წვდომის მენიუ

შპს „Net House Telecom“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

ნომერი: 713 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 12:46

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015

შპსNet House Telecom“-ისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8455-15, 03.11.2015) სადაც აღნიშნულია, რომ შპს “Net House Telecom“-მა კომისიას მომართა განცხადებით (Nშ-6/7495-15, 06.10.2015), ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე.  წერილში აღნიშნულია ასევე, რომ კომპანიის მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს განხორციელდა ცვლილებები მათ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ პაატა ჭეღელიძის ნაცვლად  კომპანიის დირექტორად და 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა გელა ჩხიკვაძე. კომპანია აღნიშნავს ასევე, რომ ცვლილებების თაობაზე კომისიას ეცნობა 2015 წლის 19 აგვისტოს, თუმცა როგორც კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტშია აღნიშნული, კომისიაში  შპს “Net House Telecom“-ის 2015 წლის 19 აგვისტოს წერილი, რეგისტრირებული კომისიის კანცელარიაში არ იძებნება, შესაბამისად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) და გ) ქვეპუნქტები. სამსახურებრივ ბარათში დამატებით აღნიშნულია, რომ შპს “Net House Telecom“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის 9 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს “Net House Telecom“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 19 ნოემბერს 15:00 საათზე.  აღნიშნულის თაობაზე შპს “Net House Telecom“-ს ეცნობა შეტყობინებით (№03/2561-15, 09.11.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  იმის გათვალისწინებით, რომ შპს „Net House Telecom”-ი 2015 წლის 6 ოქტომბერს კომისიის  ელექტრონულ ფოსტაზე post@gncc.ge,  გადმოგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომისიას კომპანიის დამფუძნებლებისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე ეცნობა 2015 წლის 19 აგვისტოს წერილით, რომელიც კომისიის კანცელარიაში რეგისტრირებული არ არის და შესაბამისად არ იძებნება კომისიაში, შპს „Net House Telecom”-ს ეთხოვა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ჰქონდა 2015 წლის 19 აგვისტოს წერილის კომისიაში ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი, აღნიშნული დოკუმეტნის კომისიაში წარმოდგენა 2015 წლის 19 ნოემბრამდე. კომპანიას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხსი განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „Net House Telecom“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (№03/2561-15, 09.11.2015) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2015 წლის 11 ნოემბერს (გზავნილის კოდი 040030123199).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს „Net House Telecom“-ს (№03/2561-15, 09.11.2015) და აღნიშნული შეტყობინება კომპანიის წარმომადგენელს პაატა ჭეღელიძეს ჩაბარდა 2015 წლის 11 ნოემბერს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040030123199). აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „Net House Telecom“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „Net House Telecom“-ს განცხადება (კომისიასი რეგისტრაციის Nშ-6/8770-15) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „Net House Telecom“-ს 2015 წლის 19 აგვისტოს წერილის კომისიისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის 19 აგვისტოს წერილი კომისიში გადმოგზავნილი იყო ელექტრონულად და იგი კომისიაში არ მოსულა მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის თანამშრომლის დაუდევრობის გამო, შესაბამისად, კომპანიამ 2015 წლის 6 ოქტომბერს განმეორებით გადმოაგზავნა კომისიაში წერილი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „Net House Telecom“-ი მარტის თვიდან აღარ ეწევა ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას და შესაბამისად ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (№შ-10/8455-15, 03.11.2015);
  2. კომისიის კანცელარიაში რეგისტრირებული, შპს „Net House Telecom“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი კოდესპოდენცია 2012 წლის 22 დეკემბრიდან 2015 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით;
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „Net House Telecom”-ს  შესახებ მონაცემები;
  4. შპს „Net House Telecom“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 16.11.2015 Nშ-6/8770-15);

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  შპს „Net House Telecom” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 16.11.2012; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავსირით მომსახურება: საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2.  შპს „Net House Telecom”-ი როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 17 აგვოსტოს განხორციელდა ცვლილებები შპს „Net House Telecom”-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, შეიცვალა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, კერძოდ კომპანიის წილის 100% მფლობელი და დირექტორი პაატა ჭეღელიძის ნაცვლად, კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორი გახდა გელა ჩხიკვაძე (ამონაწერის მომზადების თარიღი: 17.08.2015 15:40:35; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B15165003). შპს „Net House Telecom”-ს კომისიისათვის არ მიუმართავს წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთან, შპს „Net House Telecom”-ს კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია წილის მფლობელთა ცვლილების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში;

4. შპს „Net House Telecom”-ს მიერ 2015 წლის 6 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნული 2015 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებული წერილი კომისიის კანცელარიაში არ არის რეგისტრირებული, წერილი კომისიაში არ შემოსულა, აღნიშნული თავის მხრივ დადასტურებულ იქნა  შპს „Net House Telecom“-ის 2015 წლის 16 ნოემბერის Nშ-6/8770-15 წერილით;

5. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია აღარ ახორციელებს საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, შპს „Net House Telecom“-ი საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას; შპს „Net House Telecom“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

6.  შპს „Net House Telecom”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს რომ:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ამავე პუნქტის გ) ქვეპუნტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, ხოლო მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის (ავტორიზაციის დეკლარაცია) მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების ითვალისწინებს ავტორიზაციის დეკლარაციაში მისათითებელ ისეთ მონაცემებს, როგორიც არის:

ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაცია გაუქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „Net House Telecom”-ის  მიერ კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე წილის გასხვისებითა და კომისიისთვის წილის მფლობელის ისევე როგორც წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის 7 სამუშაო დღის ვადაში წარმოუდგენლობით შპს „Net House Telecom”-ის მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ბ),  გ) და მ) ქვეპუნქტებისა  და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევას, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს.

კომისია დამატებით განმარტავს, რომ როგორც კომისიაში შპს „Net House Telecom”-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებებიდან (06.10 2015 Nშ-6/7495-15; 16.11.2015 Nშ-6/8770-15) ირკვევა, კომპანია აღარ ახორციელებს საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და შესაბამისად, საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კომისიის მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული შპს „Net House Telecom”-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ბ),  გ) და მ) ქვეპუნქტებისა  და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შპს „Net House Telecom”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, კომისიას მიაჩნია, რომ აზრს მოკლებულია კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენება იმ პირობებში, როდესაც შპს „Net House Telecom”-ის მიერ აღარ ხორციელდება საქმიანობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და კომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია კომისიის უფლებამოსილება ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღევის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახე, კომისიას, მოქმედებს რა აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში:

ა) შპს „Net House Telecom”-ს უნდა დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ბ),  გ) და მ) ქვეპუნქტებისა  და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანია აღარ ახორციელებს საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „Net House Telecom”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ბ) შპს „Net House Telecom”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისა უნდა გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ),  მ) ქვეპუნქტების, მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 26-ე, 27-ე, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „Net House Telecom”-ს დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ბ),  გ) და მ) ქვეპუნქტებისა  და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანია აღარ ახორციელებს საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „Net House Telecom”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. შპს „Net House Telecom”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისა გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) შპს „Net House Telecom”-სთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Net House Telecom”-ისთვის   გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „Net House Telecom”-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები