სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“- განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2015 18:19
მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015
სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“- განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/170-14. 08.12.14) მინი მეტეოროლოგიური რადარის ქ.ქუთაისში (აეროპორტის ტერიტორია) განთავსების და ფუნქციონირებისთვის 9.410 გჰც სიხშირის (ზოლის სიგანე ± 30 მჰც) მონიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისიამ, ზემოაღნიშნული 2014 წლის 31 დეკემბერს წერილით (№06/2751-14) აცნობა სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის და ამავე წერილით მოითხოვა, წარმოედგინა ქ.ქუთაისში, აეროპორტის ტერიტორიაზე (ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს) მათ მიერ განსაზღვრული კოორდინატებით რადარის განლაგებასა და ფუნქციონირებაზე, შპს „საქაერონავიგაციასთან“ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიამ, განმცხადებელს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 500 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო
ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთის და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/2751-14, 31.12.2014წ.), რომელიც ჩაბარდა სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, 05.01.2015 წელს.
კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი (სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი) და დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“, განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №3/170-14. 08.12.14)) სიხშირის მინიჭების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“, ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკ
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
