წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 650 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2015 12:07

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015

ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) თამთა ტეფნაძემ (2015 წლის 23 სექტემბრის №შ-10/7164-15 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2015 წლის 5 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის ნ. ბრეგვაძის მიერ გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ნოშრევან სამხარაძის 2015 წლის 27 მაისის განცხადება. აღნიშნული განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ნ. სამხარაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდგომ, მისი მობილური ტელეფონი, სატელეფონო სიმ-ბარათთან (ნომრით 571 09 0X XX) ერთად  7-8 თვის განმავლობაში ინახებოდა საგამოძიებო სამსახურში და განმცხადებლის ოჯახის წევრები სატელეფონო ნომრის შენარჩუნების მიზნით, სისტემატიურად ახორციელებდნენ სატელეფონო ბალანსის შევსებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნ. სამხარაძეს სატელეფონო ნომერი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოერთვა და გასხვისდა სხვა პირზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მისთვის უკანონიდ ჩამორთმეული და გასხვისებული ნომრის დაბრუნებას.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის მიმართვებზე შპს „მობიტელის“ მხრიდან წარმოდგენილი საპასუხო წერილებით დასტურდება, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლის წარმოდგენა და ვერ დაასაბუთა აბონენტისთვის მომსახურების  შეზღუდვის საფუძველი. საზოგადოებრივი დამცველის მომართვის თანახმად, ამავე წერილებით დასტურდება, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან არ იქნა დაცული როგორც მომსახურების შეზღუდვამდე, ასევე, მომსახურების შეწყვეტამდე მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების ვალდებულება. საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი ნორმები:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე:
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გარდა, სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში (საზოგადოებრივი დამცველი თავის მომართვაში აღნიშნავს, რომ მომსახურების შეწყვეტამდე შპს ,,მობიტელის“ მიერ არ მომხდარა მომსახურების შეზღუდვა და შეზღუდვის საფუძვლის აღმოსაფხვრელად მომხმარებლისთვის 45 დღიანი ვადის განსაზღვრა, რაც მისი განმარტებით, წარმოადგენს რეგლამენტის ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევას);
  5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს მომსახურების შეზღუდვის ერთ-ერთ ისეთი  ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ დარღვევის აღმოფხვრას, ხოლო მეორე მხრივ უსაფუძვლოდ არ შეზღუდავს მომხმარებლის ინტერესს ისარგებლოს მომსახურების სხვა სახეებით;

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოვიდა ნ. სამხარაძის 2015 წლის 12 აგვისტოს წერილი, რომელშიც განმცხადებელი ადასტურებს თანხმობას მისი კუთვნილი მობილური ნომრის - 571 090XXX მომსახურების შეზღუდვისა და გასხვისების საკითხი განხილულ იქნას კომისიის მიერ და ამ პროცესში მისი სახელით ჩაერთოს საზოგადოებრივი დამცველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს ფიზიკურ პირ ნ. სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით კომისიის მიერ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და საზოგადოებრივი დამცველის აღნიშნულ წარმოებაში მხარედ ჩართვას.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაზე თანდართული შპს „მობიტელის“ 2015 წლის 16 ივლისის №9/574 საპასუხო წერილის თანახმად, აბონენტ ნოშრევან სამხარაძესთან გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოძიება ვერ მოხერხდა, ხოლო აბონენტისთვის მომსახურების შეწყვეტის საფუძველი წარმოიშვა 2014 წლის 25 ნოემბერს და მომსახურებაც შეწყდა ამავე დღეს. ამავე წერილის თანახმად, აბონენტს 90 დღის განმავლობაში არანაირი ფასიანი მომსახურება არ განუხორციელებია, ხოლო მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით აბონენტთან შემავალი მოკლე ტექსტური შეტყობინების ამონაბეჭდის პროგრამული უზრუნველყოფა შპს „მობიტელს“ არ გააჩნია.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის ნ. ბრეგვაძის 2015 წლის 5 ივნისის №9/535 წერილი; 2. ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის 2015 წლის 27 მაისის განცხადება; 3. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 17 ივნისის №9/531 წერილი შპს ,,მობიტელს“; 4. შპს ,,მობიტელის“ 2015 წლის 25 ივნისის №9/557 წერილი თანდართული ნ. სამხარაძეზე მობილური ნომრის გადაფორების განცხადების ასლითა და მომსახურების შეწყვეტის თაობაზე აბონენტის ინფორმირების დამადასტურებელი რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტით; 5. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 9 ივლისის №9/560 წერილი შპს ,,მობიტელს“; 6. შპს ,,მობიტელის“ 2015 წლის 16 ივლისის №9/574 საპასუხო წერილი თანდართული დოკუმენტით, რომელიც შპს ,,მობიტელის“ განმარტებით, ადასტურებს აბონენტის მიერ 90 დღის განმავლობაში ფასიანი მომსახურების განუხორციელებლობის ფაქტს; 7. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 31 ივლისის №9/582 წერილი შპს ,,მობიტელს“; 8. შპს ,,მობიტელის“ 2015 წლის 31 ივლისის №9/590 საპასუხო წერილი; 9. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 31 ივლისის №9/583 წერილი ფიზიკურ პირ ნ. სამხარაძეს; 10. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 12 აგვისტოს №9/604 წერილი თანდართული ნ. სამხარაძის 2015 წლის 12 აგვისტოს წერილით.

ნ. სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც  შეტყობინებებით (№03/2416-15;; 26.10.2015; №03/2417-15; 26.10.2015; №03/2418-15; 26.10.2015)  ეცნობათ განმცხადებელ ნოშრევან სამხარაძეს, შპს „მობიტელს“ და საზოგადოებრივ დამცველს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი. ესართია და საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე.

კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა შპს ,,მობიტელის“ მიერ საზოგადოებრივი დამცველისთვის ნ. სამხარაძის განცხადებასთან დაკავშირებით გაგზავნილ საპასუხო წერილებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა მის 2015 წლის 23 სექტემბრის №შ-10/7164-15 მომართვაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადებისა და ასევე, შპს „მობიტელის“ წარმომადგენლისა და საზოგადოებრივი დამცველის ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მობიტელის“ მიმართ მომხმარებელ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

შპს „მობიტელი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, როუმინგული კავშირით მომსახურება, ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება), მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (ტექსტური შეტყობინების მომსახურება, მულტიმედიური მომსახურება, სხვ.), ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, ინტერნეტ მომსახურება, მონაცემთა გადაცემა და სხვ. შესაბამისად, შპს ,,მობიტელი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

განმცხადებელი ნოშრევან სამხარაძე წარმოადგენდა შპს „მობიტელის“ აბონენტს, რაც დასტურდება მხარეთა წერილობითი განმარტებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის  განცხადების განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2015 წლის 12 ნოემბერს, 15:00 საათზე. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, შპს „მობიტელს“ უნდა დაევალოს საზოგადოებრივი დამცველისთვის 2015 წლის 25 ივნისის №9/557 წერილით წარმოდგენილი მომსახურების შეწყვეტის თაობაზე აბონენტის ინფორმირების დამადასტურებელი რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტის  სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა არაუგვიანეს 2015 წლის 9 ნოემბრისა. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ უნდა იქნას მხარედ  ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის ინტერესების დასაცავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 12 ნოემბერს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს შპს „მობიტელს“ საზოგადოებრივი დამცველისთვის 2015 წლის 25 ივნისის №9/557 წერილით წარმოდგენილი მომსახურების შეწყვეტის თაობაზე აბონენტის ინფორმირების დამადასტურებელი რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტის  სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა არაუგვიანეს 2015 წლის 9 ნოემბრისა;

4. საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ  ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის ინტერესების დასაცავად;

5. შპს „მობიტელი“ და საზოგადოებრივი დამცველი კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის, შპს „მობიტელისა“ და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-6 და მე-9 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                 მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები