წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 580 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2015 10:52

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2015

შპსჯეოსელისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (03.09.2015 Nშ-10/6463-15) სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ქუთათელაძე კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვსიტოს N4/91 ბრძანების საფუძველზე მივლინებულ იქნა ქ.თბილისში მობილურის საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „ჯეოსელის“ ე.წ. „დილერების“ მიერ სააბონენტო სიმ ბარათების საკონტროლო შესყიდვისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით.  აღნიშნული შემოწმების ფარგლებში დავით ქუთათელაძის მიერ ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილისგან“ პირადობის დამატასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით შეძენილ იქნა შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ სიმ ბარათები ნომრებით შპს „ჯეოსელის“ შემთხვევაში - 557598253, შპს „მობიტელის“ შემთხვევაში - 574095926 რაშიც გადახდილ იქნა ჯამში 10 ლარი. როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული ე.წ. „დილერმა“ შეავსო ფორმა დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი მცდარი პერსონალური მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და დავით ქუთათელაძეს გადასცა ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულება დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი აბონენტის მცდარი პერსონალური მონაცემებით. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს დავით ქუთათელაძის მიერ შევსებულ იქნა ბალანსი შპს „ჯეოსელის“ ნომერზე, გააქტიურდა სააბონენტო ნომერი და ზარებს აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან დავით ქუთათელაძე ახორციელებდა ყოველ სამუშაო დღეს. სააბონენტო ნომერი აქტიური იყო ასევე 2015 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობითაც (მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღე).

                მოხსენებით ბარათს თან ერთვის კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვისტოს N4/91 ბრძანება, შპს „ჯეოსელის“ სიმ ბარათი, სააბონენტო ნომრით 557598253,  ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილის“ მიერ გაცემული გადახდის ქვითარი, დავით ქუთათელაძის ამონაწერი სს „ბაზის ბანკის“ ანგარიშიდან სააბონენტო ნომერზე 557598253 3 ლარის ჩარიცხვის თაობაზე.  

               

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების მასალების  საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 11  სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელის“ მიერ  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  24 სექტემბერს 15:00 საათზე,  რის თაობაზეც შპს „ჯეოსელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (11.09.2015 N03/1948-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ კომპანიის პრობლემა, ეს კომპლექსური საკითხია რომელსაც საკანონმდებლო დონეზე რეგულირება სჭირდება. მისი განმარტებით საკანონმდებლო დონეზე არ არის მოთხოვნილი აბონენტის პირადობის მოწმობა ან რაიმე სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებისას, შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის აზრით აღნიშნული საკითხი საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, მათ შორის დილერებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, თუმცა მიუხედავად ავტორიზებული პირების არაერთი მცდელობისა, პრობლემა მაინც რჩება. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ხელშეკრულების გაფორმება ხდება შპს „ჯეოსელის“ ოფისში, ადგილი არ აქვს მსგავსი სახის პრობლემებს, მაგრამ როდესაც სიმ ბარათის რეალიზაციას ახორციელებს დილერი და სწორედ დილერი აფორმებს ხელშეკრულებას აბონენტთან, შპს „ჯეოსელს“ არ აქვს რეალური ბერკეტი იმის გადასამოწმებლად, რამდენად სწორად ასახა დილერმა ხელშეკრულებაში აბონენტის მონაცემები. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც კომპანიები გამოთქვამენ მზადყოფნას და სურვილს აღნიშნული პრობლემური საკითხის მოგვარების მიზნით, მას არ მიაჩნია სწორად, როდესაც კომისიის მხრიდან ხდება უფლებამოსილების გამოყენება სანქცირების კუთხით.  მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N342/18 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯეოსელს“ დაეკისრა გაფრთხილება ანალოგიური სახის დარღევისთვის, კომპანიის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება სასამართლოში სარჩელის შეტანისთანავე ავტომატურად შეჩერებულია, რასაც არ სჭირდება სასამართლოს მიერ დამატებითი განჩინების გამოცემა, შესაბამისად, გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ფაქტი კომისიას ართმევს უფლებამოსილებას შპს „ჯეოსელის“ მიმართ გამოიყენოს ფულადი სახის სანქცია.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის Nშ-10/6463-15 მოხსენებითი ბარათი;

2. კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვისტოს N4/91 ბრძანება;

3. შპს „ჯეოსელის“ სიმ ბარათი, სააბონენტო ნომრით 557598253;

4.ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილის“ მიერ გაცემული გადახდის ქვითარი;

5.დავით ქუთათელაძის ამონაწერი სს „ბაზის ბანკის“ ანგარიშიდან სააბონენტო ნომერზე 557598253 3 ლარის ჩარიცხვის თაობაზე.  

6. დეტალური ამონაწერი განხორციელებული ზარების თაობაზე დავით ქუთათელაძის სააბონენტო ნომერზე;

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

8. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

 ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,ჯეოსელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 09.03.2006. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);

2. 2015 წლის 24 აგვისტოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ქუთათელაძე, კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვსიტოს N4/91 ბრძანების საფუძველზე მივლინებულ იქნა ქ.თბილისში მობილურის საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „ჯეოსელის“ ე.წ. „დილერების“ მიერ სააბონენტო სიმ ბარათების საკონტროლო შესყიდვისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით.  აღნიშნული შემოწმების ფარგლებში დავით ქუთათელაძის მიერ ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილისგან“ პირადობის დამატასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით შეძენილ იქნა შპს „ჯეოსელის“ სიმ ბარათი ნომრით 557598253 და შპს „მობიტელის“ სიმ ბარათი ნომრით 574095926, ჯამში გადახდილ იქნა 10 ლარი. ე.წ. „დილერის“ მიერ შევსებულ იქნა ფორმა დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი მცდარი პერსონალური მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და დავით ქუთათელაძეს გადასცა ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულება დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი აბონენტის მცდარი პერსონალური მონაცემებით. 2015 წლის 26 აგვისტოს დავით ქუთათელაძის მიერ შევსებულ იქნა ბალანსი შპს „ჯეოსელის“ ნომერზე, გააქტიურდა სააბონენტო ნომერი და ზარებს აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან დავით ქუთათელაძე ახორციელებდა ყოველ სამუშაო დღეს. სააბონენტო ნომერი აქტიური იყო ასევე 2015 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობითაც (მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღე).

3. დავით ქუთათელაძესთვის გადაცემულ ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულებაში მითითებულია ფიზიკური პირის სახელი და გვარი - გიორგი ლომაძე; დაბადების თარიღი -15.07.1948; პირადი N01018007504; მისამართი -  თბილისი, წყალტუბოს ქ.N18. ხელშეკრულებას თანდართული არ აქვს არანაირი დანართი;

4. შპს „ჯეოსელის“ მიმართ, კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N342/18 გადაწყვეტილებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ მე-105 მუხლი პირველი პუნქტის დარღვევის გამო სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.

5. შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N342/18 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;

გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;

დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; 

ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;

ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;

ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;

თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.

შპს „ჯეოსელის“ სააბონენტო ნომრის შეძენის შემდეგ, აბონენტ დავით ქუთათელაძისთვის გადაცემულ ე.წ. „ხელშეკრულებაში“ გარდა იმისა, რომ მითითებულია აბონენტის მცდარი, არასწორი მონაცემები, თავად ხელშეკრულება არ ითვალისწინებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისიწნებულ მონაცემებს, ამავე დროს, ხელშეკრულებას ხელს არ აწერს არც კომპანიის წარმომადგენელი და არც დილერი, ან მისი წარმომადგენელი, ხელშეკრულების ფორმაში აღნიშნულია, რომ „აბონენტი ხელშეკრულებით ადასტურებს, რომ იგი სრულად იცნობს და ეთანხმება როგორც „სააბონენტო ხელშეკრულებას“ ასევე მისი დანართ(ებ)ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებულ ყველა პირობას“. დავით ქუთათელაძისთვის გადაცემულ სააბონენტო ხელშეკრულებას თანდართული არ აქვს არანაირი დანართი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი აქვს სათანადოდ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „ჯეოსელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი,  რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯეოსელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებულ იქნა გაფრთხილება კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N342/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიმართ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი აღემატება 30,000 ლარს (კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის Nშ-10/7193-15 სამსახურებრივი ბარათი), შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 30,000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“  ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ არგუმენტაცია, რომ კომპანია ვერ აკონტროლებს ე.წ. „დილერების“ მიერ გაყიდული ნომრების შემთხვევაში აბონენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში აბონენტების პერსონალური მონაცემების სისწორეს, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან კანონმდებლობა სწორედ ავტორიზებული პირს აკისრებს აბონენტებთან როგორც ხელშეკრულების გაფორმების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორის შემოწმების ვალდებულებას.  რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებისას პირადობის მოწმობის ან პირის მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტის მოთხოვნას, კომისია განმარტავს, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელსა და აბონენტს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულების სუბიექტებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი და მეორე მხრივ, აბონენტი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, შესაბამისად, თავად ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე ხელშეკრულება ვერ გაფორმდება აბსტრაქტულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან, რომელსაც არ აქვს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, ხოლო ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს მისი პირადობის მოწმობის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის (პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ა.შ) საფუძველზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ თავად აბონენტთან გაფორმებულ ყველა ხელშეკრულებას (მიუხედავად იმისა ამ ხელშეკრულების გაფორმება ხდება ავტორიზებული პირის ოფისში, თუ რეალიზაციის სხვა ნებისმიერ ადგილას) თანდართული უნდა ჰქონდეს აბონენტის პირადობის მოწმობის ან მისი პერსონალური მონაცემების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არარსებული პირადი ნომრის მიხედვით ხელშეკულების გაფორმებას; შესაბამისად, როდესაც აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება დილერის მიერ და შემდგომში ეს ხელშეკრულებები გადაეცემა ავტორიზებულ პირს, პირადობის მოწმობის, ან სხვა მაიდენტიდიფირებელი დოკუმენტის ასლის თანდართვის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს ექნება შესაძლებლობა პირადობის მოწმობის, ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლის მონაცემების მიხედვით გადაამოწმოს ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორე; კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აბონენტის მონაცემების სისწორის გადამოწმება პირადობის მოწმობაში გათვალისწინებული პირადი ნომრის მეშვეობით შესაძლებელია  ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდიდანაც http://rs.ge/5924; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ჯეოსელს“ აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა და აბონენტებთან წერილობითი ხელშეკრულებების გაფორმება.

რაც შეეხება შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის განმარტებას, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი შპს „ჯეოსელის“ მიმართ გამოიყენოს სანქციის სახით ჯარიმა იმავე სახის დარღვევისთვის, რა დარღვევისთვისაც შპს „ჯეოსელს“ უკვე მიეცა გაფრთხილება კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N342/18 გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და შესაბამისად, მისი მოქმედება შეჩერებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი საფუძველზე ავტომატურად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N342/18 გადაწყეტილება, რომლითაც კომპანიას მიეცა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, მართლაც გასაჩივრებულ იქნა შპს „ჯეოსელის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომისიაში 2015 წლის 3 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ5/5470-15) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის მიერ გადმოგზავნილ იქნა შპს „ჯეოსელის“ სარჩელი თანდართული წარმოების მასალებით. აღნიშნული სარჩელის შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ მიერ სასამართლოში არ არის დაყენებული შუამდგომლობა კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე დროს, კომისიაში შპს „ჯეოსელის“ მიერ არ არის წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შესაბამისი განჩინება, რომლითად დადასტურდებოდა, რომ  კომისიის 2015 წლის  11 ივნისის N342/18 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერებულია სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით; აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასამართლოს განჩინება) კომისიაში არ არის გადმოგზავნილი არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის მსჯელობას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი სასამართლოში ავტომატურად აჩერებს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედებას და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ არის აუცილებელი სასამართლოს მიერ დამატებითი მსჯელობა და შესაბამისი განჩინების გამოცემა. კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება დაკავშირებულია ისეთ საპროცესო მოქმედებასთან, როგორიც არის სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება, მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის წარმოებაში მიღების ფაქტი ავტომატურად ვერ შეაჩერებს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედებას, თუ აღნიშნულის თაობაზე მითითებული არ არის  სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლოს შესაბამის განჩინებაში.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს იმ პირობებს, რა პირობების არსებობის დროსაც არ ჩერდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, შესაბამისად, სარჩელის წარმოებაში მიღების დროს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ხომ არ არის სახეზე  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალწინებული საფუძვლები, რომელიც გამორიცხავს აქტის მოქმედების შეჩერებას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა, შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება შეჩერებულ იქნა, არ ეცნობა აღნიშნულის თაობაზე და არ ჩაბარდა სასამართლოს განჩინება სადაც მითითებული იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ ექნება საშუალება გაასაჩივროს სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის აღიარებულ და გარანტირებულ სასამართლო წესით გასაჩივრების უფლების რეალიზაციასთან.

კომისია აცნობიერებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და  ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებულია პირის  ინტერესების უზრუნველმყოფი  მექანიზმები, რომელთა შორისაც არის ადმინისტრაციული სამართლის ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა „სუსპენზიური ეფექტი“, რითაც კანონმდებელი ამკვიდრებს, ანუ აღიარებს მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის მეშვეობით დავის წარმოშობის პირობებში მათი კანონიერების შემოწმებამდე უზრუნველყოს კერძო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. სუსპენზიური ეფექტი წარმოადგენს უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებას, რომლის მეშვეობით ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის შეტანა იწვევს სამართლებრივ შედეგს - სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას[1], თუმცა, კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალში დამკვიდრებული და აღიარებული კერძო ინტერესების დაცვის აღნიშნული გარანტია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არ უნდა გახდეს დამრღვევის პირისთვის ერთგვარი იმუნიტეტი, რომელიც გაათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ სამართალში აღიარებულ ე.წ. „სუსპენზიური ეფექტი“ განხილული იქნება იმგვარად, რომ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე კომისია არ არის უფლებამოსილი ავტორიზებული პირის მიერ ამ პერიოდში ახალი იგივე/მსგავსი შინარსის სამართალდარღვევის ჩადენის ან/და იგივე დარღვევის განგრძობის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, მივიღებთ შემდეგ რეალობას: თუ კომისიას არ ექნება საშუალება დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს „ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ის სახეები, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი (გაფრთილება, ჯარიამა) მანამ, სანამ არ დამთავრდება კონკრეტული დავა სასამართლოში (რომელიც თავის მხრივ, სამივე ინსტანციაში საკითხის განხილვის გათვალისწინებით შესაძლებელია წლებიც კი გაგრძელდეს) ადმინისტრაციული ორგანო - კომისია, რომელსაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, დაკისრებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვის, ასევე ავტორიზებული პირების საქმიანობის საქართველოს კანონდებმლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობისა და კონტროლი ვალდებულება, ვერ შეძლებს მისი კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას და დამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენებას, რასაც თავის მხრივ არა მხოლოდ დარღვევის აღკვეთის, არამედ პრევენციული ფუნქცია გააჩნია და მიზნად ისახავს არამხოლოდ დამრღვევი პირის დასჯას და კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრას, არამედ შემდგომი დარღვევების თავიდან აცილებასა და პრევენციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიჩნია, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ გახდება ერთი მხრივ დარღვევის განგრძობის ან ახალი მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენის ლეგიტიმური უფლების წარმოშობის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის ფუნქცია („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლები).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ დაბრკოლებს კომისიის მიერ მისი კანონისმიერი ფუნქციების შესრულებას და ავტორიზებული პირების მიმართ, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სანქციების დაკისრებას იმ პირობებისა და თანმიმდვრობის გათვალისწინებით, რაც მოცემულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში.  საგულისხმოა ასევე ისიც, რომ გაფრთხილება წარმოადგენს არამატერიალური ნეგატიური ზემოქმედების ფორმას, რომელიც გამოცხადებისთანავე აღსრულებულია, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების ნაწილში (კომისიის 2015 წლის  11 ივნისის N342/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვერ შეჩერდება.

ამავე დროს, კომისიას გაცნობიერებული აქვს ის გარემოებაც, რომ თუ სასამართლოს მიერ კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნობილ იქნება ბათილად, დღის წესრიგში დადგება აღნიშნული სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შედეგის საფუძველზე კომისიის მიერ შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის საკითხი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემულ სააბონენტო ნომრებს იყენებენ ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. ,,სიმ ბოქსები“), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც მომსახურების მიმწოდებელს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან სათანადო ფორმით გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების დადება, არამხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით  გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლებთან სათანადო ფორმით დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სწორედ დარღევის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მხრიდან მსგავსი სახის დარღვევის გაგრძელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისთვის, ვინაიდან აღსრულების გადადების შემთხვევაში დღის წესრგიში შესაძლოა დადგეს ავტორიზებული პირის მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის პერმანენტული მდგომარეობა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე და 165-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ჯეოსელს” დაეკისროს ჯარიმა 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

 ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

 ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

3.    უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს „ჯეოსელმა“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლისა და და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ბოლო მომხმარებელთან (აბონენტებთან) სათანადოდ გაფორმებული  წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე; 

5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).    

                კომისიის თავმჯდომარე              ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                              ელისო ასანიძე

                კომისიის წევრი                              კახი ბექაური

                კომისიის წევრი                              გიორგი ფრუიძე

                კომისიის წევრი                              მერაბ ქათამაძე

 

                                                                                               



[1] იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 28.05.2013 საქმე საქმე №ბს-122-115 (2კ-13) 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები