წვდომის მენიუ

„შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №499/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 633 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2015 12:03

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2015

 „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს 499/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №499/23 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით. აღნიშნული გადაწვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 10 სექტემბრის 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და ზეპირი მოსმენა გაგრძელდა 2015 წლის 24 სექტემბერს. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და ზეპირი მოსმენა გაგრძელდა 2015 წლის 8 ოქტომბერს. კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე დასრულდა საკითხის ზეპირი მოსმენა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 22 ოქტომბერი. 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „კვირის პალიტრას“ წარმომადგენელი შოთა ღვედაძე, შპს „მაგთიკომის“ იურისტები დავით ძიძიგური და ირაკლი შარაბიძე და კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით 2015 წლის 8 ოქტომბერს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის 4 წევრი, ქალბატონი ელისო ასანიძე, ბატონები კახი ბექაური, გიორგი ფრუიძე და მერაბ ქათამაძე, რომელიც 2015 წლის 8 ოქტომბერს, კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის მივლინებაში ყოფნის გამო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე ასრულებდა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, როგორც კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 22 ოქტომბრის 15:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა კომისია სრული შემადგენლობით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზეპირი მოსმენის სხდომას არ დასწრებია კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, იგი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართულ კენჭისყრაში, შესაბამისად, განსახილველ დავასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართული კენჭისყრის დროს კომისიის წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ვერ იმოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა, აღნიშნულმა კი შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის მიერ ვერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება განსახილველ დავასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ დავასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად მიღების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება და ამ მიზნით ცვლილების შეტანა „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №499/23 გადაწყვეტილებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №499/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 3 ნოემბერს, 15:00 საათზე;“

2. შპს ,,მაგთიკომი“ და შპს „კვირის პალიტრა“ კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                   მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები