წვდომის მენიუ

შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 746 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2015 13:20

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015

შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP”-ისთვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის  21 ოქტომბრის №10/8042-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (2015  წლის 30 სექტემბრის №21 შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეომასალა - CD;  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის კომისიის მიერ გაგზავნილი 2014 წლის  20 მარტის №04/584 წერილის ასლი და ამ წერილის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი),  საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის თაობაზე შედგა შემოწმების აქტი №21; შემოწმება ჩატარდა შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის  აბონენტთან ი.კომახიძესთან, მისამართზე: ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №69, მე-3 სად. მე-3 სართული, რომელმაც მოწმე ბ.ტაქანაშვილის თანდასწრებით განაცხადა, რომ  სააბონენტო გადასახადის გადახდა ხდება შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენელთან ნაღდი ანგარიშსწორებით, ქვითრის გარეშე, შესაბამისად, მას არ გააჩნია სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,ობიექტივი“, ,,TV 11“, ,,მარაო“, ,,GDS“, ,,თრიალეთი“,  ,,VIP HD“, „კომედი არხი“,„იმედი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, ,,იმედი“, „მაესტრო“, „ტელეარხი 25“, „ერთსულოვნება“,  ,,ქვემო ქართლი“, ,,ქართული არხი“, ,,ტაბულა“, ,,დრო“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  ,,აფხაზეთის ხმა“,  ,,რიონი“, „РУ ТВ“, „Шансон ТВ“, ,,TV1000”, ,,FOX”, ,,Дом Кино“, ,,Бестелер“, ,,Много ТВ“, ,,Иллюзион +“, ,,Премьера”, „Кинохит“, ,,Кино плюс“, ,,TV 3“, ,,Карусель“, „ენკი-ბენკი“, ,,Cartoon network“, ,,СТС“,  „ТНТ“, ,,ТВЦ“, ,,TV 5“, ,,Сарафан“, ,,РЕН ТВ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Россия 1“,  ,,Перец“, ,,Звезда“, ,,МИР ТВ“, ,,Россия 2“,  „Футбол 1“,  „Футбол 2“, ,,Спорт 1“,  ,,Eurosport“,  ,,Баскетбол“, ,,Теннис”, ,,Боец ТВ“, „Discovery“, ,,Animal planet“, ,,National Geographic”, ,,Nat Geo Wilde“,  ,,Москва“, ,,Da Vinch”, ,,Охота и рыбалка“, ,,History”, „Индия ТВ“, ,,Кухня ТВ“, ,,Inter  +”, ,,Show”, „C1“, „Euronews“, ,,Ентер Фильм”.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის  21 ოქტომბრის №10/8042-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემოწმების აქტში დაფიქსირებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ   შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება  არამართლზომიერად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს იდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 5 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და  სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  12 ნოემბერს 15:00 სთ-ზე. აღნიშნულის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 11 ნოემბერს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8651-15) მიმართა კომისიას 2015 წლის 12 ნოემბერს დანიშნული კომისიის სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან მისი იურისტი ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებდა კომისიის სხდომაზე დასწრებას და ითხოვა კომისიის სხდომის დანიშვნა ,,არაუგვიანეს 19 ნოემბრამდე“, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და კომისიის სხდომა დაინიშნა 2015 წლის 19 ნოემბერს, რის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.

2015 წლის 18 ნოემბერს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8941-15) წარმოადგინა კომისიაში, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი არ წარმოადგენს სამართალდამრღვევ სუბიექტს, ვინაიდან, მოძრავი ნივთები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება მაუწყებლობის ტრანზიტი, შპს ,,ტვ 21“-ის მფლობელობაშია. შესაბამისად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ,,არ ძალულს უზრუნველყოს არხების მართვა და განსაზღვროს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა არდარღვევის საკითხი“. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის განმარტებით, ავტორიზებული პირები აყალბებენ სალაროს ქვითრებს და შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის სახელით ანხორციელებენ ე.წ. ,,ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების“ გაცემას, რის თაობაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ს  მიაჩნია, რომ  ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, კერძოდ, მხოლოდ აბონენტის ახსნა-განმარტებით არ დგინდება,  რომ ამ უკანასკნელს  შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ი უწევს მომსახურებას, ამის დამადასტურებელი არც ხელშეკრულება და არც გადახდის ქვითარი არ არის წარმოდგენილი. არსებული  კანონმდებლობის  გათვალისწინებით, ,,ადმინისტრაციული აქტის მიღება, თუ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ისე  პირდაპირი მტკიცებულებები არ უთითებს პირის ბრალეულობას,  არ შეიძლება იქნეს მიღებული და ასეთი სახის ოქმის მიღება კანონმდებლობით ისჯება“.  შპს  ,,BATUMI  MEDIA GROUP“-ი განმარტავს, რომ მხოლოდ ის საფუძველი, რომ ,,კომპანია ავტორიზებული პირია და ეწევა ავტორიზებულ საქმიანობას, არ არის სამართლებრივად საკმარისი იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ი სამართალდამრღვევად იქნას ცნობილი. შპს ,,BATUMI  MEDIA GROUP“-ის განმარტებით,  სურვლის მიუხედავად,  საზოგადოებრივი  და პირადი პრობლემების გამო, მისი წარმომადგენელი კომისიის სხდომას ვერ დაესწრება, რათა კომისიას სრულად მოახსენოს საქმის გარემოებაზე.  შპს ,,BATUMI  MEDIA GROUP“-მა იმედი გამოთქვა, რომ კომისია არ მიიღებდა ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ითხოვა კომისიის სხდომის გადადება, რათა მისცემოდა შესაძლებლობა დაეცვა თავისი უფლებები.

შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წერილობითი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8941-1518.11.2015) მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დანიშნული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს, 15 საათზე, რის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ეცნობა წერილობით (№03/2722-15; 20.11.2015). ამავე წერილით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს დაევალა წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მომსახურების მიწოდების თაობაზე და მათთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ქვითარი; შემოსავლის ორდერი და სხ.).

2015 წლის 26 ნოემბერს, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა, კომისიის  წერილობითი (№03/2722-15; 20.11.2015) მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში წარმოადგინა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სა  და  აბონენტს შორის დადებული სამი ხელშეკრულება და მათთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9300-15).

2015 წლის 3 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის იურისტი, რომელმაც მხარი დაუჭირა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის  წერილობით ახსნა-განმარტებას (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8941-15; 18.11.2015)  და აღნიშნა, რომ კომისიის 2015 წლის 30 სექტემბრის შემოწმების აქტში მითითებული პირი არ წარმოადგენს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის  აბონენტს. ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება (აბონენტთან დადებული ხელშეკრულება; აბონენტთან ანგარიშსწორების დოკუმენტაცია და ა.შ.) მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების მასალაში არ არსებობს. მეტიც, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი არ ახორციელებს  შემოწმების აქტში დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტს. შესაბამისად, მხოლოდ აბონენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის წარმოადგენს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტს, არ შეიძლება გახდეს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.   შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის იურისტმა ასევე განმარტა, რომ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელი იყო 400-ზე მეტ აბონენტთან დადებული ხელშეკრულების და ამ აბონენტებთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლის გადაღება და კომისიაში წარმოდგენა. მისივე განმარტებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი მზადაა, გონივრულ ვადაში, კომისიაში წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტები.  ამასთან ერთად, მან დაადასტურა, რომ  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შესახებ მონაცემები;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის №10/8042-15  სამსახურებრივი ბარათი;

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015  წლის 30 სექტემბრის №21 შემოწმების აქტი;

4. 2015 წლის 30 სექტემბერს  ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);

5. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის 2015 წლის 18 ნოემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8941-15);

6. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სა  და აბონენტს შორის დადებული სამი ხელშეკრულება მათთან ანგარიშსწორების დოკუმენტებთან ერთად (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9300-15);

7. 2015 წლის 3 დეკემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენლის  მიერ  მიცემული  ახსნა-განმარტება. 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ უტყუარად ვერ დგინდება ის, რომ ი.კომახიძე, ვისთანაც  განხორციელდა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება და რის შესახებაც გაფორმდა შემოწმების აქტი,   წარმოადგენს  შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის აბონენტს, ვინაიდან არ არსებობს ამის დამადასტურებელი  რაიმე სხვა მტკიცებულება (აბონენტსა და შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების მიწოდების თაობაზე ან/და სააბონენტო გადახდის ქვითარი ან/და  შპს  „BATUMI MEDIA GROUP“-ის  აღიარება და ა.შ.) გარდა ი.კომახიძის განცხადებისა, რომ ის წარმოადგენს  შპს  „BATUMI MEDIA GROUP“-ის  აბონენტს და შპს  „BATUMI MEDIA GROUP“-ი აწვდიდა მას მომსახურებას.  აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 სექტემბრის №21 შემოწმების აქტი ვერ გახდება შპს  „BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.  აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ომისია აღნიშნავს, რომ  იმის გათვალისწინებით, რომ  შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ი წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს და კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების  უფლებამოსილების დამადასტურებელი  დოკუმენტაცია, რაც ასევე დაადასტურა შპს  „BATUMI MEDIA GROUP“-ის  წარმომადგენელმა კომისიის სხოდმაზე, შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით, შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ისგან გამოთხოვნილ უნდა  იქნას  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სა და მის ყველა აბონენტს შორის დადებული მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებებისა და აღნიშნულ აბონენტებთან ბოლო 3 თვის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ქვითარი; შემოსავლის ორდერი და სხ.) ასლები. ასევე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს კომპანიის საქმიანობის შემოწმების უზრუნველყოფა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 43-ე, 44-ე მუხლებისა და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე), შპს ,,BATUMI  MEDIA GROUP“-ის საქმიანობის მოქმედ კანონომდებლობასთან შესაბამისობის შესწავლა, ასევე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სა და მის ყველა აბონენტს შორის დადებული მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებებისა და აღნიშნულ აბონენტებთან ბოლო 3 თვის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ქვითარი; შემოსავლის ორდერი და სხ.) ასლების შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ისგან  გამოთხოვა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,BATUMI  MEDIA GROUP”-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUMI MEDIA  GROUP”-ისთვის  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

     კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე 

     კომისიის წევრი                                                      კახი ბექაური

     კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები