შპს „რადიო უცნობისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2015 11:38
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2015
შპს „რადიო უცნობისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/6528-15; 07.09.2015), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „რადიო უცნობი“ პერიოდულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს (რისი წარმოდგენის ვალდებულებაც განსაზღვრულია კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით). კომისიამ, შპს „რადიო უცნობს“, 2015 წლის 17 აგვისტოს N05/1730-15 გამაფრთხილებელი წერილით განუსაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად. აღნიშნული წერილი, შპს „რადიო უცნობს“ ჩაბარდა 2015 წლის 18 აგვისტოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.
2015 წლის 5 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი N10/7432-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათით დამატებით ეცნობა, რომ შპს „რადიო უცნობს“ კომისიაში წარმოსადგენი აქვს შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2015 წლის პირველი და მეორე კვარტლის ფორმა N1.5 (მაუწყებლობის ფინანსები); 2014 წლის პერიოდზე ფორმები: 1.2 და 1.3, ასევე 2014 წლის იანვრიდან კვარტალური ფორმა N1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურეობები, ნაწილობრივ).
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 5 ოქტომბრის №10/7431-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „რადიო უცნობს“ 2015 წლის ივნისის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 7 სექტემბრის №შ-10/6528-15 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 19 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო უცნობისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 22 ოქტომბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „რადიო უცნობს“ ეცნობა შეტყობინებით (გზანივლის ნომერი:03/2348-15; გაგზავნის თარიღი:19.10.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „რადიო უცნობს“ ჩაბარდა 2015 წლის 19 ოქტომბერს (ჩაბარების თარიღი:19.10.2015; ჩაიბარა: მეგი მუქერია, მენეჯერი).
2015 წლის 21 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 20 ოქტომბრის N10/7930-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის N10/8059-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „რადიო უცნობმა“ კომისიაში წარმოადგია 2015 წლის პირველი და მეორე კვარტლების ფორმა 1.5 (მაუწყებლობის ფინანსები) და 2014 წლის პერიოდზე ფორმები: 1.2 და 1.3, თუმცა კვლავ წარმოსადგენი დარჩა 2014 წლის აპრილიდან კვარტალური ფორმა 1.6 (მაუწყებლობისათვის გაწეული მომსახურეობები, ნაწილობრივ).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო უცნობის“ დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე და კომპანიის ბუღალტერი თამარ აბესაძე. შპს „რადიო უცნობის“ ბუღალტერმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ სხდომის დაწყებამდე კომისიის კანცელარიაში კომპანიის მიერ ჩაბარებულ იქნა 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე შევსებული და წარმოდგენილია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, წარმოსადგენია მხოლოდ 2014 წლის აპრილიდან კვარტალური ფორმა N1.6.
კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტმა (ნ. ჯანელიძე) განმარტა, რომ შპს „რადიო უცნობის“ მიერ წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებიდან დგინდება, რომ კომპანიას მთლიანობაში ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 1,585.61 ლარი. ამავე დროს, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის განმარტებით შპს „რადიო უცნობს“ ასევე ერიცხება კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიიდან გამომდინარე, სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 5,411.60 ლარის ოდენობით.
კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე შპს „რადიო უცნობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შპს „რადიო უცნობი“ განიცდის ფინანსურ პრობლემებს, რის გამოც, კომპანია ითხოვს, გარკვეულ პერიოდს როგორც რეგულირების საფასურის, ასევე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დასაფარად, კერძოდ კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით შპს „რადიო უცნობი“ რეგულირების საფასურის დავალიანების გადახდას უზრუნველყოფს ორ კვრიაში, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დაფარვას დეკემბრის ბოლომდე.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 07 სექტემბრის №შ-10/6528-15 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის №შ-10/7470-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის N10/7469-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის N10/8059-15 სამსახურებრივი ბარათი;
- სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე, შპს „რადიო უცნობისათვის“ მიწერილი 2015 წლის 17 აგვისტოს N05/1730-15 გამაფრთხილებელი წერილი და ამ წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (18.08.2015; N05/1730-15);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადიო უცნობის“ შესახებ მონაცემები;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის N10/8152-15 სამსახურებრივი ბარათი;
- 2015 წლის 22 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს „რადიო უცნობის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
- 2015 წლის 22 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რატი სხირტლაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
- 2015 წლის 22 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია ჯანელიძეს მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „რადიო უცნობი“ არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 14/08/2012; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: ახალი ამბების, საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაცემების, გასართობი და შემეცნებით გადაცემების განთავსება სამაუწყებლო ბადეში);
- შპს „რადიო უცნობი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიის მფლობელს (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; მოქმედების ვადა:23.07.2024). კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიის, დანართი N2-ის დ) პუნქტის თანახმად, შპს „რადიო უცნობს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
- შპს „რადიო უცნობს“ კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიის, დანართი N2-ს ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
- კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიის, დანართი N3-ის შესაბამისად, შპს „რადიო უცნობს“ განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე დანართში მოცემული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 2014 წლის 23 აგვისტოდან - 2015 წლის 23 ივლისის ჩათვლით, თვეში 891.00 ლარის ოდენობით;
- შპს „რადიო უცნობი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირი, ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- შპს „რადიო უცნობს“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2015 წლის ივნისის თვის შემდეგ რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად არც რეგულირების საფასური არ ჰქონდა ჩარიცხული კომისიის ანგარიშზე;
- შპს „რადიო უცნობს“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 19 ოქტომბერი), არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ცალკეული ფორმები, კერძოდ: 2014 წლის პერიოდზე ფორმები N1.2 და N1.3; 2014 წლის იანვრიდან ფორმა N1.6 და 2015 წლის პერიოდზე ფორმა N1.5;
- შპს „რადიო უცნობს“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი 2014 წლის აპრილის თვიდან კვარტალური ფორმა N1.6 (მაუწყებლობის ფინანსები);
- შპს „რადიო უცნობს“ 2014 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა N05/1730-13 გამაფრხილებელი წერილი, რომლის თანახმადაც, კომპანიას ეცნობა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ვალდებულების თაობაზე, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად და განესაზღვრა 10 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად (ჩაბარების თარიღი:18.08.2015);
- შპს „რადიო უცნობმა“ გადაწყვეტილების მიღების დღეს (22 ოქტომბერი) კომისიაში წარმოდგინა 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რომელთა შესაბამისადც, კომპანიას მთლიანობაში ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 1.585.61;
- მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „რადიო უცნობს“ კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიიდან გამომდინარე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 5,411.60 ლარის ოდენობით;
- შპს „რადიო უცნობის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, ან წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
- ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და პერიოდულობით შეუსრულებლობით, შპს „რადიო უცნობის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით წარმოდგენითა და რეგულირების საფასურის - 1,585.61 ლარის გადაუხდელობით და კერძო მაუწყებლობის NB70 შესაბამისი ლიცენზიიდან გამომდინარე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების (5,411.60 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობით, შპს „რადიო უცნობის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი, კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიის დანართი N2-ის მე-2 პუნქტის დ) და ჟ) პუნქტები, ასევე დანართი N3-ით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.
კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო უცნობის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. აქედან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო უცნობს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „რადიო უცნობს“ უნდა განესაზღვროს ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე რეგულირების საფასურის დავალიანების კომისიის ანგარიშზე ჩასარიცხად, აგრეთვე სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხად, ასევე შპს „რადიო უცნობს“ უნდა დაევალოს 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების (ფორმა N1.6) ფორმის შევსება და კომისიაში წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, მაუწყებლობის NB70 ლიცენზიის დანართი N2-ის დ) და ჟ), ასევე დანართი N3-ს შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ; მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები: კახა ბექაური, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი: ელისო ასანიძე)
გადაწყვიტა:
1. შპს „რადიო უცნობს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, კერძო მაუწყებლობის NB70 ლიცენზიის დანართი N2-ის დ) და ჟ) პუნქტების და N3 დანართის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „რადიო უცნობმა“ 2015 წლის 31 დეკემბრამდე რეგულირების საფასურის დავალიანების 1,585.61 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი“;
ა/ანგარიში:GE11TB0600000000609326;
კოდი: TBCBGE22;
საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
3. უზურუნველყოს შპს „რადიო უცნობმა“ 2015 წლის 31 დეკემბრამდე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 5,411.60 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251 და აღნიშნული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების გადახდის დამადასტურებელი საბუთის 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა;
4. უზრუნველყოს შპს „რადიო უცნობმა“ 10 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის (2014 წლის აპრილიდან კვარტალური ფორმა N1.6) შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო უცნობისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „რადიო უცნობისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო უცნობისათვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „რადიო უცნობისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრის ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი:
ელისო ასანიძემ განაცხადა, რომ როდესაც კომპანია ლიცენზიას იღებს, ამ დროს არ ხდება შეფასება იმისა, ლიცენზიის მიღების, თუ ვადის გაგრძელების საფასური შეიძლება გადაიხადოს თუ არა. სალიცენზიო გადასახდელი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით და ყველა ვალდებულია უზრუნველყოს ლიცენზიის საფასურის გადახდა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. სალიცენზიო გადასახდელის გამოთვლის წესი კომისიის მიერ არის დადგენილი. თუ კომისია თვლის, რომ სალიცენზიო გადასახდელი ძალიან მაღალია, ან გადახდა დროში სხვაგვარად უნდა გაიწეროს, ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გაანგარიშების დადგენილი წესი და გადახდის პირობები. ვინაიდან კომისია დღეს იხილავს სალიცენზიო დავალიანების დაფარვის საკითხს, ჩემი აზრით, კომპანიას უნდა დაეკისროს ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება; თუ კომისია იმსჯელებს სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების განწილვალდების შესახებ, გამოვა რომ ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის მობილურ ოპერტორს, შეეძლება მომართოს კომისიას და მოითხოვოს გონივრული ვადა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, თუ კომისია ცვლის პრაქტიკას, უნდა იქნეს გათვალისწინებული ასეთი შედეგებიც; შპს „რადიო უცნობისათვის“ სანქციის დაკისრებას, აგრეთვე რეგულირების საფასურის 31 დეკემბრამდე გადახდის ვადის განსაზღვრას ვეთანხმები. რაც შეეხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების გადახდას, გამომდინარე იქიდან, რომ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის გრაფიკი შედგენილი იყო კომისიის გადაწყვეტილებით, რაც უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 23 ივლისს, ამავე დროს, გრაფიკის მოქმედების პერიოდში კომპანიას არ მოუმართავს კომისიისთვის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით, გადახდის გრაფიკის დასრულების შემდეგ გასულია სამი თვე, მიმაჩნია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დასაფარად, გამართლებული და მიზანშეწონილი არ არის ამ შემთხვევაში. საქმე სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხას ეხება და მიმაჩნია, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადახდილი.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
