წვდომის მენიუ

შპს ,,რადიო იმედის“ წინააღმდეგ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 612 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2015 17:11

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2015

შპს ,,რადიო იმედის“ წინააღმდეგ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“  განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 21 მუხლის თანახმად, “თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, რომ არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მოწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.” ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა რეკლამის შესახებ საკანონდმებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 ოქტომბერს კომისიას განცხადებით მიმართა სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“  შპს „რადიო იმედის“ მიერ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ სოციალური სარეკლამო რგოლების თავის ეთერში განთავსებაზე უარის თქმის გამო კომისიის მიერ აღნიშნული სარეკლამო რგოლების სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით. წინამდებარე განცხადების ავტორია შპს ,,ქედი სტუდიო“, რომელიც წარმოადგენს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს“ კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. ზაალიშვილის მიერ 2015 წლის 2 ოქტომბერს გაცემული N MES91501015278 მინდობილობის  საფუძველზე.

განცხადების ავტორის განმარტებით,  სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, რომელიც ეხება სოციალური სარეკლამო რგოლების გავრცელებას შპს ,,რადიო იმედის“ ეთერით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N107 ხელშეკრულების საფუძველზე (SPA 150022274), შპს ,,ქედი სტუდიოს“ შეექმნა პრობლემა მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით. განცხადების ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ შპს ,,რადიო იმედი“ მისთვის ეთერში განსათავსებლად წარდგენილ სოციალურ სარეკლამო რგოლებს არ მიიჩნევს სოციალურ რეკლამად, თვლის რომ სარეკლამო რგოლები შეიცავენ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას და საჭიროდ მიიჩნევს საკითხის დასარეგულირებლად სარეკლამო რგოლების კომისიაში გაგზავნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ განსაზღვროს წარმოადგენს თუ არა განცხადებაზე თანდართული სარეკლამო რგოლები (ტექსტისა და აუდიო ჩანაწერის სახით) სოციალურ რეკლამას. 

წინამდებარე განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. შპს ,,რადიო იმედის“ 2015 წლის 2015 წლის 24 სექტემბრის N57/2015 წერილი; 3. სარეკლამო რგოლები ტექსტური ფორმატით (4 ფურცელი); 4. სარეკლამო რგოლები აუდიოჩანაწერის სახით; 5. სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ 2015 წლის 2 ოქტომბრის მინდობილობა.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ (წარმოდგენილი შპს ,,ქედი სტუდიოს“ მიერ) მომართვის საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და საკითხის განხილვის მიზნით სხდომა დაინიშნა 2015 წლის 13 ოქტომბერს, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კომისიის 2015 წლის 7 ოქტომბრის №04/2259-15 და №04/2259-15 შეტყობინებებით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.   ამავე შეტყობინებებით მათ განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ  სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დავების სამმართველოს უფროსი მ. ზაუტაშვილი, შპს ,,ქედი სტუდიოს“ წარმომადგენლები ნ. მჟავანაძე და ქ. გოთუა და ასევე, შპს ,,რადიო იმედის“ წარმომადგენლები ა. ლაშხი და თ. სულაბერიძე.

კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,ქედი სტუდიოს“ იურისტმა ქ. გოთუამ აღნიშნა, რომ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“  მიერ ტენდერი გამოცხადდა 11 პროფესიაზე 11 სოციალური სარეკლამო რგოლის დამზადებასა და განთავსებაზე. მისი განმარტებით, სატენდერო პირობების თანახმად, სარეკლამო რგოლები უნდა განთავსებულიყო რადიოს ეთერში, რომელსაც დაფარვა ექნებოდა მთელ საქართველოზე. ქ. გოთუას განცხადებით, სახელშეკრულებო პირობების თანახმად,  2015 წლის 25 სექტემბერს უკვე უნდა ყოფილიყო რადიორგოლები სამაუწყებლო ეთერით გავრცელებული მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეულ გადაცილებულ დღეზე განსაზღვრული იყო 70–დან 80 ლარამდე ჯარიმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს  „ქედი სტუდიოს“ ერიცხება  ჯარიმა, ვინაიდან ვერ უზრუნველყო 2015 წლის 25 სექტემბრამდე რეკლამის განთავსება. ქ. გოთუას განმარტებით, შპს „ქედი სტუდიოს“ ჰქონდა შეთანხმება ქვეკონტრაქტორთან შპს „რადიო იმედთან“, რომ თუ ამ ტენდერში გაიმარჯვებდა, თვითონ უზრუნველყოფდა სარეკლამო რგოლების განთავსებას. ქ. გოთუამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლები ეხება პროფესიულ განათლებას, კერძოდ, სოციალურ პროექტს პროფესიული განათლების თაობაზე. შპს ,,ქედი სტუდიოს“ იურისტის განმარტებით, რეკლამაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოხსენიებულია როგორც საკონტაქტი პირი ინფორმაციის მოძიებისთვის და ის არ არის მომსახურების გამწევი პირი. ამასთან, მისი განცხადებით, ვინაიდან პროექტი არის სოციალური, სარეკლამო რგოლიც არის სოციალური და ემსახურება პროფესიული განათლების ხელშეწყობას.

კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დავების სამმართველოს უფროსმა მ. ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ სარეკლამო რგოლები ეხება პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ფარგლებში შემუშავებულ პროფესიებს. მისი განმარტებით, პროექტის განმახორციელებლები არიან როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი საგანმანეთლებლო დაწესებულებები. მ. ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ პროფესიები, რომელთაც ეხება სარეკლამო რგოლები, არ წარმოადგენს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მომსახურებას და მიზნად ისახავს ამ პროფესიათა პოპულარიზაციას და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. მისი განცხადებით, რეკლემაში სამინისტროს საკონტაქტო ნომრის მითითების მიზანი იყო ამ პროფესიებით დაინტერესებული პირებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონტაქტო ინფორმაციის მითითებას სხვა მიზანი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის მიიჩნევს, რომ სარეკლამო რგოლები არ შეიძლება ჩაითვალოს კომერციულ რეკლამად.

კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,რადიო იმედის“ წარმომადგენელმა ა. ლაშხმა დაადასტურა, რომ სარეკლამო რგოლები აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ გარკვეულ კრიტერიუმებს,  თუმცა, მისი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არ უნდა შეიცავდეს გაწეული მომსახურების რეკლამას. მისი აზრით, აუდიო რგოლი  კლასიკური სარეკლამო ტექსტით არის შედგენილი, კერძოდ, მასში გამოყენებულია ისეთი ფრაზები, როგორიცაა: ,,ევროპული სტანდარტების სასწავლო პროგრამა“, ,,თანამედროვედ აღჭურვილი პროფესიული სასწავლებელი“ და ა. შ. ა. ლაშხის განცხადებით, სარეკლამო რგოლის ბოლოს ცხადდება ტელეფონის ნომერი, რომელზეც დარეკვის შემთხვევაში მოქალაქეებს პასუხობენ, რომ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ ან სხვა ორგანიზაცია უწევს მოქალაქეებს მომსახურებას.

კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,ქედი სტუდიოს“ წარმომადგენელმა ნ. მჟავანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიძლება აკრედიტაცია გაიაროს როგორც კერძო, ისე საჯარო სასწავლებელმა. შესაბამისად, სამინისტრო სწავლების მომსახურებას ვერ გასწევს. მისი განცხადებით, სამინისტრო მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას თუ ვის მიმართოს, როგორ შეავსოს განაცხადი და ა.შ. ნ. მჟავანაძის განმარტებით, წარმოდგენილ სარეკლამო რგოლებში არ არის მითითება სამინისტროს მიერ მომსახურების გაწევაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლების სურვილის გაჩენას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას თუ სად შეიძლება უფასოდ მიიღონ განათლება. მისი განმარტებით, თუ მოქალაქეების მიერ  არ იქნება გააზრებული ამ პროექტის მნიშვნელობა, ის საერთოდ ვერ შედგება. ნ მჟავანაძის განცხადებით, თუ სარეკლამო რგოლში არ დასახელდებოდა ინფორმაციის მიმწოდებლად კომპეტენტური ორგანო, საიდანაც მოქალაქეები მიიღებდნენ სწორ ინფორმაციას, შეუძლებელი იქნებოდა მათ გაერკვიათ, რომ რეკლამა არის სოციალური, პროექტი არის უფასო და მიმართულია პიროვნების პროფესიულ განვითარებაზე.

კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,რადიო იმედის“ წარმომადგენელმა ა. ლაშხმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლები შეიცავენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეკლამას, რაც კანონით განსაზღვრული სოციალური რეკლამის განმარტებაში ვერ თავსდება. მისი აზრით, სარეკლამო რგოლები შეიცავენ დაუკონკრეტებელი პირისა და ასევე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ა. ლაშხმა ასევე აღნიშნა, რომ სარეკლამო რგოლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი საკონტაქტო ნომრის ამოღების შემთხვევაში, რეკლამაში დარჩება მხოლოდ მოწოდება და ის იქნება სოციალური, მაგრამ მან აქვე დაადასტურა, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.

კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კ. ქორიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების პროექტში მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის: 16 საჯარო სამართლის იურიდიული პირი (ავტორიზებული სახელმწიფო საზოგადოებრივი/პროფესიული კოლეჯები), 4 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯები), 70-მდე ავტორიზებული კერძო პროფესიული/საზოგადოებრივი კოლეჯები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე გამოქვეყნდა რამდენიმე სარეკლამო რგოლი შპს ,,ქედი სტუდიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი აუდიოჩანაწერიდან შემდეგი შინაარსით:

,,1. ბავშვობიდან მიყვარდა გემრიელი კერძების მომზადება და დღეს სარესტორნო ბიზნესში ყველაზე მოთხოვნადი მზარეული ვარ.

თანამედროვედ აღჭურვილი პროფესიული სასწავლებელი, ევროპული სტანდარტების სასწავლო პროგრამა და დამსაქმებელთან მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დამეხმარა გავმხდარიყავი პროფესიონალი მზარეული.

შენც გახდი პროფესიონალი და დასაქმდი!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - დაგვიკავშირდით 2 200220.

2. მე პროფესიით პრაქტიკოსი ექთანი ვარ. ჩემთვის ბედნიერებაა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობა.

თანამედროვედ აღჭურვილი პროფესიული სასწავლებელი, ევროპული სტანდარტების სასწავლო პროგრამა და დამსაქმებელთან მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დამეხმარა გავმხდარიყავი პროფესიონალი მზარეული.

შენც გახდი პროფესიონალი და დასაქმდი!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - დაგვიკავშირდით 2 200220.“

კომისია აღნიშნავს, რომ დანარჩენ 9 პროფესიაზე მომზადებული სარეკლამო რგოლის შინაარსი ზემოთ მითითებული სარეკლამო რგოლების შინაარსის იდენტურია.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის  შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ქედი სტუდიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სარეკლამო რგოლები მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ქცევის პოტიზიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ. აღნიშნული სარეკლამო რგოლები მიზნად ისახავენ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას და მის პოპულარიზაციას, ასევე, ამ რგოლებში მითითებულ პროფესიათა პოპულარიზაციას და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, რამაც თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

კომისიას მიაჩნია, რომ სარეკლამო რგოლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით საკონტაქტო პირის სახით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრის მითითება არ უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამა, ვინაიდან, საკონტაქტო პირისა და მისი ტელეფონის ნომრის მითითების გარეშე, განათლების მიღებით დაინტერესებული მოქალაქე მოკლებული იქნება შესაძლებლობას მიიღოს ის საზოგადოებრივი სიკეთე განათლებისა და დასაქმების პერსპექტივის სახით,   რომლის ხელშეწყობისკენაც არის მიმართული წინამდებარე სარეკლამო რგოლები. შესაბამისად, თუ მას არ ეცოდინება ვისგან მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია ან/და როგორ, ცხადია, ვერ იქნება მიღწეული სარეკლამო რგოლის სხვა მიზანიც, როგორიცაა საზოგადოების ქცევის პოტიზიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სარეკლამო რგოლებში აქცენტი გაკეთებულია უშუალოდ სოციალურ პროექტზე, ხოლო სოციალური პროექტის განმახორციელებელი პირის შესახებ ინფორმაცია ასახულია მინიმალურად, მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია მისი ასახვა სოციალური რეკლამის მიზნების მისაღწევად. ამასთან, კომისია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლები საერთოდ არ შეიცავენ პროფესიული განათლების შესახებ სოციალურ პროექტში მონაწილე კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულებების (მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების) დასახელებებს ან რაიმე სხვა ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სარეკლამო რგოლიდან ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულების იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლები ვერ შეფასდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებად. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ცხელი ხაზის მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ვერ იქნება მიჩნეული ამ დაწესებულებათა მომსახურების რეკლამირებად, ვინაიდან განათლების მსურველი პირისთვის ამ დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარეშე, ვერ იქნება მიღწეული საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საზოგადოების ქცევის პოტიზიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობის მიზნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სარეკლამო რგოლები წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ განცხადება და შპს ,,რადიო იმედს“ უნდა დაევალოს ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლების საკუთარ ეთერში დაუყოვნებლივ განთავსება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის,  95-ე მუხლის, 98-99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, 661 მუხლის 21 მუხლის,  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, თანახმად კომისიამ  კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, კომისიის წევრები:  კ. ბექაური, გ. ფრუიძე, ე. ასანიძე; წინააღმდეგი კომისიის წევრი მ. ქათამაძე)

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. დაკმაყოფილდეს  სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ განცხადება;
  2.  დაევალოს  შპს „რადიო იმედს“ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ მისთვის წარდგენილი  სარეკლამო რგოლების ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
  4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“, შპს „ქედი სტუდიოსა“ და შპს „რადიო იმედისთვის“ ჩაბარებისთანავე;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა) დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                  ელისო ასანიძე    

კომისიის წევრი                                  მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები