45
16:12:59
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 46 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 20:38:42
20:58:46
21:13:03
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 56 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 22:30:36
23:05:14
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 56 წმ.
27 ივნისი-ერთ სამაუწყებლო საათში- 22:19:30
23:11:18
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 24 წმ.
28 ივნისი - ერთ სამაუწყებლო საათში 13:15:08
14:03:57
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ 49 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 15:21:39
15:58:31
16:11:40
საერთო ხანგრძლივობა: 14 წთ. 06 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 18:26:06
18:59:05
19:12:26
საერთო ხანგრძლივობა: 14 წთ. 06 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 20:15:17
21:12:36
საერთო ხანგრძლივობა: 14 წთ. 06 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 22:20:35
23:13:55
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 46 წმ.
3. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიმართ, ანალოგიური დარღვევისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18) პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო საათი განმარტებულია, როგორც, სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი.
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის 21) პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო დროის 20%-იანი ლიმიტის დარღვევით სამაუწყებლო რეკლამის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც მაუწყებლისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქედან, რომ ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ანალოგიური დარღვევისათვის კომისიიის მიერ გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მაუწყებელი უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს გაფრთხილება ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს თამარ ხუხუნაიშვილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
