შპს „09. TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2015 18:10
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
შპს „09. TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 27 ოქტომბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ-10/8255-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. შპს „09.TECH“-ის შესახებ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილის ასლი გაგზავნილი შპს „09.TECH“-ისთვის; 3. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილის შპს „09.TECH“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „09.TECH“-ი არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილობითი შეტყობინებისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8841-15 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისგან, კერძოდ, რა პერიოდიდან რა პერიოდის ჩათვლით არ წარმოადგენს შპს „09.TECH“-ი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და კონკრეტულად რომელ ფორმებს.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8841-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად წარმოდგენილი, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დაპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8843-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით შპს „09.TECH“-ს, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს: 1. 2013 წლის აგვისტოდან 2013 წლის ნოემბრამდე და 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2. 2015 წლის სექტემბრის ფორმა 3.1 (ძირითადი), ფორმა 3.3 (ტრაფიკები) და ფორმა 5.3 (ურთიერთჩართვა); 3. 2013 და 2014 წლების წლიური ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტიცია); 4. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 3.2 (აბონენტები კვარტალში).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 შეტყობინებით შპს „09.TECH“-ს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „09.TECH“-ი კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 შეტყობინებით გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ-10/8254-15 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 24 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „09.TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „09.TECH“-ს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა 2015 წლის 24 ნოემბრის N03/2776-15 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „09.TECH“-ს ჩაბარდა 2015 წლის 24 ნოემბერს. (გზავნილის კოდი: 040032088624; ჩაბარების თარიღი: 24.11.2015; ჩაიბარა: მაგდა შენგელიამ).
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „09.TECH“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ნათია გაბროშვილი (მინდობილობა გაცემულია შპს „09.TECH“-ის დირექტორის ავთანდილ გრძელიშვილის მიერ 2015 წლის 18 სექტემბერს და ძალაშია 2016 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით). კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე ნათია გაბროშვილმა განაცხადა, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობა იმის ბრალია, რომ ხელმძღვანელობა ეყრდნობოდა თანამშრომლის კეთილსინდისიერებას და შესაბამისად, კომპანიის დირექტორს ეგონა, რომ თანამშრომელი შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და დროულად წარმოადგენდა კომისიაში შესაბამის ინფორმაციას. ნათია გაბროშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ შპს „09.TECH“-ის თანამშრომლის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ მოხდა კომისიაში. ნათია გაბროშვილმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით ყველა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა შევსებულია.
კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე კომისიის ინფორმაციულ- ანალიტიკური დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მარღანიამ განაცხადა, რომ შპს „09.TECH“-ის მიერ დღეის მდგომარეობით შევსებულია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ10/8255-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით - 4 ფურც. (შპს „09.TECH“-ის შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილის ასლი; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილის შპს „09.TECH“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8841-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8843-15 სამსახურებრივი ბარათი;
- შპს „09.TECH“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ნათია გაბროშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე.
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებლის თამარ მარღანიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „09.TECH“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 13.08.2013; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, ტექსტური შეტყობინების მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand);
2. 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით შპს „09.TECH“-ს, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი ჰქონდა: 1. 2013 წლის აგვისტოდან 2013 წლის ნოემბრამდე და 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2. 2015 წლის სექტემბრის ფორმა 3.1 (ძირითადი), ფორმა 3.3 (ტრაფიკები) და ფორმა 5.3 (ურთიერთჩართვა); 3. 2013 და 2014 წლების წლიური ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტიცია); 4. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 3.2 (აბონენტები კვარტალში);
3. შპს „09.TECH“-ს, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შევსებული და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (კომისიაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ პერიოდში განახორციელა შესაბამისი ქმედება).
4. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილით შპს „09.TECH“-ს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება, ასევე, შპს „09.TECH“-ი, კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2240-15 წერილი შპს „09.TECH“-ს ჩაბარდა 2015 წლის 7 ოქტომბერს (გზავნილის კოდი:040030120196; გაგზავნის თარიღი: 6.10.2015; გზავნილის ჩაბარების თარიღი: 7.10.2015; ჩაიბარა: მაგდა შენგელიამ);
5. შპს „09.TECH“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობასა ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და პერიოდულობით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, შეუსრულებლობით, შპს „09.TECH“-ის მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „09.TECH“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „09.TECH“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფთხილება შპს „09.TECH“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „09.TECH“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „09.TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „09.TECH“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „09.TECH“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
