წვდომის მენიუ

კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 637 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2015 17:50

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2015

კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 სექტემბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ჯორჯიან ენერჯი ქომუნიქეიშენზის” და შპს ”სისტემა გამას” წარმომადგენელმა ირაკლი ჟორჟოლიანმა (კომისიაში რეგისტრაციის №6/6819-15-15, 17.09.2015) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მფლობელად შპს ”ჯითიესის” განსაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. განცხადებაზე თანდართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმე №2/3105-2014-ზე ასევე შპს ”ბი ელ სის” იურისტებზე ირაკლი ჟორჟოლიანზე და დავით ბერიშვილზე შპს ”ჯორჯიან ენერჯი კომუნიქეიშენზის” და შპს ”სისტემა გამას” მიერ გაცემული მინდობილობები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 გადაწყვეტილებით კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯითიეს“-სა და შპს „რადექს“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, ხოლო 2013 წლის 2 აგვისტოს კომისიამ მიიღო  გადაწყვეტილება №478/5 შპს “ჯითიესსა“ და შპს „რადექსს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გადაპირების შესახებ.  აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შპს „ჯითიესისა“ და შპს „რადექსის“ მიერ კომისიაში 2013 წლის 28 იანვარს წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2896-13, 28.05.2013), რომლითაც კომპანიებმა წარმოადგინეს შპს „ჯითიესის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის   შპს „რადექსისთვის“ გადაპირების თაობაზე დადებული 2013 წლის 23 მაისის №03/05 ხელშეკრულება. ასევე დამატებით 2013 წლის 27 ივნისს წარმოადგინეს 2013 წლის 25 მარტის №05/11 ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან ენერჯი კომუნიქეიშენზის” და შპს ”სისტემა გამას” წარმომადგენლის ირაკლი ჟორჟოლიანის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №2/3105-2014), რომლის შესაბამისადაც დაკმაყოფილდა შპს ”ჯორჯიან ენერჯი კომუნიქეიშენზის” და შპს ”სისტემა გამას” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი შპს ”ჯითიესსა” და შპს ”რადექსს” შორის 2013 წლის 25 მარტს დადებული №05/11 და 2013 წლის 23 მაისის №03/05 ხელშეკრულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის   51-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მხარეებს შორის პირდაპირი გადაპირების თაობაზე ხელშეკრულების დადება და კომისიაში აღნიშნული ხელშეკრულების და ერთობლივი განცხადების წარმოდგენა. კომისია აღნიშნავს, რომ სწორედ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შპს “ჯითიესისა“ და შპს „რადექსის” ერთობლივი განცხადების და მხარეებს შორის 2013 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კომისიაში 2013 წლის 5 ივლისის №434/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯითიეს“-სა და შპს „რადექს“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების მიზნით, ხოლო კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებით განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირება.

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს “ჯითიესსა“ და შპს „რადექსს” შორის 2013 წლის 25 მარტის №05/11 და 2013 წლის 23 მაისის №03/05 ხელშეკრულებები, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2013 წლის 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებების მიღებას, კომისიას მიაჩნია, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2013 წლის 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც განხორციელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან ენერჯი კომუნიქეიშენზის” და შპს ”სისტემა გამას” წარმომადგენელმა ირაკლი ჟორჟოლიანმა 2015 წლის 22 ოქტომბერს დამატებით წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8077-15), რომლის თანახმად ყადაღა მოეხსნა შპს ”რადექსის მფლობელობაში” არსებულ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიას. 

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის   მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ჯი თი ესსა” და შპს ”რადექსს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გადაპირება განხორციელდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2013 წლის 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 26 ნოემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯორჯიან ენერჯი კომუნიქეიშენზისთვის”, შპს ”სისტემა გამასთვის”, შპს ”ჯი თი ეს”-სთვის და შპს ”რადექსისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                    მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები