შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2016 13:53
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2015 წლის 27 აგვისტოს მიიღო №514/23 გადაწყვეტილება შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს №514/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „მაგთიკომისგან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და დოკუმენტაცია. მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია შპს „მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 24 სექტემბრის N შ-6/7182-15 წერილით ამასთან შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა მის მიერ ამ წერილით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
შპს „მაგთიკომმა’“ 2015 წლის 9 ნოემბრის N 15/206-10 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/8613-15) წერილით დააზუსტა მის მიერ 2015 წლის 24 სექტემბრის N შ-6/7182-15 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა. დაზუსტებული მოთხოვნით შპს „მაგთიკომი“ ითხოვს 2015 წლის 24 სექტემბრის N შ-6/7182-15 წერილის დანართი N2-ით წარმოდგენილი შპს „მაგთიკომის“ 2013-2014 წლების აუდირებული ფინანსურ ანგარიშების (ორი დოკუმენტის) შემდეგი გვერდების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას:
- ორივე დოკუმენტის ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და კაპიტალის ცვლილებების უწყისი (გვ.6-7);
- ორივე დოკუმენტის დეტალიზირებული ფინანსური ინფორმაცია (გვ. 10-19);
- ორივე დოკუმენტის კომპანიის საოპერაციო რისკების მართვა (გვ. 19-25)
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 9 ნოემბრის N 15/206-10 წერილში შპს „მაგთიკომი“ განმარტავს, რომ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების პირველ პუნქტში მოცემულია დეტალიზებული ინფორმაცია კომპანიაში ფულადი სახსრების მოძრაობაზე, მეორე პუნქტი მოიცავს ინფორმაციას შპს „მაგთიკომის“ მიერ ცალკეული მიმართულებებით განხორციელებული ინვესტიციების, ხარჯების და შემოსავლების თაობაზე, ხოლო მესამე პუნქტი ეხება კომპანიის საოპერაციო, საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასებას. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შემთხვევაში კონკურენტ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია შპს „მაგთიკომში“ არსებული ფულადი სახსრების მოძრაობაზე, ფინანსური რისკების თაობაზე და ექნებათ ინფორმაცია თითოეული ბიზნეს-მიმართულებების მიხედვით შემოსავლებზე, თვითღირებულებებზე და მომგებიანობაზე, რაც წარმოადგენს კომპანიისათვის მნიშნველოვან ინფორმაციას და რომლის გამჟღავნების შემთხვევაში, კონკურენტ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა განსაზღვრონ შპს „მაგთიკომის“ კონკრეტული მომსახურებების გაწეული დანახარჯები და მიღებული შემოსავლები. ამავე წერილში შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ KPMG-ის მიერ აუდირებული და დამოწმებული ფინანსური ანგარიშები წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რადგან ეს დოკუმენტი შეიცავს კომპანიის როგორც საოპერაციო, ისე ფინანსურ ძლიერი და სუსტი მხარეების და კომპანიის სტრატეგიის შესახებ ინფორმაციას, ამიტომ ამ დოკუმენტის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ განიხილა შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 24 სექტემბრის N შ-6/7182-15 წერილი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „მაგთიკომის“ 2013 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგების იმ გვერდებზე რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „მაგთიკომი“ მოცემულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
გვერდი 6 - საკუთარ კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება 2013 და 2014 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით;
გვერდი 7 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება 2013 და 2014 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით;
გვერდი 10 - რეალური ღირებულების განსაზღვრა და შემოსავლები;
გვერდი 11 - ხარჯი საოპერაციო საქმიანობიდან, რეალიზაცია და ამინისტრაციული დანახარჯები;
გვერდი 12 - პერსონალის ხარჯი, ფინანსური შემოსავალი და ხარჯი და მოგების გადასახადი ხარჯი;
გვერდი 13 -ეფექტური საგადასახადო განაკვეთის შეჯერება;
გვერდი 14 - ძირითადი საშუალებები;
გვერდი 15 -არამატერიალური აქტივები;
გვერდი 16 - გადავადებული საგადასახადო აქტივები და ვალდებულებები;
გვერდი 17 - მარაგები, სავაჭრო და სხვა მიმდინარე მოთხოვნები;
გვერდი 18 - ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები; ქონება და კაპიტალის მართვა;
გვერდი 19- სავაჭრო და სხვა ვალდებულებები;
გვერდები 20,21,22,23-ფინანსური რისკები და ფინანსური რისკების მართვა;
გვერდი 24 - კაპიტალური დანახარჯების გაწევის ვალდებულება, გაუთვალისწინებელი გარემოებები და ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან;
გვერდი 25 - შეფასების საფუძვლები და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა.
2. შპს „მაგთიკომის“ 2014 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგების იმ გვერდებზე რომლი კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „მაგთიკომი“ მოცემულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
გვერდი 6 - საკუთარ კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება 2013 და 2014 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით;
გვერდი 7 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება 2013 და 2014 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით;
გვერდი 10 - რეალური ღირებულების განსაზღვრა და შემოსავლები;
გვერდი 11 - ხარჯი საოპერაციო საქმიანობიდან, რეალიზაცია და ამინისტრაციული დანახარჯები;
გვერდი 12 - პერსონალის ხარჯი, ფინანსური შემოსავალი და ხარჯი და მოგების გადასახადი ხარჯი;
გვერდი 13 -ეფექტური საგადასახადო განაკვეთის შეჯერება;
გვერდი 14 - ძირითადი საშუალებები;
გვერდი 15 -არამატერიალური აქტივები;
გვერდი 16 - გადავადებული საგადასახადო აქტივები და ვალდებულებები;
გვერდი 17 - მარაგები, სავაჭრო და სხვა მიმდინარე მოთხოვნები;
გვერდი 18 - ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები; ქონება და კაპიტალის მართვა;
გვერდი 19- სავაჭრო და სხვა ვალდებულებები;
გვერდი 20,21,22,23-ფინანსური რისკები და ფინანსური რისკების მართვა;
გვერდი24 - კაპიტალური დანახარჯების გაწევის ვალდებულება, გაუთვალისწინებელი გარემოებები და ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან;
გვერდი 25 - შეფასების საფუძვლები და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
კომისია აღნიშნავს, რომ რადგან შპს „მაგთიკომის“ აუდირებულ ანგარიშგება შეიცავს მათ შორის განზოგადებულ ინფორმაციას ავტორიზებული პირის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ინფორმაციულ ანალიტიკურმა დეპარტამენტების მიერ შედარებულ იქნა შპს „მაგთიკომის“ აუდირებული ფინანსური ანგარიშგებით წარმოდგენილი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია კომისიის სტატისტიკურ ბაზაში არსებულ იგივე შინაარსის ინფორმაციასთან. შედარების შედეგად დადგინდა, რომ შპს „მაგთიკომის“ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („IFRS“) მიხედვით, ხოლო სტატისტიკური ბაზაში წარმოდგენილია შემოსავლების და დანახარჯების შესახებ პირველადი მონაცემები, ამასთან ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია დაჯგუფებულია ეკონომიკური შინაარსის და „IFRS“ სტანდარტებით დადგენილი სპეციალური სტრუქტურის მიხედვით.
კომისია აღნიშნავს, რომ რადგან შპს „მაგთიკომის“ 2013 და 2014 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია ამ ინფორმაციის ფორმატით და მომზადების სტანდარტებით მნიშვნელოვნად განსხვავდება კომისიის სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემებისაგან და ამასთან აღნიშნული ინფორმაციის კომერციული ტიპის ანალიზი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ამ სახით ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, კომისიას მიაჩნია რომ კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს №514/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2015 წლის 9 ნოემბრის N 15/206-10 და 2015 წლის 24 სექტემბრის N შ-6/7182-15 წერილებით წარმოდგენილი და დაზუსტებული ინფორმაცია ნაწილობრივ, კერძოდ შპს „მაგთიკომის“ 2013 და 2014 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგების გვერდებზე: 6,7,10,11,12,13,14,15,16,17,18,19,20,21,22,23,24,25 მოცემული დეტალური ინფორმაცია ფინანსური მონაცემების თაობაზე გარდა განზოგადებული ინფორმაციისა მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა 2015 წლის 24 სექტემბრის N შ-6/7182-15 და 2015 წლის 9 ნოემბრის N 15/206-10 წერილებით წარმოდგენილი და დაზუსტებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი შპს „მაგთიკომის“ 2013 და 2014 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგების გვერდებზე: 6,7,10,11,12,13,14,15,16,17,18,19,20,21,22,23,24,25 მოცემული დეტალური ინფორმაცია ფინანსური მონაცემების თაობაზე გარდა განზოგადებული ინფორმაციისა მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ;
2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
