შპს „მობიტელისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2016 18:41
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2015
შპს „მობიტელისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის საჯარო სხდომაზე, სადაც განიხილებოდა შპს „მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხი (სხდომის ოქმი N67) მის მიერ ერთის მხრივ, როგორც „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულებით“, განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ხოლო მეორეს მხრივ შპს „მობიტელის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება N552/18) შპს „მობიტელის“ გაფრთხილების შესახებ, მის მიერ საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრების გამჭირვალედ გადაცემასთან დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხოლო რაც შეეხება სააბონენტო ნომრის მფლობელ მომხმარებელთან სათანადო წერილობითი ფორმის გარეშე სატელეფონო მომსახურების მიწოდების საკითხს, კომისიას 10 სექტემბრის სხდომაზე არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე და საკითხის განხივლა გადატანილ იქნა 2015 წლის 24 სექტემბრისათვის, ვინაიდან მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა, ე.წ „დილერების“ მიერ შპს „მობიტელის“ სააბონენტო სიმ ბარათების რეალიზაციისას საკონტროლო შესყიდვა და კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის N10/6463-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (მოხსენებით ბარათს თან ერთვის კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვისტოს N4/91 ბრძანება, შპს „მობიტელის“ სიმ ბარათი, სააბონენტო ნომრით 574095926, ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილის“ მიერ გაცემული გადახდის ქვითარი და სააბონენტო ხელშეკრულება). აღნიშნული მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 24 აგვისტოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ქუთათელაძე კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვსიტოს N4/91 ბრძანების საფუძველზე მივლინებულ იქნა ქ.თბილისში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „მობიტელის“ ე.წ. „დილერების“ მიერ სააბონენტო სიმ ბარათების საკონტროლო შესყიდვისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში დავით ქუთათელაძის მიერ ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილისგან“ პირადობის დამატასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით შეძენილ იქნა შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ სიმ ბარათები ნომრებით შპს „ჯეოსელის“ შემთხვევაში - 557598253, შპს „მობიტელის“ შემთხვევაში - 574095926, რაშიც გადახდილ იქნა ჯამში 10 ლარი. როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ე.წ. „დილერმა“ შეავსო ფორმა დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახები მცდარი პერსონალური მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და დავით ქუთათელაძეს გადასცა ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულება დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი აბონენტის მცდარი პერსონალური მონაცემებით. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს დავით ქუთათელაძის მიერ გააქტიურდა სააბონენტო ნომერი (ნომერზე დარიცხული იყო 1 ლარი) და ზარებს აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან დავით ქუთათელაძე ახორციელებდა ყოველ სამუშაო დღეს საკუთარ მობილურ ნომერზე (577488878). სააბონენტო ნომერი აქტიური იყო ასევე 2015 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობითაც (მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღე). შესაბამისად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის დარღვევას.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მობიტელისათვის“ არ იყო გადაგზავნილი საკონტროლო შესყიდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო შპს „მობიტელის“ როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის უფლება, განსაზღვრული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით (ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება) და მხარეს მისცემოდა შესაძლებლობა წარმოედგინა პოზიცია და შესაბამისი არგუმენტაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „მობიტელი“ კომისიის 10 სექტემბრის სხდომაზე გაფრთხილდა და მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელს ირაკლი ესართიას გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამეტნის მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია, რომელმაც განმარტა, რომ შპს „მობიტელს“ კომისიაში უნდა წარმოედგინა სააბონენტო ნომრების: 568830364 , 568832928, 568832532, 597924634, 597923976, 592239007, 568830755, 574066639, 574058034, 592237368, 592062346, 597922398, 574800764, 579097011 მფლობელ მომხმარებლებთან, სათანადო წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებები, მაგრამ ვერ შეძლო აღნიშნულის წარმოდგენა იმის გამო, რომ დილერებს, რომლებმაც განახორციელეს ნომრების რეალიზაცია შპს „მობიტელისათვის“ სააბონენტო ხელშეკრულებები არ მიუწოდებიათ. ირაკლი ესართიამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება, ვინაიდან ეს საკითხი არა არის მხოლოდ კომპანიის პრობლემა, ეს კომპლექსური საკითხია რომელსაც საკანონმდებლო დონეზე რეგულირება სჭირდება.
კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მობიტელს“ დაეკისრა გაფრთხილება ანალოგიური სახის დარღვევისათვის, კომპანიის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, აღნიშნულის თაობაზე კომისიაში გადმოგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინება (საქმის ნომერი N3/5783-15) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, დავის სასამართლოში გადაწყვეტამდე შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება. შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გასაჩივრებული იქნა აღნიშნული განჩინება; შუამდგომლობა კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილების შეჩერების გაუქმების თაობაზე თბილისის საქალაქო საასმართლომ დააკმაყოფილა, თუმცა შპს „მობიტელს“ აქვს უფლება კერძო საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12 დღის განმავლობაში, რაც ირაკლი ესართიას განმარტებით, შპს „მობიტელმა“ განახორციელა და შესაბამისად, კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა დღეის მდგომარეობით შეჩერებულია, რაც კომისიას ართმევს უფლებამოსილებას შპს „მობიტელის“ მიმართ გამოიყენოს ფულადი სახის სანქცია.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის Nშ-10/6463-15 მოხსენებითი ბარათი;
2. კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვისტოს N4/91 ბრძანება;
3. შპს „მობიტელის“ სიმ ბარათი, სააბონენტო ნომრით 574095926;
4. ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილის“ მიერ გაცემული გადახდის ქვითარი;
5. დეტალური ამონაწერი განხორციელებული ზარების თაობაზე დავით ქუთათელაძის სააბონენტო ნომერზე;
6. კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს წერილი გაგზავნილი შპს „მობიტელისათვის“ სააბონენტო ნომრების მფლობელ მომხმარებლებთან წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით და ამ წერილის შპს „მობიტელისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი;
7. 2015 წლის 19 აგვისტოს კომისიის აპარტის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N10/6056-15 შპს „მობიტელის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის ოდენობაზე;
8. კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის N552/18 გადაწყვეტილება შპს „მობიტელის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
9. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
10. 2015 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განჩინება (საქმე N3/5783-15);
11. 2015 წლის 11 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განჩინება (საქმე N3/5783-15);
12. შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული 2015 წლის 24 სექტემბრის კომისიის სხდომაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,მობიტელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მონაცემთა გადაცემა; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);
- კომისიამ 2015 წლის 13 აგვისტოს წერილით მიმართა შპს ,,მობიტელს“ და მოსთხოვა, 2015 წლის 20 აგვისტომდე, წარმოედგინა 2015 წლის 3 აგვისტოს N10/336-12 სამსახურებრივ ბარათში მითითებულ სააბონენტო ნომრების: 568830364 , 568832928, 568832532, 597924634, 597923976, 592239007, 568830755, 574066639, 574058034, 592237368, 592062346, 597922398, 574800764, 579097011 მფლობელ მომხმარებლებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სათანადო წერილობითი ფორმით გაფრომებული ხელშეკრულებები;
- 2015 წლის 24 აგვისტოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ქუთათელაძე, კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 აგვსიტოს N4/91 ბრძანების საფუძველზე მივლინებულ იქნა ქ.თბილისში მობილურის საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „მობიტელის“ ე.წ. „დილერების“ მიერ სააბონენტო სიმ ბარათების საკონტროლო შესყიდვისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში დავით ქუთათელაძის მიერ ინდ.მეწარმე „გელა ბეჟიტაშვილისგან“ პირადობის დამატასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით შეძენილ იქნა შპს „ჯეოსელის“ სიმ ბარათი ნომრით 557598253 და შპს „მობიტელის“ სიმ ბარათი ნომრით 574095926, ჯამში გადახდილ იქნა 10 ლარი. ე.წ. „დილერის“ მიერ შევსებულ იქნა დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი მცდარი პერსონალური მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და დავით ქუთათელაძეს გადაეცა ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულება დავით ქუთათელაძის მიერ ნაკარნახევი აბონენტის მცდარი პერსონალური მონაცემებით. 2015 წლის 26 აგვისტოს დავით ქუთათელაძის მიერ გააქტიურდა სააბონენტო ნომერი, რომელზეც დარიცხუილ იყო ერთი ლარი და ზარებს აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან დავით ქუთათელაძე პირად ნომერზე (577488878) ახორციელებდა ყოველ სამუშაო დღეს. სააბონენტო ნომერი აქტიური იყო ასევე 2015 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობითაც (მოხსენებითი ბარათის წარდგენის დღე).
- დავით ქუთათელაძესთვის გადაცემულ ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულებაში მითითებულია ფიზიკური პირის სახელი და გვარი - გიორგი ლომაძე; დაბადების თარიღი -15.07.1948; პირადი N01018007504; მისამართი - თბილისი, წყალტუბოს ქ.N18. ხელშეკრულებას თანდართული არ აქვს არანაირი დანართი;
- შპს „მობიტელმა“ 2015 წლის 24 სექტემბრის სხოდმაზე ვერ წარმოადგინა ვერცერთ სატელეფონო ნომრებზე სააბონენტო ხელშეკრულებები. კომპანიის განმარტებით 2015 წლის 3 აგვისტოს N10/336-12 სამსახურებრივ ბარათში მითითებულ სააბონენტო ნომრები (568830364 , 568832928, 568832532, 597924634, 597923976, 592239007, 568830755, 574066639, 574058034, 592237368, 592062346, 597922398, 574800764, 579097011) დილერების მიერ იყო გაყიდული და სააბონენტო ხელშეკრულებები შპს „მობიტელისთვის“ არ მიუწოდებიათ;
- შპს „მობიტელის“ მიმართ, კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუქნტის, მე-19 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.
- შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედება, სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებით (საქმის ნომერი N3/5783-15), შეჩერებული იქნა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
- 2015 წლის 9 სექტემბერს, კომისიამ, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით. კომისიის შუამდგომლობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით (საქმის ნომერი N3/5783-15) დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;
ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;
გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;
დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;
ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;
ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;
თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.
4. შპს „მობიტელის“ სააბონენტო ნომრის შეძენის შემდეგ, აბონენტ დავით ქუთათელაძისათვის გადაცემულ ე.წ. „ხელშეკრულებაში“ გარდა იმისა, რომ მითითებულია აბონენტის მცდარი, არასწორი მონაცემები, თავად ხელშეკრულება არ ითვალისწინებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს, ამავე დროს, ხელშეკრულებას ხელს არ აწერს არც კომპანიის და არც დილერის წარმომადგენელი, ხელშეკრულების ფორმაში აღნიშნულია, რომ „აბონენტი ხელშეკრულებით ადასტურებს, რომ იგი სრულად იცნობს და ეთანხმება როგორც „სააბონენტო ხელშეკრულებას“, ასევე მისი დანართ(ებ)ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებულ ყველა პირობას. დავით ქუთათელაძისათვის გადაცემულ სააბონენტო ხელშეკრულებას თანადრთული არ აქვს არანაირი დანართი. ამავე დროს, შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში ვერ იქნა წარმოდგენილი სააბონენტო ნომრებზე (568830364 , 568832928, 568832532, 597924634, 597923976, 592239007, 568830755, 574066639, 574058034, 592237368, 592062346, 597922398, 574800764, 579097011) მომხმარებლებთან გაფრომებული წერილობით ხელშეკრულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან ადგილი აქვს სათანადოდ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებების გარეშე მომხმარებლებისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მობიტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებულ იქნა გაფრთხილება კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილებით, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი აღემატება 30,000 ლარს (კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 19.08.2015; N10/6056-15 სამსახურებრივი ბარათი), შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 30,000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევს ავტორიზებულ პირს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ არგუმენტაცია, რომ კომპანია ვერ აკონტროლებს ე.წ. „დილერების“ მიერ გაყიდული ნომრების შემთხვევაში აბონენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში აბონენტების პერსონალური მონაცემების სისწორეს, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან კანონმდებლობა სწორედ ავტორიზებული პირს აკისრებს აბონენტებთან როგორც ხელშეკრულების გაფორმების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორის შემოწმების ვალდებულებას. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებისას პირადობის მოწმობის ან პირის მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტის მოთხოვნას, კომისია განმარტავს რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელსა და აბონენტს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულების სუბიექტებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი და მეორე მხრივ, აბონენტი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, შესაბამისად, თავად ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე ხელშეკრულება ვერ გაფორმდება აბსტრაქტულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან, რომელსაც არ აქვს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, ხოლო ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს მისი პირადობის მოწმობის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის (პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ა.შ) საფუძველზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ თავად აბონენტთან გაფორმებულ ყველა ხელშეკრულებას (მიუხედავად იმისა ამ ხელშეკრულების გაფორმება ხდება ავტორიზებული პირის ოფისში, თუ რეალიზაციის სხვა ნებისმიერ ადგილას) თანდართული რომ ჰქონდეს აბონენტის პირადობის მოწმობის ან მისი პერსონალური მონაცემების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ეს თავის მხრივ გამორიცხავს არარსებული პირადი ნომრის მიხედვით ხელშეკულების გაფორმებას; შესაბამისად, როდესაც აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება დილერის მიერ და შემდგომში ეს ხელშეკრულებები გადაეცემა ავტორიზებულ პირს, პირადობის მოწმობის, ან სხვა მაიდენტიდიფირებელი დოკუმენტის ასლის თანდართვის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს ექნება შესაძლებლობა პირადობის მოწმობის, ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლის მონაცემების მიხედვით გადაამოწმოს ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორე; კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აბონენტის მონაცემების სისწორის გადამოწმება პირადობის მოწმობაში გათვალისწინებული პირადი ნომრის მეშვეობით შესაძლებელია ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდიდანაც http://rs.ge/5924; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „მობიტელს“ აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა და აბონენტებთან წერილობითი ხელშეკრულებების გაფორმება.
რაც შეეხება შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის განმარტებას, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი შპს „მობიტელის“ მიმართ გამოიყენოს სანქციის სახით ჯარიმა იმავე სახის დარღვევისთვის, რა დარღვევისთვისაც შპს „მობიტელს“ უკვე მიეცა გაფრთხილება კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შეჩერების გაუქმების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და შესაბამისად, მისი მოქმედება შეჩერებულია იქამდე სანამ სასამართლო გადაწვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყეტილება, რომლითაც კომპანიას მიეცა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, მართლაც გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომისიაში 2015 წლის 27 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ5/6480-15) გადმოგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინება (საქმე N3/5783-15) კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე. აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით 2015 წლის 9 სექტემბერს კომისიის მიერ იქნა წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის შუამდგომლობა 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილების შეჩერების გაუქმების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით იქნა დაკმაყოფილებული. შპს „მობიტელის“ განმარტებით, კომპანიის მიერ გასაჩივრებული იქნა კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვტილების მოქმედების შეჩერების გაუქმებაზე სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება (საქმე N3/5783-15) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (აღსანიშნავია, რომ კომისიაში არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნული განჩინების გასაჩივრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი).
კომისია აცნობიერებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებულია პირის ინტერესების უზრუნველმყოფი მექანიზმები, რომელთა შორისაც არის ადმინისტრაციული სამართლის ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა „სუსპენზიური ეფექტი“, რითაც კანონმდებელი ამკვიდრებს, ანუ აღიარებს მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის მეშვეობით დავის წარმოშობის პირობებში მათი კანონიერების შემოწმებამდე უზრუნველყოს კერძო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. სუსპენზიური ეფექტი წარმოადგენს უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებას, რომლის მეშვეობით ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის შეტანა იწვევს სამართლებრივ შედეგს - სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას[1], თუმცა, კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალში დამკვიდრებული და აღიარებული კერძო ინტერესების დაცვის აღნიშნული გარანტია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არ უნდა გახდეს დამრღვევის პირისთვის ერთგვარი იმუნიტეტი, რომელიც გაათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ სამართალში აღიარებულ ე.წ. „სუსპენზიური ეფექტი“ განხილული იქნება იმგვარად, რომ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე კომისია არ არის უფლებამოსილი ავტორიზებული პირის მიერ ამ პერიოდში ახალი იგივე/მსგავსი შინარსის სამართალდარღვევის ჩადენის ან/და იგივე დარღვევის განგრძობის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, მივიღებს შემდეგ რეალობას: თუ კომისიას არ ექნება საშუალება დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს „ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ის სახეები, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი (გაფრთილება, ჯარიმა) მანამ სანამ არ დამთავრდება კონკრეტული დავა სასამართლოში (რომელიც თავის მხრივ, სამივე ინსტანციაში საკითხის განხილვის გათვალისწინებით შესაძლებელია წლებიც კი გაგრძელდეს) ადმინისტრაციული ორგანო - კომისია, რომელსაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, დაკისრებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, ასევე ავტორიზებული პირების საქმიანობის საქართველოს კანონდებმლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობისა და კონტროლი ვალდებულება, ვერ შეძლებს მისი კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას და დამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენებას, რასაც თავის მხრივ არა მხოლოდ დარღვევის აღკვეთის, არამედ პრევენციული ფუნქცია გააჩნია და მიზნად ისახავს არამხოლოდ დამრღვევი პირის დასჯას და კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრას, არამედ შემდგომი დარღვევების თავიდან აცილებასა და პრევენციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიჩნია, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ გახდება ერთი მხრივ დარღვევის განგრძობის ან ახალი მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენის ლეგიტიმური უფლების წარმოშობის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის ფუნქცია („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლები).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ დაბრკოლებს კომისიის მიერ მისი კანონისმიერი ფუნქციების შესრულებას და ავტორიზებული პირების მიმართ, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სანქციების დაკისრებას იმ პირობებისა და თანმიმდვრობის გათვალისწინებით, რაც მოცემულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ გაფრთხილება წარმოადგენს არამატერიალური ნეგატიური ზემოქმედების ფორმას, რომელიც გამოცხადებისთანავე აღსრულებულია, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, გაფრთხილების ნაწილში (კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N341/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვერ შეჩერდება.
ამავე დროს, კომისიას გაცნობიერებული აქვს ის გარემოებაც, რომ თუ სასამართლოს მიერ კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნობილ იქნება ბათილად, დღის წესრიგში დადგება აღნიშნული სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შედეგის საფუძველზე კომისიის მიერ შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის საკითხი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემულ სააბონენტო ნომრებს იყენებენ ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. ,,სიმ ბოქსები“), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც მომსახურების მიმწოდებელს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან სათანადო ფორმით გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების დადება, არამხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლებთან სათანადო ფორმით დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სწორედ დარღევის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მხრიდან მსგავსი სახის დარღვევის გაგრძელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისთვის, ვინაიდან აღსრულების გადადების შემთხვევაში დღის წესრგიში შესაძლოა დადგეს ავტორიზებული პირის მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის პერმანენტული მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მობიტელს” დაეკისროს ჯარიმა 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „მობიტელმა“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ბოლო მომხმარებელთან (აბონენტებთან) სათანადოდ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე;
5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „მობიტელისათვის“ ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თანავე;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მობიტელისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ამირიძე) შპს „მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისათვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
[1] იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 28.05.2013 საქმე საქმე №ბს-122-115 (2კ-13)
