შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 12:43
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 10 ნოემბერს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8628-15. 10.11.2015) მიმართა ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“, შპს „ტელეიმედისთვის“ სოციალური რეკლამის სახით წარდგენილი კლიპის, ამ უკანასკნელის მიერ სამაუწყებლო ეთერში არ განთავსების თაობაზე.
კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის N1022 განკარგულებით შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“, რომლის მიზანია საზოგადოებრივ, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით ე.წ. ინოცავიური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტი) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფულად სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. როგორც საჩივარშია აღნიშნული, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნებაყოფლობითი მცირე დონაციების (მიკრო-დონაცია, მიკრო ფილანტროპია) ფინანსური რესურსების მობილიზებას ინდივიდუალური მოქალაქეებისა და კორპორატიული ინიციატივებიდან და ყველაზე მწვავე სოციალურ საჭიროებებზე სისტემურ მართვას. როგორც საჩივარშია აღნიშნული, ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორის თანამონაწილეობით და მცირე დონაციებით ეხმარება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და 22 წლამდე ახალგაზრდებს და დღეის მდგომარეობით ფონდმა დახმარება უკვე 115 მდე პირს გაუწია.
საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით ფონდმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლიდან გამომდინარე მიმართა შპს „ტელეიმედს“ წარდგენილი ვიდეორგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსების თხოვნით. როგორც საჩივარშია აღნიშნული, შპს „ტელეიმედმა“ სარეკლამო რგოლს სოციალური რეკლამის სტატუსი არ მიანიჭა არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე.
განცხადებას თანდართული აქვს შპს „ტელეიმედის“ წერილი (30.09.2015 N0607) სადაც აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული სოციალური რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ვიდეო რგოლი არ შეესაბამება სოციალური რეკლამისთვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, რადგან სოციალური რეკლამას არ წარმოადგენს მასალა, რომელი შეიცავს გაწეული მომსახურების რეკლამას, ხოლო რეკლამა წარმოადგენს მათ შორის მომსახურებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ემსახურება მომსახურების ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი იქნება დაკორექტირებული ვიდეო რგოლი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და სადაც არ იქნება მითითება გაწეულ მომსახურებაზე (მათ შორის განხორციელებულ დაფინანსებაზე და სხვა.) შპს „ტელეიმედი“ უზრუნველყოფს მის განთავსებას სამაუწყებლო ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით.
მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კაონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეისწავლოს შპს „ტელეიმედის“ გადაწყვეტილება წარდგენილი სარეკლამო რგოლისთვის სოციალური რეკლამის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და განხორციელოს შესაბამისი რეაგირება.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 19 ნოემბერს 15:00 საათზე; სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (16.11.2015 N03/2648-15; 16.11.2015 N03/2647-15), ეცნობათ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ და შპს „ტელეიმედს“. შპს „ტელეიმედს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა, შპს „ტელეიმედს“ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 ნოემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეიმედის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი და ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
6. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;
8. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ სადაოდ ხდის ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შპს „ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე უარის თქმის საკითხს და „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლი, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილებაში და შესაბამისად წარმოებაში უნდა იქნას მიღებული შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი და დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8628-15. 10.11.2015) განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 3 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდისა“ და შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
