შპს „ჯეოსელის“ მიერ სამაუწყებლო რეკლამის დაკვეთასთან დაკავშირებით კანონდარღვევის ჩადენისა და შპს „ჯეოსელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2015 11:09
მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
2014 წლის 28 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის №10/1933-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (CD) ერთად, საიდანაც ირკვევა, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 19-20 ნოემბერს ჩატარებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ტელეიმედისა“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსდა შპს ,,ჯეოსელის“ კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობდნენ შპს ,,ტელეიმედის“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,სტუდია მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, რაც წარმოადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
ზემოაღნიშნული მასალების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 23 იანვარს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ რეკლამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 28 იანვარს, რის თაობაზეც შპს ,,ჯეოსელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მათ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 28 იანვარს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჯეოსელის“ იურისტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის მომზადებისას დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც აკრძალულია ახალი ამბების და საინფორმაციო გამოშვების წამყვანების მონაწილეობა რეკლამაში, შპს ,,ჯეოსელის“ პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, ვინაიდან აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სანქცია შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებზე და მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებზე. შპს „ჯაოსელზე“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება, ხოლო „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი შპს ,,ჯეოსელს“ დარღვეული არ აქვს.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის №10/1933-14 მოხსენებითი ბარათი თანდართული ვიდეოჩანაწერით (CD);
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
3. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელის მიერ კომისიის 2015 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ჯეოსელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 9.03.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 19-20 ნოემბერს ჩატარდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ტელეიმედისა“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსდა შპს ,,ჯეოსელის“ კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობდნენ შპს ,,ტელეიმედის“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,სტუდია მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები;
3. შპს ,,ტელეიმედისა“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული შპს ,,ჯეოსელის“ კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობდნენ შპს ,,ტელეიმედის“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,სტუდია მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის დამკვეთი არის შპს ,,ჯეოსელი“;
4. შპს ,,ჯეოსელს“, როგორც არასათანოდო რეკლამის დამკვეთს, ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
5. შპს ,,ჯეოსელის“ მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევას და შესაბამისად, მის მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
2015 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე, საკითხის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრმა ს.ბრიტანჩუკმა გადაწყვეტილების მიღების მიზნით ითხოვა დრო, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2015 წლის 5 თებერვალს, 16:00 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის 2015 წლის 28 იანვრის სხდომაზე, ის 2015 წლის 5 თებერვლის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ,,რეკლამის შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები წარმოადგენენ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს, რომელიც სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან ერთად ქმნის საქართველოს კანონმდებლობას;
3. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში;
4. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
5. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;
6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
7. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში;
9. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;
10. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის;
11. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
12. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით;
13. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით;
14. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით;
15. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;
16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
17. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედისა“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ დაკვეთილი კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობდნენ შპს ,,ტელეიმედის“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,სტუდია მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, ვინაიდან კანონით იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში. შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელის“, როგორც არასათანადო რეკლამის დამკვეთის მიერ, დარღვეულია ,,რეკლამის შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც შპს ,,ჯეოსელს“ ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელი“ ამ შემთხვევაში წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეკლამის დამკვეთს, რომელზეც სრულად ვრცელდება სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, იგი წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ - ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქმიანობის განმახორციელებლ ავტორიზებულ პირს, რომელიც ვალდებულია ასევე დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ჯეოსელის“ მიერ დაკვეთილი კომერციული რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და მოთხოვნებს. კერძოდ, შპს ,,ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლი არ შეიცავს მომხმარებლებისათვის მის მიერ გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე შეცდომაში შემყვან ინფორმაციას (,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტი; 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი) და არ აზიანებს კონკურენტებს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში, არ შეჰყავს შეცდომაში ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელი (,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი), რის გამოც მას პასუხისმგებლობა ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისათვის ვერ დაეკისრება. თუმცა, ცალსახაა, რომ შპს ,,ჯეოსელმა“ უხეშად დაარღვია რეკლამის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც დაუკვეთა ისეთი ტიპის სარეკლამო რგოლი, რომელიც სარეკლამო კანონმდებლობით (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტი) სამაუწყებლო რეკლამისთვის დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს და სწორედ ამის გამო წარმოადგენს არასათანადო რეკლამას (,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ჯეოსელს“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რეკლამის დაკვეთისთვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის გამო. რეკლამის დამკვეთის პასუხისმგებლობის ზომას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლი 159), თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილება ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კომისიას, მიაჩნია, რომ ის არ არის უფლებამოსილი სანქცია დააკისროს შპს ,,ჯეოსელს“ აღნიშნული კოდექსის 159-ე მუხლის დარღვევისთვის და ეს მაშინ, როცა ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის შესაბამისად სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით რეკლამის დამკვეთის მიმართ სანქციას იყენებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ სასურველია მოხდეს კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება, რათა კომისიას მიეცეს შესაძლებლობა სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისათვის რეკლამის დამკვეთს დააკისროს პასუხისმგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-6, 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98–ე და 99–ე მუხლების, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების, მე-3 მუხლის მე-2, მე-8 და მე-15 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, 171 მუხლის, მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის, 33-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის, 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობილ იქნას შპს ,,ჯეოსელი“, როგორც რეკლამის დამკვეთი, სამაუწყებლო რეკლამის დაკვეთისთვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების დამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად;
2. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ჯეოსელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
