შპს ”ბლექ სი სატისთვის” მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2015 13:23
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015
შპს ”ბლექ სი სატისთვის” მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ბლექ სი სატმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5317-15, 29.07.15) მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
შპს ”ბლექ სი სატი” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს სპეციალიზებულ გასართობ ტელემაუწყებლობაზე. კომპანია ასევე ავტორიზებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-13 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია უქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს რეგულირების საფასური. კომპანიის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2014 წლის ნოემბრის თვის და 2015 წლის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, ხოლო მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები საერთოდ არის წარმოდგენილი. შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება გააჩნია თუ არა შპს ”ბლექ სი სატს” რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. შპს ”ბლექ სი სატს” კომისიაში არ წარმოუდგენია 2013 წლიდან დღემდე ზემოაღნიშნული სტატისტიკური ფორმები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/1832-15, 27.08.2015წ., რომელიც შპს ”ბლექ სი სატს” ჩაბარდა 2015 წლის 31 აგვისტოს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 45’ მუხლის მე-13 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”ბლექ სი სატს” მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმებაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის გამო, შპს ”ბლექ სი სატისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ბლექ სი სატისთვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
