შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2015 12:54
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015
შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №205256845) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/7501-15, 06.10.15) კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების ჩატარების პროცესში მონაცემთა გადაცემისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიას” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1176 ნებართვა და მიენიჭოს 168.225 მჰც, 168.475 მჰც, 168.525 მჰც და 168.800 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
- შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
- აღირიცხოს შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
- წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) მონიტორინგის განხორციელება;
- დაევალოს შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიას” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
- დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის (ნ. ჯავახიძე) შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
