შპს „რადიო იმედისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2015 19:45
მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულაბაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია; ამავე კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 26 დეკემბერს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის N10/2197-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ კომისიამ 2014 წლის 22 დეკემბერს შპს „რადიო იმედს“ მიმართა წერილით (N04/2656-14) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად კომისიაში წარმოედგინა უკანასკნელი ორი კვირის არქივი ციფრულ მატარებელზე. შპს „რადიო იმედმა“ 2014 წლის 24 დეკემბერს კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის N6/7520-14) წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ირკვევა, რომ შპს „რადიო იმედის“ ეთერში განთავსებულია იარაღის რეკლამა („კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას - „ბერეტას“, „ბენელის“, „გლოკის“ და „ჩეზეს“ მარკის იარაღებს ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, „კალიბრი“ აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ…“).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, შპს „რადიო იმედის“ მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. ყველა სხვა სახის, მათ შორის, სანადირო, სპორტული იარაღის რეკლამის გავრცელება შეიძლება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანო.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 29 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო იმედისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N824/6, 2012 წლის 7 სექტემბრის N582/1 და 2013 წლის 28 ოქტომბრის N641/6 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 8 იანვარს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „რადიო იმედს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (გზავნილის კოდი: N040019663254) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „რადიო იმედს“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2015 წლის 8 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,რადიო იმედის“ იურისტი თამარ სულაბერიძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის 26 დეკემბერს, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, შპს „რადიო იმედმა“ აღმოაჩინა ეთერში განთავსებულია იარაღის რეკლმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლს, აღმოჩენისთანავე 2014 წლის 26 დეკემბერს 18 საათიდან, შპს „რადიო იმედის“ ინიციატივით შეწყდა აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსება.
2015 წლის 8 იანვრის სხდომაზე შპს „რადიო იმედის“ იურისტმა განმარტა, რომ შპს „რადიო იმედის“ საეთერო დრო მიყიდულია შპს „გსქ კულაზე“, რომელიც მის მიერ ნაყიდ საეთერო დროში ყოველთვის ანთავსებდა წვენების რეკლამას, თუმცა შპს „გსქ კულას“ უფლება აქვს, ხელშეკრულების ფარგლებში, შეცვალოს სარეკლამო რგოლი, რაც კომპანიამ განახორციელა და 2014 წლის 11 დეკემბერს შპს „რადიო იმედის“ ეთერში განათავსა მაღაზია „კალიბრის“ სარეკლამო რგოლი, ისე, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ ყოფილა შპს „რადიო იმედის“ იურისტების მიერ გადამოწმებული. კომისიის სხდომაზე შპს „რადიო იმედის“ იურისტმა დამატებით წარმოადგინა შპს „რადიო იმედის“ 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით აქრივი ციფრულ მატარებელზე და შპს „გსქ კულას“ დირექტორის ბ-ნ რობინზონ საათაშვილისათვის 2014 წლის 29 დეკემბერს მიწერილი N170 წერილი, რომლის თანახმადაც, შპს „რადიო იმედი“ ამცნობს შპს „გსქ კულას“, რომ შეწყდა არასათანადო სარეკლამო რგოლის ეთერში გაშვება.
2015 წლის 8 იანვრის სხდომაზე შპს „რადიო იმედის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვინაიდან შპს „რადიო იმედის“ მიერ დარღვევა აღმოფხვრილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომპანიის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული გაფრთხილება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 8 იანვრის სხდომაზე, საქმის მასალების შესწავლისა და შეფასების, ასევე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა შესვენება საქმის განხილვაზე 2015 წლის 15 იანვრის 16 საათამდე. აღნიშნულის შესახებ, შპს „რადიო იმედი“ გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2015 წლის 15 იავნრის კომისიის სხომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „რადიო იმედის“ წარმომადგენელი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 28 იანვარს 16:00 საათამდე. აღნიშნულის შესახებ, შპს „რადიო იმედი“ გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე, კანონდებლობით დადგენილი წესით.
2015 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე, საკითხის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრმა ს.ბრიტანჩუკმა გადაწყვეტილების მიღების მიზნით ითხოვა დრო, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2015 წლის 5 თებერვალს, 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ შპს ,,რადიო იმედის“ წარმომადგენელი გაფრხილდა კომისიის სხდომაზე.
კომისიის სხდომებზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის N10/2197-14 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2014 წლის 22 დეკემბრის N04/2656-14 წერილი;
- შპს „რადიო იმედის“ 2014 წლის 24 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/7520-14);
- შპს „რადიო იმედისა“ და შპს „გსქ კულას“ შორის 2014 წლის 28 მაისს სარეკლამო მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;
- შპს „რადიო იმედის“ მიერ 2015 წლის 8 იანვარს წარმოდგენილი არქივი ციფრულ მატარებელზე;
- შპს ,,რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო NB49, NB129 და NB50 რადიომაუწყებლობის ლიცენზიები;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემები;
- შპს „რადიო იმედისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 14 იანვრის N10/75-15 მოხსენებითი ბარათი;
- შპს ,,რადიო იმედის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის 2015 წლის 8 იანვრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძეს მიერ კომისიის 2015 წლის 8 იანვრის სხდომაზე მიცემული განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,რადიო იმედი“ წარმოადგენს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის NB49, NB129 და NB50 ლიცენზიების მფლობელს. NB49 ლიცენზიის დანართი N2-ის „ო“ ქვეპუნქტის, NB129 ლიცენზიის დანართი N2-ის „რ“ ქვეპუნქტის და NB50 ლიცენზიის დანართი N2-ის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,რადიო იმედს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ირკვევა, რომ შპს „რადიო იმედის“ ეთერში განთავსებულია საბრძოლო იარაღის რეკლამა („კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას - „ბერეტას“, „ბენელის“, „გლოკის“ და „ჩეზეს“ მარკის იარაღებს ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, „კალიბრი“ აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ....“);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განმეორებით ჩატარებული მონიტორიგის (25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით) შედეგად ირკვევა, რომ 2014 წლის 26 დეკემბრიდან, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე (შეტყობინების გაგზავნის თარიღი: 29 დეკემბერი), შპს „რადიო იმედის“ ეთერში შეწყდა იარაღის რეკლამის განთავსება;
- შპს „რადიო იმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველბია:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესხებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის, მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩებნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთბული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკურ ან იურიდიულ პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს და იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. ყველა სხვა სახის, მათ შორის, სანადირო, სპორტული იარაღის რეკლამის გავრცელება შეიძლება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანო;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღბს გადაწყეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზრღვრული სანქცია;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
შპს ,,რადიო იმედი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან, შპს „რადიო იმედის“ ეთერში განთავსებულია საბრძოლო იარაღის რეკლამა („კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას - „ბერეტას“, „ბენელის“, „გლოკის“ და „ჩეზეს“ მარკის იარაღებს ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, „კალიბრი“ აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ“), ამით, შპს „რადიო იმედის“ მიერ დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N824/6 (NB49 ლიცენზია), 2012 წლის 7 სექტემბრის N582/1 (NB129 ლიცენზია) და 2013 წლის 28 ოქტომბრის N641/6 (NB50 ლიცენზია) გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცნეზიო პირობები, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან შპს ,, რადიო იმედის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,რადიო იმედი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში განხორციელებული ცვლილებების (12.07.2013; №833) შედეგად (სიტყვა ,,უფლებამოსილია“ შეიცვალა სიტყვით ,,ვალდებულია“), მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით კომისიის დისკრეციული უფლებამოსილება შეიცვალა ვალდებულებით. მიუხედავად იმისა, რომ კომისია არ არის მომხრე მაუწყებლის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლად (სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება; სამართალდარღვევის ნებაყოფლობითი აღმოფხვრა; სამართალდარღვევის სიმძიმე; მიყენებული ზიანი და ა.შ.) მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლის სანქცირების თაობაზე, კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, კომისია არ არის უფლებამოსილი კანონდარღვევის რამოდენიმე დღეში დამრღვევის მიერ საკუთარი ინიციატივით აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით გაათავისუფლოს იგი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
კომისიის თავმჯდომარის ბატონ ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების კანონისმიერი ვალდებულებით შეცვლა შეიცავს თეორიულ რისკს, რომ განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში მაუწყებლებს დაუდგეთ საშიშროება ლიცენზიის გაუქმების შესახებ საკითხის განხილვის, რაც არსებული მოცემულობებიდან გამომდინარე არასახარბიელო და მიუღებელია. შესაბამისად, აღნიშნულის პრევენციის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მაუწყებლების ინფორმირება აღნიშნულის შესახებ და ამავე დროს უნდა მოხდეს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა, რათა კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ყველა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება დააკისროს თუ არა სამართალდამრღვევ მაუწყებელს პასუხისმგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე-14 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 63-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, 21 პუნქტების და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N824/6 (NB49 ლიცენზია) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით, 2012 წლის 7 სექტემბრის N582/1 (NB129 ლიცენზია) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით და 2013 წლის 28 ოქტომბრის N641/6 (NB50 ლიცენზია) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცნეზიო პირობების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა კომისიის წევრმა ი. მოსეშვილმა)
გადაწყვიტა:
- მიეცეს შპს ,,რადიო იმედს“ წერილობით გაფრთხილება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N824/6 (NB49 ლიცენზია) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით, 2012 წლის 7 სექტემბრის N582/1 (NB129 ლიცენზია) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით და 2013 წლის 28 ოქტომბრის N641/6 (NB50 ლიცენზია) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,რადიო იმედისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „რადიო იმედის“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,რადიო იმედისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „რადიო იმედისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
