წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეკომპანია თბილისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 583 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2015 12:32

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2015

შპს ,,ტელეკომპანია თბილისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 24 აგვისტოს რეაგირებისათვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (24.08.15 Nშ-10/6241-15), რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ („Music Box“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, „მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshoping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღმატებოდეს 20%-ს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (24.08.15 Nშ-10/6241-15) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 14 სექტემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია თბილისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 17 სექტემბერს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტელეკომპანია თბილისს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

 2015 წლის 17 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“  წარმომადგენელი  ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა საკითხის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ კომპანიის წარმომადგენელი სრულად არ იცნობდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და შესაბამისად მას ესაჭიროებოდა დრო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის წარმოსადგენად. კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დააკმაყოფილა  შპს „ტელეკომპანია თბილისის“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2015 წლის 24 სექტემბერს,  15:00 საათზე.

კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია თბილისის“ წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისისაში რეგისტრაციის:22.09.2015; N6/7103-15), რომლის შესაბამისადაც, შპს „ტელეკომპანია თბილისი“ ადასტურებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევას. ირაკლი ჩხიკვაძემ კომისიის სხდომაზე აგრეთვე განაცხადა, რომ კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევა აღმოფხვრილია და კომპანია კანონით დადგენილი წესით ახორციელებს რეკლამის განთავსებას ეთერში.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (24.08.15 Nშ-10/6241-15);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით  ჩატარებული შპს „ტელეკომპანია თბილისის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგები;
  3. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და  კომისიის უწყებრივი რეესტრებიდან;
  4. შპს „ტელეკომპანია თბილისის“ 2015 წლის 22 სექტემბრის  N45/09-01 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის:22.09.2015; N6/7103-15);
  5. კომისიის 2015 წლის 17 და 24 სექტემბრის სხდომებზე შპს ,,ტელეკომპანია თბილისის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა განმარტებები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს ,,ტელეკომპანია თბილისი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის თანახმად გამოვლინდა, რომ მაუწყებელი ერთ სამაუწყებლო საათში სამაუწყებლო რეკლამას ანთავსებდა 20%-იანი ლიმიტის დარღვევით, კერძოდ:

29 ივნისი - ერთ სამაუწყებლო საათში       09:15:13

                                                                            09:35:09

                                                                            09:50:35

                                                                            09:59:38

                                                                            10:11:33

საერთო ხანგრძლივობა:                               14 წთ. 31 წმ.

30 ივნისი- ერთ სამაუწყებლო საათში        09:25:30

                                                                            09:33:36

                                                                            09:52:10

                                                                           10:14:46

საერთო ხანგრძლივობა:                             14 წთ. 51 წმ.

ერთ სამაუწყებლო საათში                          12:26:49

                                                                          12:53:59

                                                                          13:14:28

საერთო ხანგრძლივობა:                             12 წთ. 44 წმ.

ერთ სამაუწყებლო საათში                          15:24:14

                                                                          15:39:37

                                                                          15:51:39

                                                                          16:12:54

საერთო ხანგრძლივობა                              12 წთ. 43 წმ.

1 ივლისი - ერთ სამაუწყებლო საათში      12:20:19

                                                                          12:32:13

                                                                          12:53:56

                                                                          13:13:04

საერთო ხანგრძლივობა:                              12 წთ. 43 წმ.

3. შპს ,,ტელეკომპანია თბილისის“ მიმართ, ანალოგიური დარღვევისათვის  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე.
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18) პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო საათი განმარტებულია, როგორც, სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი.
  4.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს;
  5. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 21  პუნქტის თანახმად,  სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო დროის 20%-იანი ლიმიტის დარღვევით სამაუწყებლო რეკლამის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც მაუწყებლისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქედან, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიმართ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ანალოგიური დარღვევისათვის კომისიიის მიერ გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მაუწყებელი უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე,  99-ე მუხლების,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18) ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და  71-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14  და მე15 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,ტელეკომპანია თბილისს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია თბილისისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესრში შეტანა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია თბილისისათვის“  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ტელეკომპანია თბილისისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2  პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის  წევრები:                        ელისო ასანიძე

                                                           გიორგი ფრუიძე

                                                           მერაბ ქათამაძე

                                                   კახი    ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები