წვდომის მენიუ

შპს „საქაერონავიგაციის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 68 / 12

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2015 18:19

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015

შპს „საქაერონავიგაციის“ განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/583-14. 08.12.14) მანძილმზომი მოწყობილობების (DME) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (900მჰც÷1215მჰც) ფუნქციონირებისთვის  ხუთი არხის  მინიჭების მოთხოვნით.

       კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

        „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

        კომისიამ, ზემოაღნიშნული 2014 წლის 31 დეკემბერს  წერილით №06/2750-14  აცნობა შპს „საქაერონავიგაციას“, მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის და ამავე წერილით მოითხოვა, წერილობით  ეცნობებინა მათ მიერ გამოყენებისთვის შერჩეული მანძილმზომი მოწყობილობის (DME), 900მჰც÷1215მჰც  სიხშირული ზოლის ფარგლებში არხებად დაყოფის (საარხო სიხშირეების) წესი  და ერთი  არხით (საარხო სიხშირით) დაკავებული ზოლის სიგანე.

        კომისიამ, განმცხადებელს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის   500 ლარის  (500  ლარი 1  სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/2750-14, 31.12.2014წ.), რომელიც ჩაბარდა შპს „საქაერონავიგაციას“, 05.01.2015 წელს.

      კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი (სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი) და დამატებითი ინფორმაცია  არ წარმოუდგენია.

    კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად დარჩეს შპს „საქაერონავიგაციის“, განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/583-14. 08.12.14) სიხშირის მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქაერონავიგაციისთვის“,     ჩაბარებისთანავე. 

   კომისიის    თავმჯდომარე                                                                                 ვ.აბაშიძე                                                           

   კომისიის წევრი                                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

   კომისიის    წევრი                                                                                                ა.სიხარულიძე   

    კომისიის    წევრი                                                                                                კ.ბექაური

   კომისიის    წევრი                                                                                                 ი.მოსეშვილი                                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები