შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2015 13:55
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს “საქართველო 21-ე საუკუნემ” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ, რეგ. №12/5/ბ-1426 27.07.2004; ს.კ. № 212826995) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/8265-15, 28.10.15) ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “საქართველო 21-ე საუკუნის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “საქართველო 21-ე საუკუნეს” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს შპს “საქართველო 21-ე საუკუნეს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1210 ნებართვა და მიენიჭოს 163.525 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ქუთაისში, ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
- შპს “საქართველო 21-ე საუკუნის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
- აღირიცხოს შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
- წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) მონიტორინგის განხორციელება;
- დაევალოს შპს “საქართველო 21-ე საუკუნეს” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
- დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის (ნ. ჯვახიძე) შპს “საქართველო 21-ე საუკუნისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
