წვდომის მენიუ

ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე

ნომერი: 681 / 2

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2015 13:31

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2015

ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/7252-15, 28.09.2015წ.) მიმართა ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიას 2015 წლის 25 ნოემბრამდე კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №744/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;                                       

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ა) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

ბ) ტექნიკური პარამეტრები:

ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;

ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;

ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;

ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 94.3 მგჰც;

ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;

ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;

ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს  33 სამუშაო დღისა.  ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8498-15, 04.11.2015 )

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის №608/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/7318-15, 30.09.2015), რომელმაც ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10 692.00 ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა                          ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე და სახეობა აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად მაუწყებლობის სახეებია, ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობებია კერძო მაუწყებლობა და სათემო მაუწყებლობა, ხოლო ქვესახეობებია საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა. გარდა ამისა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით დასაზუსტებელია მაუწყებლობის ენა/ენები და მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა           ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი თინათინ ცისკარაძე, რომელმაც დაადასტურა  მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა, ასევე დააზუსტა მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 12 საათი. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ წერილი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8498-15, 04.11.2015 ), რომლის თანახმად კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მაუწყებლობის ენებია ქართული და ინგლისური.   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა სალიცენზიო პირობები მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის N6 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კუთვნილ მაუწყებლობის №B12 ლიცენზიას 2015 წლის 25 ნოემბრიდან 2025 წლის 25 ნოემბრამდე;

2. მოდიფიცირდეს ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) მაუწყებლობის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

 

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი

94.3

FM

V

წრიული

1000

N 41°41'45"

E 44°47'06"

100

8

 

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ  500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ).

3. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი.

4. ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“  ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ)  არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

5. ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს.

6. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

891.00 ლარი – 2015 წლის 6 დეკემბრამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 იანვრამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 თებერვლამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 მარტამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 აპრილამდე;

891.00 ლარი – 2016  წლის 6 მაისამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 ივნისამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 ივლისამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 აგვისტომდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 სექტემბრამდე;

891.00 ლარი  - 2016 წლის 6 ოქტომბრამდე;

891.00 ლარი – 2016 წლის 6 ნოემბრამდე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) და ბ), გ), დ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2, მე-3, მე-4 და მე–6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                         მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                 გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები