წვდომის მენიუ

შპს „სუფსა ტექნოკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 665 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 13:07

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2015

შპსსუფსა ტექნოკომისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 28 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/7267-15, 28.09.2015) თანდართული მასალით (შპს ,,სუფსა ტექნოკომისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილება) საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალა კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე, რაც გულისხმობს შპს ,,სუფსა ტექნოკომის“ მიერ გადაწყვეტილებაში მითითებულ 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას. მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომპანიას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2015 წლის 8 სექტემბერს, თუმცა შპს „სუფსა ტექნოკომს“ 2015 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით, გადაწყვეტილებაში მითითებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ შეუვსია.

2015 წლის 17 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის N10/6817-15 მოხსენებითი ბარათი, თანდართული მასალით (შპს ,,სუფსა ტექნოკომისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილება), საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის კონტროლი დაევალა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს, რაც გულისხმობს შპს „სუფსა ტექნოკომის“ მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობას. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ  კომპანიას არ განუხორციელებია შესაბამისი ქმედება და  შპს ,,სუფსა ტექნოკომს“ 2013 წლის ივნისის  თვის შემდეგ  კვლავ წარმოსადგენი აქვს კომისიაში  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების (№შ-10/7267-15, 28.09.2015;  №შ-10/6817-15, 17.09.2015) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის 23 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,სუფსა ტექნოკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 28 ოქტომბერს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სუფსა ტექნოკომს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/2409-15; 23.10.2015; ჩაბარება: 26.10.2015; დავით ბოლქვაძე, დირექტორი), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 28 ოქტომბრის  სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სუფსა ტექნოკომის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას გაეგზვნა იმ მისამართზე, რომელი მისამართიც ფიქსირდება კომისიის უწყებრივ რეესტრში. აღნიშნული შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 26 ოქტომბერს, რაც დავით ბოლქვაძის  ხელისმოწერით დასტურდება. შესაბამისად, კომისიის მიერ დაცული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ 28 ოქტომბრის სხდომაზე საკითხის განხილვა გადადო 2015 წლის 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „სუფსა ტექნოკომს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040030122297).

2015 წლის 5 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური (5.11.2015;N10/8504-15) და საფინანსო დეპარტამენტის (5.11.2015; N10/8501-15) სამსახურებრივი ბარათები, რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „სუფსა ტექნოკომს“ 2015 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2013 წლის ივლისის თვიდან  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, აგრეთვე ავტორიზაციის გავლიდან დღემდე სტატისტიკური ანგარიშგების ყველა ფორმა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სუფსა ტექნოკომსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №03/2472-15 შეტყობინება ჩაიბარა შპს „სუფსა ტექნოკომსის“ დირექტორმა დავით ბოლქვაძემ,  რაც დასტუდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040030122297). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „სუფსა ტექნოკომსის“ დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/7267-15, 28.09.2015);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/6817-15, 17.09.2015);
  3. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება;
  4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სუფსა ტექნოკომის“  შესახებ მონაცემები.
  5. კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილება შპს „სუფსა ტექნოკომისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (08.09.2015; დავით ბოლქვაძე, დირექტორი);
  6. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 28 ოქტომბრის N10/8278-15 სამსახურებრივი ბარათი კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0.5 % თაობაზე;
  7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის N10/8501-15 სამსახუარებრივი ბარათი შპს „სუფსა ტექნოკომის“ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის თაობაზე;
  8. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის №შ-10/8504-15  სამსახურებრივი ბარათი შპს „სუფსა ტექნოკომის“  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  „სუფსა ტექნოკომი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 22.02.2010. ადგილობრივი დაშვების სადენიანი ქსელითა და/ან სადენიანი ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ-მომსახურება);

2. შპს  „სუფსა ტექნოკომი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი 1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4. შპს  „სუფსა ტექნოკომს“ 2013 წლის ივნისის შემდეგ 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშები კომისიაში არ წარმოუდგენია და მათ შესაბამისად რეგულირების საფასური არ გადაუხდია;

5. შპს „სუფსა ტექნოკომს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან არ წარმოუდგენია არც ერთი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა;

6. კომისიის 2015 წლის 1  სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილებით, შპს „სუფსა ტექნოკომს“ მიეცა გაფრთხილება და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა 10 სამუშაო დღის ვადაში 2013 წლის ივლისიდან რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „სუფსა ტექნოკომს“ დაევალა სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების შევსება და კომისიაში 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტიება კომპანიას  ჩაბარდა 2015 წლის 8 სექტემბერს.

7.  შპს ,,სუფსა ტექნოკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება, მის მიერ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო (კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილება);

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირები  ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიას არ არის მაუწყებელი, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,სუფსა ტექნოკომის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებისა  და კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილების  მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებითა და კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევას. აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სუფსა ტექნოკომის“ მიმართ გამოყენებული იყო - გაფრთხილება იდენტური დარღვევისათვის  და სახეზეა დენადი ხასიათის დარღვევა - კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას 2013 წლის ივნისის თვინად კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 28 ოქტომბრის N10/8278-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შეუძლებელია ბოლო  12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის, შესაბამსიად კი მისი 0.5% დადგენა,  კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „სუფსა ტექნოკომის“  მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;

ამასთან, კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანიას უნდა დაევალოს  2010 წლის თებერვლიდან შესაბამისი სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე 2013 წლის ივლისიდან  რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს  შპს „სუფსა ტექნოკომს“ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N521/18 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს ,,სუფსა ტექნოკომს“  2013 წლის ივლისიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს „სუფსა ტექნოკომმა“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ავტორიზაციის გავლის დღიდან დღემდე შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. უზრულნველყოს შპს „სუფსა ტექნოკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:  ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22; სახაზინო კოდი -  300643251;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუფსა ტექნოკომისთვის“ გაგზავნა;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,სუფსა ტექნოკომის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სუფსა ტექნოკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ  ქათამაძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები