სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2015 11:39
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015
სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყბელობის სფეროში კომისიის ფუნქციას ასევე წარმოადგენს, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ასევე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია. ამავე კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 09 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ–6/6587) მიმართა სს „საქართველოს რკინიგზამ“, ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ გავრცელებული სამაუწყებლო რეკლამის, როგორც არასათანადო რეკლამის გავრცელების აკრძალვის და ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ და რეკლამის დამკვეთისათვის (შპს “ივერია მოტორსი“, ბრენდული სახელწოდება „ალო ტაქსი“) კონტრრეკლამის გავრცელების დავალდებულების თაობაზე.
სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. ამავე კანონის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტში კი არასათანადო რეკლამა განმარტებულია, როგორც „არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები“. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად კი არაკეთილსინდისიერია რეკლამა „რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ“, ხოლო ამავე მუხლის მე–6 პუნქტის მიხედვით კი შეცდომაში შემყვანია რეკლამა „რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი“.
სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რომ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ეთერში, სიხშირეზე 98.9 მჰც. სისტემატიურად გადის არაკეთილსინდისიერი და შეცდომაში შემყვანი რეკლამა, რომელიც ზიანს აყენებს სს „საქართველოს რკინიგზას“, კერძოდ, აღნიშნული რეკლამა ახდენს რეკლამირებადი საქონლის (შპს „ივერია მოტორსის მომსახურება) არაკორექტულ შედარებას სს „საქრთველოს რკინიგზის“ მომსახურებასთან, კერძოდ, მგზავრთა ტრანსპორტირება საქრთველოს მთელს ტერიტორიაზე. სს „საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, რეკლამაში იკვეთება არაკორექტული, ცინიკური დამოკიდებულება მატარებლით მგზავრობის მიმართ. სს „საქრთველოს რკინიგზა“ ასევე განმარტავს , რომ აღნიშნული რეკლამა ახდენს რა საკუთარი მომსახურების შედარებას სს“საქართველოს რკინიგზის“ მომსახურებასთან. შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, რადგან საკუთარი მომსახურების უპირატესობად ასახელებს ისეთ პირობებს, როგორიცაა მაგალითად მგზავრობა კონდიციონერით აღჭურვილი ავტომანქანით, რომელიც სინამდვილეში მატარებელშიც არსებობს და არანაკლები ხარისხით. სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეკლამა შპს „ივერია მოტორსის“ სერვისის უპირატესობად ასევე მიუთითებს მგზავრობის ფასს (180 ლარი), მაშინ როდესაც მატარებლის ყველაზე მაღალი კლასის (ბიზნეს კლასი) ვაგონით მგზავრობაც კი თბილისიდან ბათუმამდე არის გაცილებით იაფი (55 ლარი – სეზონურ პერიოდზე, როდესაც ტარიფი არის ყველაზე მაღალი, ხოლო სხვა პერიოდში ტარიფი არის უფრო იაფი), ვიდრე რეკლამირებადი მომსახურება.
სს “საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, აღნიშნული რეკლამით ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და არაკორექტული შედარება რკინიგზის მომსახურებასთან, რითაც სს “საქართველო რკინიგზას“, როგორც მგზავრთა გადაყვანის სფეროში მოქმედ ერთადერთ ქართულ სარკინიგზო ოპერატორს ადგება ზიანი, ვინაიდან ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ გავრცელებული რეკლამა უარყოფითად აისახება სს „საქრთველოს რკინიგზის“იმიჯზე და პოტენციური კლიენტის დაკარგვაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს რკინიგზას“ მიაჩნია, რომ ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო და ითხოვს:
1. კომისიამ აუკრძალოს ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ არასათანადო რეკლამის გავრცელება;
2. კომისიამ დაავალოს ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთისათვის“ კონტრრეკლამის გავრცელება;
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 08 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „მედია კავშირი ღია აფხაზეთისთვის“ და შპს „ივერია მოტორსის“ წინააღმდეგ სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის მიზნით. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 13 ოქტომბერს, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მხარეებს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 ოქტომბრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ააიპ „მედია კავშირი ღია აფხაზეთისათვის“ და სს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები, (საკითხის განხილვას არ დასწრებია შპს „ივერია მოტორსის“ წარმომადგენელი).
სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო სარეკლამო რგოლის მაუწყებლის მიერ გავრცელება ამ ეტაპზე აღარ ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნად მხოლოდ კონტრრეკლამის განხორციელების დავალდებულება რჩება, რაც მათთვის რეპუტაციის აღმდგენი იქნებოდა, ხოლო ააიპ „მედია კავშირი ღია აფხაზეთისათვის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან პირდაპირ ააიპ „მედია კავშირი ღია აფხაზეთისათვის“ მიმართვის შემთხვევაში, კომპანია მზად იყო მოეხდინა სწრაფი რეაგირება და აღმოეფხვრა ხარვეზი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა.
კომისიისაპარატისმაუწყებლობისრეგულირებისდეპარტამენტისდასკვნაშიაღნიშნულია, რომ:
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა განმარტებულია, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად:
- არაკეთილსინდისიერი რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.
- არასარწმუნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს რეკლამის დამკვეთის, საქონლის თვისებების, შემადგენლობის, დამზადების ადგილის, წესის, თარიღის, დანიშნულების, სამომხმარებლო თვისებების, გამოყენების პირობების, სერტიფიკატის ნიშნების, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის, რაოდენობის, ბაზარზე საქონლის არსებობის, მისი აღნიშნული რაოდენობით მითითებულ ადგილზე და ვადაში შეძენის შესაძლებლობის, რეკლამის გავრცელებისას საქონლის ღირებულების (ფასის), ანაზღაურების დამატებითი პირობების, საქონლის მიტანის, დაბრუნების, შეკეთების, საგარანტიო ვალდებულებების, ვარგისიანობის ვადის, სახელმწიფო სიმბოლიკის (დროშა, გერბი, ჰიმნი) გამოყენების უფლების, ოფიციალური აღიარების (მადლობის, პრიზების, დიპლომებისა და სხვა ჯილდოების მიღება), გამოკვლევისა და გამოცდის შედეგების, საქონელზე მოთხოვნის ფაქტობრივი მოცულობის შესახებ.
- არაეთიკური რეკლამა არის რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.
- შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „ივერია მოტორსის“ კომერციული რეკლამა (სარეკლამო რგოლი თან ერთვის) შინაარსობრივად და მიაჩნია, რომ რეკლამის არაკეთილსინდისიერ რეკლამად დაკვალიფიცირება/არ დაკვალიფიცირების საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და აღნიშნული საკითხის განხილვა–გადაწყვეტა კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს სარეკლამო რგოლის შინაარსობრივი შეფასების გათვალისწინებით, კერძოდ, კომერციული რეკლამის შინაარსში ყურადსაღებია და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ფრაზა: „არა რა მატარებლით“.
1. იმ შემთხვევაში, თუ კომისია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფრაზა მომხმარებლისათვის მეტწილად ასოცირდება მატარებლის მეშვეობით განხორციელებულ სატრანსპორტო მომსახურებასთან (შესაბამისად სს „საქართველოს რკინიგზის“ როგორც მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე მონოპოლისტი კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებასთან) და რეკლამაში გამოყენებული ინტონაციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა შეიცავს შპს „ივერია მოტორსის“ მიერ გაწეული სატრანსპორტო (ტაქსით მომსახურება) მომსახურების შედარებას მატარებლის მეშვეობით გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებასთან, ამასთან იგივე ფრაზა „არა რა მატარებლით“ გაჟღერებული შესაბამისი ინტონაციით, არაკორექტულია, მაშინ ნორმის ტელეოლოგიური განმარტებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი რეკლამა შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს როგორც არაკეთილსინდისიერი რეკლამა, რომელიც ინტონაციის გათვალისწინებით შეიცავს რეკლამირებადი მომსახურების არაკორექტულ შედარებას სხვა იურიდიულ პირის (სს „საქართველოს რკინიგზის“) მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებასთან.
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული მსჯელობა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ა) სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს მატარებლით სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე ერთადერთ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის აღნიშნული სახის მომსახურების მიწოდებას, შესაბამისად, რეკლამაში ფრაზა „არა რა მატარებილით“ ასოცირდება სწორედ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაწეულ მომსახურებასთან;
ბ) შპს „ივერია მოტორსი“ ასევე ახორციელებს მომხარებლისთვის სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებას (ტაქსით და არა მატარებლით, მაგრამ მომსახურების სახე ერთი და იგივეა, სატრანსპოროტო მომსახურება) და შესაბამისად, სარეკლამო რგოლში გამოყენებული აღნიშნული ფრაზის წარმოთქმის ინტონაციის გათვალისწინებით ხდება არაკორექტულ შედარებას სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაწეულ მომსახურებასთან, რამაც მომხმარებელს შეიძლება გაუჩინოს განცდა იმისა, რომ შპს „ივერია მოტორსი“ მომხმარებელს აწვდის უფრო კომფორტულ მომსახურებას (კონდიციონერით), უფრო ხელმისაწვდომ ფასად და ამგვარი კომფორტული და ფასის მხრივ მისაღები მომსახურება არ აქვს სს „საქართველოს რკინიგზას“
2. იმ შემთხვევაში, თუ კომისია ჩათვლის, რომ ფრაზა „არა რა მატარებლით“ მომხმარებლისათვის არ ასოცირდება მატარებლის მეშვეობით განხორციელებულ სატრანსპორტო მომსახურებასთან და ნორმის სიტყვა სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე სარეკლამო რგოლს შეაფასებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, სარეკლამო რგოლი შესაძლებელია არ იქნას დაკვალიფიცირებული როგორც არაკეთილსინდისიერი რეკლამა. ვინაიდან წარმოდგენილ სარეკლამო რგოლში არ ხდება რეკლამირებადი საქონლის არაკორექტული შედარება სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან (და არა მომსახურებასთან), რადგან არაკეთილსინდისიერი რეკლამის დეფინიციაში საუბარია საქონლის და არა მომსახურების არაკორქტულ შედარებაზე. ასევე სარეკლამო რგოლში არ არის გამოყენებული ისეთი ფრაზები, რაც არაკორექტულად შეადარებდა შპს „ივერია მოტორსის“ სატრანსპორტო მომსახურებას სს „საქართველოს რკინიგზის“ სატრანსპორტო მომსახურებასთან, კერძოდ, არ ვხვდებით ისეთ შედარებით ფრაზებს, როგორიც არის მაგალითად „უფრო კომფორტული“, „უფრო იაფი“ „ჩვენთან კონდიციონერია და იქ არა“, „ჩვენ უფრო იაფ და კომფორტულ მომსახურებას გთავაზობთ“ და ა.შ. წარმოდგენილი რეკლამა ასევე არ შეიცავს კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, არ ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე არ ახდენს ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ“.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით კომისიის 2015 წლის 13 ოქტომბრის სხდომა გადაიდო და საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 22 ოქტომბერს 15:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს კომისიის სხდომაზე სს „საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნა რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ და ააიპ მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების თაობაზე შეთანხმების გაფორმების მიზნით. კომისიამ სს „საქართველოს რინიგზას“ დაავალა აღნიშნული შეთანხმების კომისიაში წერილობით წარმოდგენა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე, ხოლო საკითხის განხილვის მიზნით სხდომა გადაიდო 2015 წლის 29 ოქტომბრისათვის, 15:00 საათზე, რის თოაბაზეც მხარეები გაფრთილდნენ კომისიის სხდომაზევე.
სს „საქართველოს რკინიგზამ“ 2015 წლის 29 ოქტომბერს წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8316–15) აცნობა კომისიას, რომ მხარეებს შორის გაფრომდა შეთანხმება (მგ/15–034) და აღნიშნა, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ უარს აცხადებს 2015 წლის 9 სექტემბრის საჩივრის განხილვაზე და მოითხოვა მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადების საფუძველზე და მან უარი განაცხადა საჩივარზე და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამონდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76–ე, 95–98–ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად, კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს სს „საქართველოს რკინიგზის“ საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ და სს „საქართველოს რკინიგზის“-თვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ. ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტლების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა (ი.ხარებავა);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
