წვდომის მენიუ

შპს ”სათოჯანისთვის” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 646 / 12

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2015 17:16

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015

შპს ”სათოჯანისთვის” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სათოჯანმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/7407-15 05/10/2015) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს ”სათოჯანი” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3.მაუწყებლობის  ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; 

4. მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული/თურქული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

7. მაუწყებლობის დაწყების ვადა: ერთი თვე;

8. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სათოჯანის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

  1. შპს ”სათოჯანის”  განცხადება;

2. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

3. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:

 ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

 ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სათოჯანის” 2015 წლის 5 ოქტომბერის განცხადება წარმოდგენილი იყო ხარვეზებით, კერძოდ:

ა) საავტორიზაციო განცხადების მე-6 პუნქტში გაუგებრად იყო შევსებული მაუწყებლობის განხორციელება კომპანიას სურდა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამოყენებით, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით თუ ორივე ერთად;

ბ) საავტორიზაციო განცხადების მე-8 და მე-6 პუნქტები შეუსაბამოდ იყო შევსებული;

გ) საავტორიზაციო განცხადების მე-9 პუნქტში არ იყო მითითებული საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა აქციონერთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონაცემების ცხრილში, ქონების სახეობაში, მითითებული იყო ”ENCODER”-ი, ასევე ”ENCODER”-ი მითითებული იყო იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ ფორმაში, კომპანიის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილ აქტივების გრაფაში.

განცხადებაზე არ იყო თანდართული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;

გ) ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ვ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

      შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/2301-15, 12.10.2015წ.). შპს ”სათოჯანმა” ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 16 ოქტომბერს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/7804-15).

     კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”სათოჯანის” მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „სათოჯანის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია სათიმიშ ბიჩაქჯი. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი სათიმიშ ბიჩაქჯი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „სათოჯანის” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის სათიმიშ ბიჩაქჯის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. და ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „სათოჯანის” და ფიზიკური პირის სათიმიშ ბიჩაქჯის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ის კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად ”საერთო მაუწყებლობა” არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ4) ქვეპუნქტის თანახმად სამაუწყებლო კონცეფცია არის ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას.

კომისიის 2015 წლის  29 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სათოჯანის” დირექტორი სათიმიშ ბიჩაქჯი, რომელმაც აღნიშნა,  რომ კომპანია დაინტერესებულია მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლით და  მზადაა მიაწოდოს კომისიას ახალი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი პროგრამული მიმართულებები, რისთვისაც ითხოვს ვადის განსაზღვრას.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

შპს ”სათოჯანის” განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/7407-15, 05/10/2015 და №შ-6/7804-15, 16.10.2015) და თანდართული დოკუმენტაცია, კერძოდ:  

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა

გ) ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ვ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

ზ) საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ქონებრივი დეკლარაციის ფორმები;

თ) შპს ”სათოჯანთან” გაგზავნილი კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრის წერილი №01/2301-15.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლისას გაირკვა, რომ შპს „სათოჯანს” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოსადგენად განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა. კომპანიის მიერ დამატებით 2016 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გაირკვა, რომ შპს ”სათოჯანი” ვერ აკმაყოფილებს საერთო მაუწყებლობისთვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კერძოდ: სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის მითითებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები და არ არის მითითებული პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობა. შესაბამისად წარმოდგენილი კონცეფცია შეუსაბამობაშია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) და ჰ4)  ქვეპუნქტებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა განხორციელდეს შპს ”სათოჯანის” მაუწყებლად ავტორიზაცია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან  შეუსაბამობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 -ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლების, ასევე  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას შპს ”სათოჯანს” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან  შეუსაბამობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სათოჯანისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”სათოჯანისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                      მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები