წვდომის მენიუ

შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 734 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 14:27

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2015

შპს..“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე         

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (02.11.2015 Nშ-10/8410-15 და 04.11.2015 Nშ-10/8464-15), შპს „რ.ბ.ჯ“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე; კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში პერმანენტულად ხორციელდება მულტიპლექსპლატფორმაში განთავსებული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი და ზემოაღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს სამაუწყებლო სიგნალი განთავსებულია შპს „სტერეო+“-ს მულტიპლექსპლატფორმაში. როგორც სამსახურებრივ ბარათშია (02.11.2015 Nშ-10/8410-15) აღნიშნული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე–10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ამასთან, როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, გასათვალისწინებელია, რომ კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს „რ.ბ.ჯ“-ს განემარტა, რომ იგი ვალდებულია მაუწყებლობის დაწყებამდე 10 დღით ადრე წარმოუდგინოს კომისიას მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის Nშ-10/8464-15 სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-მ 2015 წლის 2 ნოემბერს, საღამოს 18:11 საათზე, კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე tvschedule@gncc.ge წარმოადგინა მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი.

სამსახურებრივი ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე. როგორც სამსახურებრივი ბარათშია აღნიშნული, 2015 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებული არ არის, ვინაიდან შპს „რ.ბ.ჯ“-ს საკუთარი ვებ გვერდი არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 06 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ამ უკანასკნელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 451 მუხლის  მე–10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლი მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 12 ნოემბერს, 15.00 საათზე; შპს „რ.ბ.ჯ“-ს გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის Nშ-10/8540-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოვლინდა, რომ შპს „რ.ბ.ჯ.“-ს კომისიაში არ აქვს წარმოდენილი 2015 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისად, 2015 წლის 9 ნოემბერს შპს „რ.ბ.ჯ.“-ს გაეგზავნა დამატებითი შეტყობინება (10.11.2015. N03/2562-15) და გადაეგზავნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდენილია ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ განცხადება (02.11.2015 Nშ-6/8396-15) სადაც აღნიშნულია რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ 2015 წლის დასაწყისში მოხდა შპს „რ.ბ.ჯ.“-ს ღია საეთერო ქსელში ჩართვა და მისი გავრცელება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ განახორციელა აღნიშნული ავტორიზებული პირის პროგრამის მონიტორინგი და მიაჩნია, რომ აღნიშნული მაუწყებლის კონტეტნი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საზოგადეობრივი მაუწყებლის „ORT“-ს პროგრამების ქართულ ვერსიას და ეკრანზეც დატანილია რუსეთის პირველი არხის ლოგო და წარწერა „გასართობი“.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ მიუხედავად მარეგულირებელ კომისიაში მათი ავტორიზაციისა, ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევებს და მარეგულირებელი კომისიის მიერ არსებულ დარღვევებზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს..”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების  შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ”-მ 2015 წლის 18 აგვისტოს წერილობით მოითხოვა, რომ სპეციალიზებული მაუწყებლობის თემატიკა იქნებოდა კინო-სერიალები/გასართობი გადაცემები, ხოლო მაუწყებლობის ენა - ქართული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „რ.ბ.ჯ”-ს დაევლა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებების და გადაწყვეტილებების მოთხოვნების დაცვა. ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ  მაუწყებლობის ენად მითითებულია ქართული, მონიტორინგის შედეგად, თუნდაც 29.10.15-ში დროის შუალედში 15.30-15.45, გადაცემაში „пустъ говорят“ თარგმანი ფრაგმენტული იყო და გადაცემაში დებატები  ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ ირღვევა სამაუწყებლო ენის მოთხოვნები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ავტორიზებულ პირს ასევე დაევალა  ყოველკვირეულად გამოექვეყნებინა და კომისიისთვის მიეწოდებინა მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; როგორც ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ ვერ იქნა მოძიებული მსგავსი ინფორმაცია.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ აღნიშნული არხი და მისი პროგრამები იქმნება რუსეთის ფედერაციის  სახელმწიფო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რუსულ ენაზე და ხმოვანდება ქართულად, რაც თავის მხრივ დასტურდება რუსეთის ფედერაციის პირველი არხის ინტერნეტ-გვერდის მონაცემებით და შპს „რ.ბ.ჯ“-ს და ОРТ-ს პროგრამების შედარებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის შესაბამისად, მარეგულირებელ კომისიას ავტორიზაციის მსურველმა უნდა წარუდგინოს, როგორც განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე მონაცემები განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის შესახებ, ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ-პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მარეგულირებელ კომისიაში დაფინანსების შესახებ დეკლარირებისას მითითებული წყაროების შესახებ მონაცემები არასწორია, რადგან ორი თვის მონაცემებით ფიქსირდება ნულოვანი შემოსავლები და გაურკვეველია საიდან ხდება თუნდაც კონტენტის  აგრეგირების დაფინანსება. ეს კი განმცხადებლის აზრით ეჭვქვეშ აყენებს დაფინანსების მოდელის რეალურობას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ვერ იქნა მოძიებული ავტორიზებული პირის ვებ გვერდის მონაცემები, რითაც ირღვევა კანონმდებლობის და მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რაც სანქცირების საფუძველია.

ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ მიაჩნია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული დარღვევებისა, გაურკვეველია ავტორიზაციის პირობების შესაბამისობა წარდგენილი პროგრამული კონცეფციის პირობებთან, რადგან რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის - ОРТ-ს კონტენტი გადაიცემა იმგვარად, რომ შეუძლებელია შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ მოხდეს სარედაქციო კონტროლის განხორციელება.

ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აზრით, ავტორიზაციის ფარგლებში აღებული პროგრამული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია განხორციელდეს შემდეგი მიმართულებებით:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა) მაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

2. ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული არხი ახორციელებს რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რეტრანსლირებას ქართული გახმოვანებით, იმგვარად, რომ მისი ლოგოც არ არის შეცვლილი და არხი გადაიცემა არა როგორც „RBG“, არამედ როგორც რუსული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ამავე არხის ლოგოს გამოყენებით, რაც ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აზრით მოცემული რეალობის პირობებში, როდესაც თავად არხი არ აწარმეობს კონტენტს და მხოლოდ ახმოვანებს მას ქართულ ენაზე, გამორიცხავს შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნების დაცვას. განმცხადებელს მიაჩნია, რომ იმ კონტენტზე, რომელიც არ არის წარმოებული შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ, მაუწყებელი ვერ აიღებს პასუხიმგებლობას ჯეროვანი სიზუსტის, შესწორებისა და უარყოფის ვალდებულების ნაწილში.

ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ასევე მიაჩნია, რომ გაურკვეველია, როგორ მოახდენს შპს ,,რ.ბ.ჯ.“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოში მოქმედი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნების დაცვას, როდესაც მისი კონტენტი ნათარგმნია ქართულად და მორგებულია რუსეთის რეალობას და რეგულაციებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.  განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის მიერ შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიმართ სანქციის სახით 2015 წლის ივლისში უკვე გამოყენებული იყო გაფრთხილება, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ითხოვს კომისიამ შეამოწმოთ აღნიშნული მაუწყებლის მიერ კანონითა და კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და დარღვევის არსებობის შემთხვევაში მოახდინოთ მისი სანქცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს, კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე post@gncc.ge გადმოგზავნილ იქნა შპს „რ.ბ.ჯ“-ს შესაბამისობის დეკლარაცია და 2015 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „რ.ბ.ჯ“-ს წარომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარებით, შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ შექმნილ იქნა მაუწყებლის ვებ გვერდი ინტერნეტში -  http://1gasartobi.ge/news, მაგრამ 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით აღნიშნულ ვებ გვერდზე არ იყო განთავსებული მაუწყებლის შესაბამისობის დეკლარაცია. კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე კვლავ გადამოწმდა ვებ გვერდზე დეკლარაციის განთავსების საკითხი და დადგინდა, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით მაუწყებლის შესაბამისობის დეკლარაცია განთავსებული იყო მაუწყებლის ვებ გვერდი ინტერნეტში -  http://1gasartobi.ge/news.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ“-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ თან აქვთ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შეუძლიათ კომისიაში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა. შპს „რ.ბ.ჯ“-ს დირექტორმა ასევე განმარტა, რომ კომპანიას არ აქვს შემოსავლები, მათ აქვთ აღებული სესხი და შესაბამისად ყველა ხარჯი იფარება აღნიშნული სესხის საფუძველზე აღებული თანხიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი 2015 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით და შესაბამისად, კომისიას არ შეუსწავლია აღნიშნული დოკუმენტაცია, მათ შორის კომისია არ ფლობდა ინფორმაციას  სესხის ხელშეკრულების თაობაზე, რაც შპს „რ.ბ.ჯ“-ს წარმომაგენლების განმარტებით წარმოადგენს მაუწყებლის დაფინანსების ერთადერთ წყაროს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება 2015 წლის 19  ნოემბერს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, კომისიაში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ არ იქნა წარმოდენილი სესხის ხელშეკრულება, რომელიც მოთხოვნილ იქნა კომისიის მიერ 2015 წლის 12 ნოემბერს, ამავე დროს, 19 ნოემბერს, კომისიაში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ წარმოდენილ იქნა დამატება 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულებაზე, რომელიც კომისიის მიერ ასევე შესწავლას საჭიროებდა, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 26 ნოემბერს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „რ.ბ.ჯ“-ს წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კომისიის სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ“-ს დირექტორმა გ.ტოგონიძემ აღნიშნა, რომ მათ მიერ სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დასადასტურებლად კომისიაში წარმოდგენილია დახურული სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელისგან“ როგორც სანებართვოს წერილები, ასევე დამატება შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულებაზე.

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპატამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ წარმოდგენილი სანებართვო წერილები, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სანებართვო წერილებით შპს „რ.ბ.ჯ“-ს აქვს ყველა აუცილებელი უფლება ქართულ ენაზე თარგმნის ჩათვლით, რომ განახორციელოს დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ საერთაშორისო ვერსიის პროგრამების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის განსახორციელებლად. წარმოდგენილ სანებართვო წერილებს თანდართული აქვს პროგრამული ბადე, სადაც ჩამოთვლილია კონკრეტული პროგრამები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებაც მინიჭებული აქვს კომპანიას სანებართვო წერილებით. როგორც მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა,  თანდართულ პროგრამულ ბადეში გათვალისწინებულია პროგრამა „საღამოს თბილისი“ რომელიც თავის მხრივ არ ფიქსირდება დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ საერთაშორისო ვერსიის პროგრამულ ბადეში და დიდი ალბათობით არ წარმოადგენს  დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ სამაუწყებლო პროდუქციას; შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს აქვს ლეგიტიმური კითხვა თუ როგორ გადასცემს დახურული სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელი“ შპს „რ.ბ.ჯ“-ს იმ სამაუწყებლო პროგრამის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებას, რომელიც არ წარმოადგენს მის საავტორო პროგრამას.

რაც შეეხება კომისიაში წარმოდგენილ დამატებას, შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულებაზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება კომისიის მიერ შეფასებულ იქნა როგორც მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულება თავად ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით; კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“–ს გადაცემული აქვს განსაკუთრებულ უფლება „პირველი არხი. მსოფლიო ქსელის“ სატელევიზიო პროგრამის გავრცელებაზე, მისი ლოგოტიპის ჩათვლით, საეთერო ტელევიზიის საშუალებით რეალური დროის რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის გზით. ამასთანავე ამავე ხელშეკრულებით შპს „რ.ბ.ჯ“–ს გადაეცემა არაგანსაკუთრებული უფლება „პირველი არხი. მსოფლიო ქსელის“ სატელევიზიო პროგრამის გავრცელებაზე, მისი ლოგოტიპის ჩათვლით, საკაბელო ტელევიზიის საშუალებით რეალური დროის რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის გზით. ხელშეკრულების შესაბამისად, „ტრანსლაციის“ ქვეშ იგულისხმება მაუწყებლის მიერ თანამგზავრიდან მიწისზედა სადგურებზე „პირველი არხი. მსოფლიო ქსელის“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამის სატელევიზიო სიგნალის მიღება და გავრცელება ტერიტორიაზე რეალური დროის რეჟიმში, ხოლო „პროგრამის“ ქვეშ იგულისხმება სამაუწყებლო არხ „პირველი არხი. მსოფლიო ქსელის“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამა.

კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოდგენილი 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულების დამატების შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების 1.1 პუნქტს დაემატოს აბზაცი რომელიც ითვალისწინებს „კომპანიის“ უფლებას გადასცეს „მაუწყებელს“ სატელევიზიო პროგრამების ქართულ ენაზე თარგმნისა და გავრცელების უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დამატება, შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულებაზე, ვერ იქნება მიჩნეული შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების მართლზომიერად გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დამატება, ისევე როგორც თავად 2015 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ საერთაშორისო ვერსიის პროგრამების ტრანზიტულად გავრცელების უფლების გადაცემას, რაც თავის მხრივ ვერ იქნება მიჩნეული მაუწყებლობად.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს „რ.ბ.ჯ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის NBR-1244; თარიღი 05.03.2015; მოდიფიცირების თარიღი 20.08.2015), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში სპეციალიზებულ  ტელემაუწყებლობაზე.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის (მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი) მე–10 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; ამავე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ანალოგიური სახის ვალდებულებები გათვალისწინებულია „შპს „რ.ბ.ჯ.“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N496/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტებით.

3. კომისიის მიერ 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილებით შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიეცა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“-ს განემარტა, რომ იგი ვალდებულია მაუწყებლობის დაწყებამდე 10 დღით ადრე წარმოუდგინოს კომისიას მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; ანალოგიური სახის ვალდებულებაა გათვალისწინებული „შპს „რ.ბ.ჯ.“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N496/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტებით.

4. შპს „სტერეო+“-ს ოფიციალური ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.stereoplus.ge) გამოქვეყნებული ინფორმაციის (16.05.2015)  შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“ აკმაყოფილდებდა 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრული DVB-T2 სტანდარტის მულტიპლექსით საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის კრიტერიუმებს და შესაბამისად, 2015 წლის 2 ნოემბრის, ისევე როგორც 26 ნოემბრის მდგომარეობით შპს „რ.ბ.ჯ“-ს სამაუწყებლო სიგნალი ვრცელდება შპს „სტერეო+“-ს მფლობელობაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით,  მულტიპლექსპლატფორმით;

5. შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით (კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ Nშ-10/8410-15 სამსახურებრივი ბარათის შედგენის მომენტისთვის)  კომისიაში არ იყო წარმოდგენილი არც მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით და არც ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამატასტურებელი დოკუმენტაცია, როგორც ამას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტები და „შპს „რ.ბ.ჯ.“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N496/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტები და ამავე დროს, კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი. ამავე დროს, როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის Nშ-10/8464-15 სამსახურებრივი ბარათშია აღნიშნული, შპს „რ.ბ.ჯ“-მ 2015 წლის 2 ნოემბერს, მხოლოდ 18:11 საათზე, კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე tvschedule@gncc.ge წარმოადგინა მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, თუმცა წარმოდგენილი არ იქნა ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამატასტურებელი დოკუმენტაცია.

6. 2015 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით შპს „რ.ბ.ჯ“-ს არ ჰქონდა საკუთარი ვებ გვერდი ინტერნეტში და შესაბამისად, არ ჰქონდა შესრულებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებ გვერდზე. 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარებით, შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ შექმნილ იქნა მაუწყებლის ვებ გვერდი ინტერნეტში -  http://1gasartobi.ge/news, მაგრამ 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით აღნიშნულ ვებ გვერდზე არ იყო განთავსებული მაუწყებლის შესაბამისობის დეკლარაცია. კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე კვლავ გადამოწმდა ვებ გვერდზე დეკლარაციის განთავსების საკითხი და დადგინდა, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით მაუწყებლის შესაბამისობის დეკლარაცია განთავსებული იყო მაუწყებლის ვებ გვერდზე ინტერნეტში -  http://1gasartobi.ge/news.

7. 2015 წლის 11 ნოემბერს, კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (post@gncc.ge) შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ გადმოგზავნილ იქნა შპს „რ.ბ.ჯ“-ს შესაბამისობის დეკლარაცია და 2015 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები.

8. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში,  ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამატასტურებელი დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილ იქნა:

ა) დამატება შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულებაზე, რომელიც კომისიის მიერ შეფასებულ იქნა როგორც შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ სამაუწებლო არხის „პირველი არხი მსოფლიო ქსელი“ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების ხელშეკრულება (კომისიის წერილი 23.07.2015 N03/1555-15). წარმოდგენილი დამატების შესაბამისად, სამაუწებლო არხი „პირველი არხი მსოფლიო ქსელი“ შპს „რ.ბ.ჯ“-ს გადასცემს სატელევიზიო პროგრამების ქართულ ენაზე თარგმნისა და ქართულ ენაზე გავრცელების უფლებას.

ბ) დახურული სააქციო საზოგადეობა „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ სანებართვო წერილები თანდართული იმ კონკრეტული პროგრამების (გადაცემების) ჩამონათვალით, რა პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ ენაზე გავრცელების უფლებასაც აძლევს შპს „რ.ბ.ჯ“-ს დახურული სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელი“.

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

10. 2015 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით (ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისთვის) შპს „რ.ბ.ჯ.“-ს კომისიაში წარმოდგენილი არ ჰქონდა 2015 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. ასევე არ ჰქონდა ვებ გვერდი ინტერნეტში სადაც განთავსებული იქნებოდა მაუწყებლის შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, 2015 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში არ იყო წარმოდგენილი მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების მართლზომიერად გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;

15. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის Nშ-10/8535-15 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“-ს მეირ 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები; ამავე დროს, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ წარმოდენილ იქნა 2015 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების რეგულირების საფსურის ნულოვანი გაანგარიშეები.

კომისია აღნიშნავს, რომ

ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შესაბამისობის დეკლარაციას გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ გვერდზე.

გ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით,  მულტიპლექსპლატფორმის მეშვეობით ხორციელდებოდა მაუწყებლობა და კომპანიის მიერ მაუწყებლობის დაწყებამდე კომისიაში არ იყო წარმოდგენილი ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორც ამას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი და კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი; ასევე იმის გამო, რომ 2015 წლის 11 ნოემბრამდე მაუწყებელს არ ჰქონდა საკუთარი ვებ გვერდი ინტერნეტში და შესაბამისად, არ ჰქონდა გამოქვეყნებული შესაბამისობის დეკლარაცია საკუთარ ვებ გვერდზე, როგორც ამას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 2015 წლის 11 ნოემბრამდე შპს „რ.ბ.ჯ.“-ს კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2015 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, როგორც ამას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი, კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და „შპს „რ.ბ.ჯ.“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N496/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს მაუწყებლის სანქცირების საფუძველს.

შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში 2015 წლის 13 და 19 ნოემბერს წარმოდგენილი, მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების მართლზომიერად გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ წარმოდგენილი დამატება შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელთან“ 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულებაზე, ითვალისწინებს დამატების განხორციელებას ძირითადი ხელშეკრულების 1.1. პუნქტში, რომლის შესაბამისადაც შპს „რ.ბ.ჯ“–ს გადაცემული აქვს განსაკუთრებული უფლება „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ სატელევიზიო პროგრამის გავრცელებაზე, მისი ლოგოტიპის ჩათვლით, საეთერო ტელევიზიის საშუალებით დროის რეალური  რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის გზით.

კომისიის მიერ 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“-სა და დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელს“ შორის გაფორმებული 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულება შეფასებულ იქნა როგორც მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულება, რაც შპს „რ.ბ.ჯ“-ს ეცნობა წერილით (23.07.2015 N03/1555-15).

მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დამატება 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულებაზე ვერ იქნება მიჩნეული შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების მართლზომიერად გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დამატება, ისევე როგორც თავად 2015 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის დახურულ სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ საერთაშორისო ვერსიის პროგრამების ტრანზიტულად გავრცელების უფლების გადაცემას, ქართულად თარგმანის უფლების ჩათვლით, რაც თავის მხრივ ვერ იქნება მიჩნეული მაუწყებლობად.

კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების დამატებაში, გამოყენებულია ტერმინი „პროგრამები“, რომლის ქვეშაც, 2015 წლის 7 მაისის N42/15/Л ხელშეკრულების შესაბამისად იგულისხმება სამაუწყებლო არხ „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამა, რომელიც მოიცავს შეტყობინებებისა და მასალების ერთობლიობას (გადაცემები, ტელეპროგრამები, ტელე და კინოფილმები, ანონსები, პროგრამებს შორის სივრცე და ა.შ) რომელზედაც საავტორო და ქონებრივი უფლებები გადაცემული აქვს მაუწყებელს, სარეკლამო ბლოკების ჩათვლით.   

2. რაც შეეხება შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სანებართვო წერილებს, რომელთაც თანდართული აქვს სამაუწყებლო ბადე თარიღების მიხედვით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული სანებართვო წერილები ვერ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიაზე ტელეპროგრამების მართლზომიერად გავრცელების უფლებამოსილებას იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სანებართვო წერილები შეიცავს ისეთი სახის პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილებას, რომელიც არ წარმოადგენს თავად დახურული სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ საავტორო პროდუქციას (მაგალითად „მუსიკა“), ასევე სანებართვო წერილებში თანდართულ სამაუწყებლო ბადეში მითითეულია ისეთი სახის პროგრამები, მაგალითად „საღამოს თბილისი“, რომელიც არ არის განთავსებული თავად „პირველი არხი მსოფლიო ქსელის“ სამაუწყებლო ბადეში და არ წარმოადგენს დახურული სააქციო საზოგადოება „პირველი არხი მსოფლიო ქსლის“ სამაუწყებლო პროდუქციას.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „საღამოს თბილისის“ პროგრამაზე შპს „რ.ბ.ჯ“-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სანებართვო წერილებში თანდართულ პროგრამულ ბადეში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სანებართვო წერილები ბადებს საფუძვლიან ეჭვს აღნიშნული სანებართვო წერილების ავთენტურობასთან დაკავშირებით.

კომისია  დამატებით განმარტავს, რომ შპს „რ.ბ.ჯ“-ს კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად მიეცა გაფრთხილება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის დ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“-ს განემარტა, რომ იგი ვალდებულია მაუწყებლობის დაწყებამდე 10 დღით ადრე წარმოუდგინოს კომისიას მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; ანალოგიური სახის ვალდებულებაა გათვალისწინებული „შპს „რ.ბ.ჯ.“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N496/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით; იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ ხორციელდება მაუწყებლობა შპს „სტერეო+“-ს მფლობელობაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით,  მულტიპლექსპლატფორმით, შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიმართ კომისიის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სანქციის, გაფრთხილების  გამოყენებიდან არ არის გასული ერთი წელი და შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნტის ვ) ქვეპუნქტით გათვალისწინეული დარღვევა (კომისიისთვის მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება) აღმოფხვრილი არ იყო და შესაბამისად, არ იყო შესრულებული კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილება, იმის გამო, რომ დარღვეულია „შპს „რ.ბ.ჯ.“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N496/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რ.ბ.ჯ“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

რაც შეეხება შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური სახის დარღვევისთვის არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი ფორმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო, შპს „რ.ბ.ჯ“-ს უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „რ.ბ.ჯ“-ს უნდა დაეკისროს ვალდებულება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იმ ტელეპროგრამებით მაუწყებლობა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომირად გავრცელების უფლებაც კომპანიას არ აქვს მოპოვებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „რ.ბ.ჯ“-ს მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „რ.ბ.ჯ“-ს დაეკისროს ჯარიმა 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2015 წლის 3 ივლისის N385/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

3. უზრუნველყოს შპს „რ.ბ.ჯ“-მ   წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

4.    უზრუნველყოს შპს „რ.ბ.ჯ“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს შპს „რ.ბ.ჯ“-ს იმ სამაუწყებლო პროგრამებით მაუწყებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილება არ აქვს მოპოვებული კანონმდებლობით დადგენილი წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციების თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპატამენტს (ი.აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

                კომისიის წევრი                                                კახი ბექაური

                კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

 

               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები