წვდომის მენიუ

შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 715 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 14:51

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015

შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8052-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „ალიონის“ მიმართ 2015 წლის 5 სექტემბერს შედგენილი შემოწმების აქტი N17  თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის ბესიკ ლილუაშვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შპს „ალიონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ასლები). როგორც მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის N10/8052-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ალიონის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №17. შემოწმება ჩატარდა ქ. ქუთაისში, ბუხაიძის ქ. N59.  შპს „ალიონის“ ოფისში, კომპანიის წარმომადგენლის  ბესიკ ლოლუაშვილის თანდასწრებით.  

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის N10/8052-15 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს, შპს „ალიონი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Дом Кино”, „Fashion tv“, „Россия К“, „THT“”, „RTVi“, „History“, „ქართული არხი“, „Nature“, „TV 3“ (რუსული), „მეგა ტვ“, „პალიტრა“, „საფერავი ტვ“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „დრო“, „კომედი არხი“, „GDS“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ობიექტივი“, „აჭარა“, „რიონი“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“, „სილქ-სპორტი 3“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-ჰოლივუდი“,  „სილქ-კინოკოლექცია“, „TV1000“, „Эврокино“, „Пятница“, „Охота и Рыбалка“, „РУ ТВ“, „CTC“, „ORT“, „Шансон ТВ“, „RTR Планета“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის N10/8052-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ალიონს“ 2015 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „THT“, „ქართული არხი“, „მეგა ტვ“, „პალიტრა“, „საფერავი ტვ“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „დრო“, „კომედი არხი“, „GDS“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ობიექტივი“, „აჭარა“, „რიონი“, „РУ ТВ“.

კომისია აღნიშნავს, რომ    შპს ,,ალიონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ალიონის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება  არამართლზომიერად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ალიონის“ წარმომადგენელს ხელზე გადაეცა (კომპანიის ავტორიზაციის დღეს 2015 წლის 29 აპრილს) კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი, რომელშიც განმარტებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებები. შესაბამისად, შპს „ალიონს“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (21.10.15 Nშ-10/8052-15) საფუძველზე, კომისიაში   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2015 წლის 19 ნოემბერს  15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  შპს „ალიონს“ ეცნობა შეტყობინებით (შეტყობინების თარიღი: 10.11.2015; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/2564-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის 2015 წლის 10 ნოემბრის N 03/2564-15 შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომის ჩატარების თაობაზე, შპს „ალიონს“ ჩაბარდა 2015 წლის 11 ნოემბერს (გზავნილის კოდი: 040030123183; ჩაბარების თარიღი: 11.11.2015 ; ჩაიბარა: კ. სოხაძემ )

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა  შპს „ალიონის“ 2015 წლის 16 ნოემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8828-15; 16.11.2015), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების  რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „GDS“, „ობიექტივი“, მეგა ტვ“, „რიონი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „კომედი არხი“, ქართული არხი“, „საფერავი TV“.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8940-15 სამსახურებრივ ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ალიონმა“ 2015 წლის 16 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: „რუსთავი 2“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ქართული არხი“, „რიონი“, „ობიექტივი“, „მეგა ტვ“, „GDS“, „საფერავი TV“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8940-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მასალის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ალიონმა“ სამაუწყებლო კომპანიებისგან რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების სანებართვო წერილები მოიპოვა შემოწმების ჩატარების შემდგომ პერიოდში, კერძოდ: „რუსთავი 2“, „მარაო“, „კომედი არხი“ – 13.11.2015; „ქართული არხი“ -27.10.2015; „რიონი“- 15.11.2015; „ობიექტივი“ -13.11.2015; „მეგა ტვ“- 21.10.2015; „GDS“ – 13.11.2015. შესაბამისად, აღნიშნული არხების რეტრანსლირება შემოწმების მომენტში (2015 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით) ხორციელდებოდა არამართლზომიერად.  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8940-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „საფერავი TV“-ის სანებართვო წერილი არ არის დათარიღებული. შესაბამისად, ვერ დგინდება სამაუწყებლო არხის რეტრანსლირებაზე თანხმობის გაცემის თარიღი.

კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ალიონის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი კახა სოხაძე (შპს „ალიონის“ დირექტორის ლაშა გელაშვილის მიერ მინდობილობით უფლებამოსილება წარმომადგენლობაზე მინიჭებული ჰქონდათ კახა სოხაძეს), რომელმაც განაცხადა, რომ  შპს „ალიონმა“ ქართულ სამაუწყებლო კომპანიებს, არხების მართლზომიერი რეტრანლირების სანებართვო წერილის მოსაპოვებლად მიმართა. ქართული სამაუწყებლო არხების უმეტესობამ უკვე გასცა შესამაბიმი ნებართვა, რაც შპს „ალიონმა“ წარმოადგინა კომისიაში, ხოლო, დარჩენილი სამაუწყებლო არხებისგან ელოდება შესაბამის შეტყობინებას.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (21.10.15 ;Nშ-10/8052-15);
  2. 2015 წლის 5 სექტემბრის  N17 შემოწმების აქტი;
  3. 2015 წლის 5 სექტემბრის შპს „ალიონის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
  4. შპს „ალიონის“ მიერ  კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „ალიონისთვის“  გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  6. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ალიონის“-ს შესახებ;
  7. შპს „ალიონის“ 2015 წლის 16 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8828-15; 16.11.15) წერილი თანდართული მასალით (რიგი სამაუწყებლო არხების სანებართვო წერილები) -12 ფურც.;
  8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8940-15 სამსახურებრივი ბარათი;
  9. შპს „ალიონის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის  ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის  სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ალიონი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 29.04.2015, ავტორიზებული საქმიანობის სახე - A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:  კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2015 წლის 5 სექტემბერს, 15:50 საათზე განხორციელდა შპს „ალიონის“ შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. N59; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N17. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში  დასაქმებული უფლებამოსილი პირები: იოსებ ბაღაშვილი და  ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის წარმომადგენელი ბესიკ ლილუაშვილი;
  3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ალიონი“ საკუთარი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „THT“, „ქართული არხი“, „მეგა ტვ“, „პალიტრა“, „საფერავი ტვ“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „დრო“, „კომედი არხი“, „GDS“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ობიექტივი“, „აჭარა“, „რიონი“, „РУ ТВ“-ს;
  4. კომისიაში 2015 წლის 16 ნოემბერს  შემოვიდა  შპს „ალიონის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8828-15; 16.11.2015), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი სანებართვო წერილები, კერძოდ: „GDS“, „ობიექტივი“, მეგა ტვ“, „რიონი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „კომედი არხი“, ქართული არხი“, „საფერავი TV“.
  5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის შესწავლილ იქნა შპს „ალიონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8940-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ალიონის“ მიერ 2015 წლის 16 ნოემერის (კომისიაში რეგისტრაციის N Nშ-6/8828-15; 16.11.2015) წერილის თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ალიონმა“ სამაუწყებლო კომპანიებთან, რიგი არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/სანებართვო წერილები გააფორმა შემოწმების შემდგომ პერიოდში, კერძოდ: „რუსთავი 2“, „მარაო“, „კომედი არხი“ – 13.11.2015; „ქართული არხი“ -27.10.2015; „რიონი“- 15.11.2015; „ობიექტივი“ -13.11.2015; „მეგა ტვ“ - 21.10.2015; „GDS“ – 13.11.2015. შესაბამისად, აღნიშნული არხების რეტრანსლირება შემოწმების მომენტში (2015 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით) ხორციელდებოდა არამართლზომიერად. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8940-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „საფერავი TV“-ის სანებართვო წერილი არ არის დათარიღებული. შესაბამისად, ვერ დგინდება სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების თანხმობის გაცემის თარიღი.
  6. შპს „ალიონის“ წარმომადგენელს, კომპანიის ავტორიზაციის დღეს -2015 წლის 29 აპრილს, ხელზე გადაეცა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი (ჩაიბარა: შპს „ალიონის“ დირექტორმა - ლ. გელაშვილმა), რომელშიც განმარტებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებები. შესაბამისად, შპს „ალიონს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 5 სექტემბრის №17 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  8.  შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2015 წლის 5 სექტემბრის №17 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
  9. შპს „ალიონს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „THT“, „ქართული არხი“, „მეგა ტვ“, „პალიტრა“, „საფერავი ტვ“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „დრო“, „კომედი არხი“, „GDS“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ობიექტივი“, „აჭარა“, „რიონი“, „РУ ТВ“-ს შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „ალიონის“  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და  ბ) ქვეპუნქტები.

ვინაიდან, შპს „ალიონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ალიონის“ მიერ 2015 წლის 16 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი Nშ-6/8828-15 წერილის თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად  გაირკვა, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში, სამაუწყებლო არხებზე: „GDS“, „ობიექტივი“, მეგა ტვ“, „რიონი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „კომედი არხი“, ქართული არხი“, „საფერავი TV“ კომპანიის მიერ მოპოვებული/გაფორმებულ იქნა აღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ალიონს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, კერძოდ:  „THT“, „პალიტრა“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „დრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „აჭარა“, „РУ ТВ“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „ალიონს“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს „ალიონმა“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „THT“, „პალიტრა“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „დრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „აჭარა“, „РУ ТВ“-ს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ალიონისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ალიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „ალიონისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-6 და მე-7  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს    (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები