წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე ერთობლივი განცხადების განუხილველად დატოვებისა და კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს N472/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 639 / 12

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2015 13:27

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2015

სს „სილქნეტისა“  და  შპს  „კავკასუს ონლაინის“   შერწყმაზე  წინასწარი თანხმობის მიღების თაობაზე  ერთობლივი განცხადების განუხილველად დატოვებისა  და  კომისიის  2015  წლის  11  აგვისტოს  N472/23  გადაწყვეტილებით  დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (№3182/01-8 24.07.2015.) მიმართეს სს „სილქნეტმა“ და  შპს „კავკასუს ონლაინმა“,  სს „სილქნეტისა“ და  შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მე-6 პუნქტის  თანახმად, ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის  სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) თუ შერწყმის ან შეძენის შემდეგ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

ბ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

გ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწყმა ხდება იმ ეკონომიკურ აგენტთან ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტისგან, რომელიც აღმავალი (დამავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სს ,,სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს,  როგორც ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ასევე ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, კომისიამ 2015 წლის 11 აგვისტოს მიიღო  №472/23 გადაწყვეტილება სს ,,სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის გამოკვლევის თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა  2015 წლის 28 ოქტომბერი. ამავე გადაწყვეტილებით კვლევისთვის გათვალისწინებულ იქნა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური სამთვიანი ვადა.  

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს № 472/23 გადაწყვეტილებით   სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმით ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  ფარგლებში კომპანიებისაგან გამოთხოვილი იქნა  ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც კომისია შეაფასებდა კომპანიების  შერწყმა შეაფერხებდა თუ არა  ბაზარზე ეფექტური კონკურენციის განვითარებას გააძლიერებდა თუ არა აღნიშნული ტრანზაქცია შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული კომპანიის ბაზარზე დომინანტური პოზიციას. კერძოდ, კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს  № 08/1848-15 წერილით კომპანიებისგან გამოთხოვნილი იქნა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

ა) მოკლევადიანი და გრძელვადიანი ბიზნეს სტარტეგიული გეგმები;

ბ) ბიზნეს- საკონსულტაციო ანგარიშები (მათ შორის ე.წ „დიუ დილიჯენსი“);

გ) კომპანიების ბოლო სამი წლის  აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები ;

დ) კომპანიების ბოლო სამი წლის  მმართველობითი აღრიცხვის ანგარიშები, რაც მოიცავს ოპერაციულ და ანალიტიკურ მონაცემებს;

ე) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „სილქნეტს“ შორის გასაფორმებული ხელშეკრულების პროექტი ან წინასწარ შეთანხმებული პირობები;

ვ) კომპანიების შერწყმასათან დაკავშირებით  აქციონერთა ან და პარტნიორთა კრების ოქმები;

ზ) კომპანიების ყველა საცალო მომსახურების დღეს არსებული დეტალური აღწერა; აღწერა უნდა მოიცავდეს ბოლო სამი წლის განმავლობაში კონკრეტული მომსახურებისთვის საფასო პოლიტიკის ისტორიას, მომსახურების დეტალურ დახასიათებას (სამომხმარებლო მახასიათებლებს),  მომსახურების გეოგრაფიულ ზონებს, კომპანიის ფარგლებში და კომპანიის ფარგლებს გარეთ ამ მომსახურების ურთიერშენაცვლებადი მომსახურების აღწერას და ასეთი მომსახურებების გეოგრაფიულ საზღვრებს;

 თ) კომპანიების მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა ავტორიზებული პირებისათვის გაწეული რეგულირებადი და არა რეგულირებადი  საბითუმო მომსახურების დეტალური დახასიათება, მათ შორის ამ მომსახურებების  გოგრაფიული ზონები, ტექნიკური მონაცემები და სხვადასხვა საცალო მომსახურებებში ამ მომსახურების გამოყენების დეტალური აღწერა; ცალკე ცხრილის სახით უნდა გამოიყოს შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ მიერ  ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურებების ტექნიკური მონაცემები და შემოსავლები;

ი) კომპანიების მფლობელობაში არსებული ქსელების დეტალური აღწერა, აღნიშნული უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ქსელების ტოპოლოგიურ რუკებს;  ქსელების დაფარვის ზონებს; კომპანიების მიერ ქსელის გაფართოების სამომავლო გეგმებს; ქსელის დაფარვის ზრდის ისტორიას; გამოყენებულ ტექნოლოგიებს; ქსელის ტექნიკური მონაცემებს,  მათ შორის მთლიან და გამოყენებულ სიმძლავრეებს. ცალკე ცხრილის სახით უნდა გამოიყოს კომპანიების მფლობელობაში არსებული პარალელური ქსელების ტექნიკური მონაცემები;

კ) ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიების სატელეკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი მომწოდებლების სია (ურთიერთჩართვის მომსახურების მომწოდებლების გარდა იმ მომწოდებლების სია რომლის ბრუნვა წლის განმავლობაში აღემატება 1 000 000  ლარს);

ლ) ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიების მიერ განხორცილებული   ინვესტიციები, თანხის და განხორცილებული ინვესტიციის შინაარსის მითითებით;

მ) იმ სამომავლო გეგმის ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება  შესაძლო შერწყმას, კერძოდ: შერწყმით მისაღწევ საოპერაციო დანახარჯების  ოპტიმიზაციას; გაერთიანებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხების მომსახურებას (დაფარვას); ქსელის ოპტიმიზაციას;

ნ) ინფორმაცია გარემოებების შესახებ, რამაც უკვე გამოიწვია ან შესაძლოა გახდეს გაკოტრების მიზეზი;

ო) ინფორმაცია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე;

პ) დეტალური ინფორმაცია მიმდინარე ან დაუსრულებელი დავების თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ კომპანიის საქმიანობაზე;

ჟ) დეტალური ინფორმაცია საბანკო  და სხვა სესხების შესახებ;

რ) ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებულ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე;

ს) ინფორმაცია ჯარიმების შესახებ, რომლებიც კომპანიას დააკისრა საგადასახადო ორგანომ;

კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს  № 08/1848-15 წერილით კომპანიებს მოეთხოვათ ახსნა - განმარტებების წარმოდგენა  შემდეგ საკითხებზე:

ა) გააგრძელებს  თუ არა შერწყმის შემდეგ სს „სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“  იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით არსებული აბონენტების მომსახურებას;

ბ) აპირებენ თუ არა შერწყმის შემდეგ სს „სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“  საცალო მომსახურებებზე დღეს მოქმედი პირობების, მათ შორის: პაკეტების, ტარიფების და სხვა  გადახედვას;

გ) აპირებენ თუ არა კომპანიები ბრენდის ცვლილებას.

კომისიის 2015 წლის 16 სექტემბრის №08/1966-15  წერილით კომპანიებს ეთხოვათ წარმოედგინათ  შეფასებები და არგუმენტირებული მსჯელობები, რომელიც დაადასტურებს, რომ კომპანიების შერწყმა ზიანს არ მიაყენებს ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე  კონკურენციას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“  2015 წლის 28 ოქტომბრის  №01-02/8031 და სს „სილქნეტის“  2015 წლის 28 ოქტომბრის №4732/05-8 წერილები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ შერწყმის პროცესთან დაკავშირებით მხარეთა შორის მიმდინარეობს გარკვეული საკითხების დაზუსტება, რაც მოითხოვს დამატებით დროს, შესაბამისად კომპანიები ითხოვენ, რომ 28 ოქტომბერს ჩანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის ვადა  გადაიდოს ორი კვირით  და კომისიის მიერ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადა გაუგრძელდეს კომპანიებს ასევე ორი კვირით.  

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015  წლის 28 ოქტომბრის  ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი ლევან ბუჩუკური, ხოლო არ გამოცხადდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი.

სს „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა  ლ. ბუჩუკურმა მხარი დაუჭირა სს „სილქნეტის“  2015 წლის 28 ოქტომბრის № 4732/05-8 წერილით წარმოდგენილ მოთხოვნას ზეპირი მოსმენის ორი კვირით გადადების თაობაზე.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა (დ.გოგიჩაიშვილი) აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“  მიერ არ იქნა წარმოდგენილი კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს № 08/1848-15 და 2015 წლის 16 სექტემბრის №08/1966-15  წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. რომლის საფუძველზეც კომისია შეაფასებდა კომპანიების  შერწყმა შეაფერხებდა თუ არა  ბაზარზე ეფექტური კონკურენციის განვითარებას გააძლიერებდა თუ არა  აღნიშნული ტრანზაქცია შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული კომპანიის ბაზარზე დომინანტური პოზიციას.

კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევისათვის  აუცილებელი იყო შპს „კავკასუს ონლაინის“ და  სს „სილქნეტის“ მიერ კველევისათვის საჭირო სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენა.

კომპანიების მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას არ მიეცა  საშუალება ემსჯელა შეაფერხებდა თუ არა კომპანიების შესაძლო შერწყმა ბაზარზე ეფექტური კონკურენციის განვითარებას და  გააძლიერებდა თუ არა აღნიშნული ტრანზაქცია შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული კომპანიის ბაზარზე დომინანტური პოზიციას. შესაბამისად, კომისიას არ მიეცა შესაძლებლობა იმსჯელოს სს „სილქნეტისა“ და  შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“  მიერ, კომისიის მიერ მათგან გამოთხოვილი ინფორმაციის დროულად წარმოდგენაზე იყო დამოკიდებული კომისიის მიერ სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმით ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენაციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში ჩატარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს  №472/23 გადაწყვეტილების შესაბამისად  დაწყებული  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის  ერთობლივი  განცხადების  განუხილველად  დატოვება. აღნიშნული არ ართმევს უფლებას კომპანიებს ხელმეორედ მიმართონ კომისიას შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, 27-ე მუხლის  პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 83-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს სს „სილქნეტისა“ და  შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე  წინასწარი თანხმობის ერთობლივი განცხადება და შეწყდეს კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს  №472/23  გადაწყვეტილების  შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ და სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ და სს ,,სილქნეტისთვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                           მერაბ  ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები