წვდომის მენიუ

შპს „ტვმობილი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 716 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 12:51

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015

შპსტვმობილი“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 2 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8398-15, 02.11.2015) თანდართული მასალით (შპს ,,ტვმობილის“ თაობაზე ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;  კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრის №05/2296-15 წერილი და ამ წერილის  შპს ,,ტვმობილი“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,ტვმობილი“  პერმანენტულად  არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (წერილი №05/2236-15, 12.10.2015), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება. 

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/8398-15, 02.11.2015) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის 13 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,ტვმობილი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  19 ნოემბერს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტვმობილს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/2622-15; 13.11.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის  სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტვმობილის“ წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიის 2015 წლის 13 ნოემბრის  №03/2622-15 შეტყობინება შპს „ტვმობილის“ ჩაბარდა 2015 წლის 16 ნოემბერს, რაც დასტუდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040031475736). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტვმობილი“ დაუსწრებლად.

კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის  სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტმა (თ.მარღანია) აღნიშნა, რომ შპს ,,ტვმობილს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს: 2015 წლის იანვრის და თებერვლის თვის ფორმა 1.1. შესაბამისად, წარმოსადგენი აქვს: 2014 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2015 წლის მარტიდან დღემდე ფორმა 1.1-ი (შემოსავლები). ასევე  2014 წლის მეორე კვარტალის ფორმა 4.2 და 2013-2014 წლების წლიური ფორმა 1.2 და 1.3. ასევე წარმოსადგენი აქვს ფორმები 4.3. და 4.4. ავტორიზაციის დღიდან (05.11.2014) თუ კომპანია ეწეოდა მაუწყებლობის ტრანზიტს.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8398-15, 02.11.2015);
  2. კომისიის  2015  წლის 12 ოქტომბრის №05/2296-15 წერილი და ამ წერილის  შპს ,,ტვმობილი“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030120592; ჩაბარების თარიღი: 15.10.2015);
  3. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  უფროსის განმარტება;
  4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტვმობილის“ შესახებ მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  „ტვმობილი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 05.11.2014. A.F.2. - ადგილობრივი დაშვების უსადენო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი);

2. შპს  „ტვმობილი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის  25 მარტის №144/22  გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი 1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  2015 წლის 22 ოქტომბერს,  შპს  „ტვმობილს“  გაეგზავნა წერილი (№05/2296-15), რომლითაც მოეთხოვა  10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი მას ჩაბარდა 2015 წლის 15 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040030120592);

5.  შპს  „ტვმობილს“ კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები: 2014 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2015 წლის მარტიდან დღემდე ფორმა 1.1-ი (შემოსავლები). ასევე  2014 წლის მეორე კვარტალის ფორმა 4.2 და 2013-2014 წლების წლიური ფორმა 1.2 და 1.3. ასევე ფორმები 4.3. და 4.4. ავტორიზაციის დღიდან (05.11.2014) თუ კომპანია ეწეოდა მაუწყებლობის ტრანზიტს.

6.  შპს ,,ტვმობილის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,ტვმობილის“ მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს.  გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „ტვმობილის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს  სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტვმობილს“ (ს/კ 432385518)  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებისა და   კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ტვმობილს“  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2014 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2015 წლის მარტიდან დღემდე ფორმა 1.1-ის; ასევე 2014 წლის 5 ნოემბრიდან 4.3. და 4.4. ფორმების (იმ შემთხვევაში თუ კომპანია ეწეოდა მაუწყებლობის ტრანზიტს)  კომისიაში წარმოდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვმობილი“-სთვის ჩაბარება;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,ტვმობილის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტვმობილი“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                               მერაბ  ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები