საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2015 11:37
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2015
საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზანია სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დადგენა, რის საფუძველზეც მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს რადიოსამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა.
კომისია აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 7 ოქტომბრის N612/22 გადაწვეტილებით კომისიის მიერ დამტკიცებულ იქნა ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები, რომლებიც, ამავე გადაწყვეტილების მე–9 პუნქტის შესაბამისად ძალაშია 2015 წლის 5 ნოემბრამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით და მე-4 მუხლით გათვალისწინებული კომისიის ფუნქციებისა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიაში არსებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიის წევრებისა და აპარატის თანამონაწილეობით მომზადდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შეძენის თაობაზე სატენდერო წინადადების პროექტი და შესათანხმებლად წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს. სატენდერო წინადადების შესწავლისა და ანალიზის შედეგად, კვლევით ორგანიზაციებთან წინასწარი კონსულტაციებისა და აღნიშნული ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომისიამ მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვის საწყისს ფასად უნდა განისაზღვრულიყო 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი ხოლო ვინაიდან შესასყიდი მომსახურების ღირებულება არ აღემატებოდა 200 000 ლარს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. შესაბამისად, 2015 წლის 27 აგვისტოს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (N515/22; 27.08,2015) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისა და ამ მიზნით სატენდერო წინადადების დამტკიცების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიას დაევალა: ა) მომსახურების შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდეს 2015 წლის 07 სექტემბერს, კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ბ) აღნიშნული ტენდერის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა. ამავე გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვის საწყისს ფასად განისაზღვრა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას მოხსენებითი ბარათით (26 ოქტომბერი 2015 წელი, Nშ-10/8161-15) მიმართა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილმა სატენდერო კომისიამ. აღნიშნული მოხსენებითი ბარათიდან ირკევვა, რომ კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N515/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, სატენდერო კომისიამ 2015 წლის 7 სექტემბერს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტედნერი (SPA 150024323) რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით სოციოლოგიური კვლევის მომსახურების შესყიდვის თაობაზე. სატენდერო კომისიის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 პრეტენდენტმა, კერძოდ:
1. შპს „მარკეთ ინთელიჯენს კაუკაუს“-ი სატენდერო წინადადების პირველადი ღირებულებით 58500 (ორმოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარი, ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხით 58500 (ორმოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარი.
2. ააიპ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი” სატენდერო წინადადების პირველადი ღირებულებით 52900 (ორმოცდათორმეტი ათას ცხრაასი) ლარი, ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხით 52365 (ორმოცდათორმეტი ათას სამს სამოცდახუთი) ლარი;
3. შპს „აიფიემ კვლევები“ სატენდერო წინადადების პირველადი ღირებულებით 56500 (ორმოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი, ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხით 44500 (ორმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი;
4. შპს „ბი სი ჯი კვლევა“ სატენდერო წინადადების პირველადი ღირებულებით 49708 (ორმოცდაცხრა ათას შვიდას რვა) ლარი, ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხით 44490 (ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი.
სატედნერო კომისიის მოხსენებით ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ სატენდრო კომისიამ განიხილა კომპანიის წარმოდგენილი სატენდრო წინადადება და 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N2) შპს „ბისიჯი კვლევას“ მიენიჭა დისკვალიფიკაცია, რადგან კომპანიის მიერ სარტენდერო წინადადებაში მითითებული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არ იყო შესაბამისობაში სატენდერო განცხადების მოთხოვნებთან, კერძოდ, ბოლო სამი წლიდან ერთ წელს - 2014 წელს კომპანიას არ გააჩნდა სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი წელიწადში მინიმუმ ერთი ფართომასშტაბიანი (2000 და მეტი) რესპოდენტის გამოკითვის გზით კვლევის ჩატარების გამოცდილება.
სატენდერო კომისიის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, შპს „ბისიჯი კვლევის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, რომელმაც 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სატენდერო კომისიას დაავალა 2015 წლის 22 სექტემბერს N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. შპს „ბისიჯი კვლევის“ მიერ საჩივართან ერთად ატვირთულ იქნა კომპანიის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომპანიას განხორციელებული ჰქონდა ეგზიტპოლის საშულებით მოსახლეობის გამოკითხვა.
სატენდერო კომისიის განმარტებით, სწორედ პრეტენდენტ შპს „ბისიჯი კვლევის“ საჩივართან ერთად თანდართულმა დოკუმენტმა სატენდერო კომისიას გაუჩინა კითხვა, თუ რამდენად სრულყოფილად იყო ჩამოყალიბებული სატენდერო განცხადების მოთხოვნები. კერძოდ: რა თქმა უნდა ეგზიტპოლი სოციოლოგიური გამოკითხვაა, მაგრამ იგი შემდგარი ფაქტის დადასტურებას წარმოადგენს. ეგზიტპოლის დროს ხდება მოსახლეობის გამოკითხვა საარჩევნო უბნებთან ერთადერთი კითხვით, თუ ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, ხოლო კვლევა, რასაც სატენდერო კომისია ითხოვდა, ეხება ისეთი ტიპის კვლევას, რომელიც გარკვეულ მოლოდინებს და სურვილებს ასახავს მოსახლეობაში, უნდა იქნას გამოკვლეული მათი დამოკიდებულება, რის საფუძველზე უნდა დადგინდეს სამომავლო სამაუწყებლო რადიო პრიორიტეტები. ეს კვლევა თავისთავად გულისხმობს სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, გარკვეული ფოკუს ჯგუფების შედგენას, კითხვარის ჩამოყალიბებას და ა.შ. შესაბამისად, სატენდერო კომისიის აზრით, ეს განსხვავებული ტიპის კვლევებია, ხოლო პრეტენდენტი კომპანიის მიერ საჩივართან თანდართული დოკუმენტი, სატენდერო კომისიის მიზნებს არ პასუხობს. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ გამოცხადებული სატენდერო განცხადება შეიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, რადგან მასში მითითებული იყო მხოლოდ სოციოლოგიური გამოკვლევის თაობაზე, რაც თავის მხრივ, სატენდერო კომისიას უზღუდავდა შემდგომი დაზუსტების შესაძლებლობას.
სატენდერო კომისიის მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სატენდერო კომისიის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი N4) კომისიის მიერ 2015 წლის 7 სექტემბრს გამოცხადებული გამარტივებულ ელექტრნულ ტენდერისათვის (SPA 150024323) მიენიჭებინა სტატუსი „ტენდერი შეწყვეტილია“. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სატენდერო განცხადების გაუმართაობა, კერძოდ, სატენდერო განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული თუ რა ტიპის კვლევის გამოცდილების დადასტურება იყო აუცილებელი ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვლისწინებით, რომ სატენდერო წინადადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ იყო დამტკიცებული, სატენდერო კომისიამ მიმართა მას კომისიის სხდომაზე განეხილა საკითხი სატენდერო წინადადებაში შესაბამისი შესწორების შეტანის თაობაზე.
კომისიამ 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის მოხსენებითი ბარათში (26 ოქტომბერი 2015 წელი, Nშ-10/8161-15) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე აღნიშნავს:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზანია სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დადგენა, რის საფუძველზეც მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს რადიოსამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა;
„საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 7 ოქტომბრის N612/22 გადაწვეტილებით კომისიის მიერ დამტკიცებულ იქნა ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები, რომლებიც, ამავე გადაწყვეტილების მე–9 პუნქტის შესაბამისად ძალაშია 2015 წლის 5 ნოემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N515/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატენდერო განცხადების პირობებში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ხელახლა გამოცხადების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების ეტაპებისთვის განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, კომისია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მომსახურების შესყიდვას 2015 წლის 6 ნოემბრამდე.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობა არის ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია უმოკლეს ვადაში ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვას, აღნიშნული რეალურ საფრთხეს შეუქმნის მის ფუნქციონირებას,უფრო მეტიც, შეუძლებელს გახდის კომისიის მიერ მასზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის დაკისრებული ვალდებულების სათანადოდ შესრულებას.
კომისია აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება შეუძლებელი იყო წინასწარ განსაზღვრულიყო, ვინაიდან, როგორც თავად კომისიისთვის, ასევე, სატენდერო კომისიისთვის წინასწარ განჭვრეტადი ვერ იქნებოდა შპს ,,ბი სი ჯი კვლევის“ სატენდერო კომისიის მიერ მის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლით დისკვალიფიკაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შპს „ბისიჯი კვლევის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე საჩივართან ერთად ატვირთული ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომპანიას 2014 წელს განხორციელებული ჰქონდა ეგზიტპოლის საშულებით მოსახლეობის გამოკითხვა, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების დაზუსტებისთვის ვადის მიცემის შესაძლებლობის არარსებობა კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს N515/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატენდერო განცხადების პირობების გამო, რომლებიც შეიცავდნენ მითითებას მხოლოდ სოციოლოგიური გამოკვლევის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არსებული გადაუდებელი აუცილებლობის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.
კომისია აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია უმოკლეს ვადაში ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვას, აღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს, კერძოდ, სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის და საზოგადოების მოთხოვნის დაუდგენლობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომისიის მიერ რადიოსამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა, რაც შედეგად ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24 მუხლებით გარანტირებულ სიტყვისა და აზრის თავისუფლებას და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა უნდა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტედნერისთვის სტატუსის ,,დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, ,,არ შედგა“ ან ,,შეწყვეტილია“ მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/ თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის ასრებობის შემთხვევაში) ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა ან წილის 100%-იან მმართველთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომისია აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისიის მიერ 2015 წლის 7 სექტემბერს გამოცხადებული გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს (SPA 150024323) მიენიჭა სტატუსი „ტენდერი შეწყვეტილია“. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციულ ორგანო და შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ღებულობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შემდეგი პრინციპებით:
ა) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას ერთეულის ფასი აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ერთეულის ფასს;
ბ) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას მიმწოდებლის გამოცდილება და სხვა პერსონალური მახასიათებლები (წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვ.) უარესი/უფრო მცირე იყოს, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები;
გ) დაუშვებელია გამარტივებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი, თვისობრივი ან სხვაგვარი მონაცემები უარესი/უფრო მცირე იყოს, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა დადოს მომსახურების იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
კომისია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის მიერ 2015 წლის 7 სექტემბერს გამოაცხადებულ გამარტივებული ელექტრონული ტედნერში (SPA 150024323) მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს წარმოადგენდა შპს „აიფიემ კვლევები“ ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხით 44500 (ორმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით შპს „აი ფი ემ კვლევების“ ხელმძღვანელს წარმოადგენს ბატონი გოჩა ცქიტიშვილი. კომისიის წევრი ბატონი კახი ბექაური და ბატონი გოჩა ცქიტიშვილი ერთად არიან სხვა იურიდიული პირის დამფუძნებლები, პარტნიორები.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. აქედან გამომდინარე, კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების მიუკერძოებლობის მიმართ ყოველგვარი ეჭვის გაქარწყვლის მიზნით და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატენდერო კომისიის მიერ 2015 წლის 7 სექტემბერს გამოაცხადებულ გამარტივებული ელექტრონული ტედნერში (SPA 150024323) მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს წარმოადგენდა ააიპ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი” ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხით 52365 (ორმოცდათორმეტი ათას სამას სამოცდახუთი) ლარი, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარატმენტს (გ. სულუხია) უნდა დაევალოს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად სოციოლოგიური კვლევის მომსახურების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება სწორედ ააიპ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე და კომისიის წევრები: კ. ბექაური, გ. ფრუიძე და მ. ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი: ე.ასანიძე)
გადაწყვიტა:
- საზოგადოებრივი აზრის კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ. სულუხია) რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად სოციოლოგიური კვლევის მომსახურების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება ააიპ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობების დაცვით;
- წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
- წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრ ე. ასანიძის განსხვავებული აზრი:
კომისიის წევრმა ე. ასანიძემ განაცხადა, რომ როცა საკანონმდებლო ცვლილება (,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ1 ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, შეუთანხმოს სააგენტოს) ამოქმედდება პირველი ნოემბრიდან, კომისია ვალდებული იქნება შეუთანხმოს პირდაპირი შესყიდვის საკითხი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. კომისიის წევრ ე. ასანიძის განცხადებით, კანონით პრიორიტეტების დადგენისთვის გათვალისწინებული ვადების დარღვევის თვალსაზრისით, ორი დღე არსებითი მნიშვნელობის არ არის. მით უმეტეს, როდესაც ამ ტენდერიდან გამომდინარე არის შეკითხვები, როგორც სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებით, ასევე, შეკითხვები არის დაფიქსირებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში და სავსებით ლეგიტიმური და გასაზიარებელი შეკითხვებია, როგორც პირველ პრეტენდენტთან, ისე მეორე პრეტენდენტთან დაკავშირებით. კომისიის წევრმა ე. ასანიძემ ასევე, აღნიშნა, რომ ტენდერში მონაწილე დაბალი ფასის მქონე მეორე პრეტენდენტთან დაკავშირებით არსებული კითხვა არ არის ასახული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში, ამიტომ ამ გადაწყვეტილებაში მაინც აუცილებლად უნდა აისახოს. ე. ასანიძემ აღნიშნა, რომ მას არ სურს, რომ ისეთივე კითხვები გაჩნდეს პირდაპირი შესყიდვის შესახებ კომისიის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგ. თუ რატომ აფორმებს კომისია პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებას მესამე პრეტენდენტთან, რადგან შეიძლება შემდგომში აღმოჩნდეს ისეთი გარემოებები, რომლებიც კომისიისთვის უცნობი იყო ამ პირთან დაკავშირებით, რასაც დაემატება კომიისიის სიჩქარე, პირველ ნოემბრამდე მოასწროს პირდაპირი შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. კომისიის წევრ ე. ასანიძის განცხადებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან პირდაპირი შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხი მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შესათანხმებელი იქნება, სწორი იქნებოდა, საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ კომისიას ჯერ მიეღო კანონით გათვალისწინებული თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან და ამის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
