შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2015 18:08
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
2015 წლის 23 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8154-15, 23.10.2015) თანდართული მასალით (შპს „ივერის ინტერმედიას“ კუთვნილი NF85 ლიცენზია) საიდანაც ირკვევა, შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ არ განხორციელებულა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით გაცემული ლიცენზიისთვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რასაც ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ამონაწერი, რომლითაც ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ შესაბამის საბიუჯეტო კოდებზე არ დასტურდება თანხების ჩარიცხვა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №შ-10/8154-15 მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ გააჩნია NF85 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადის დავალიანება - 1,408.09 (ათას ოთხას რვა ლარი და ცხრა თეთრი) ლარი.
2015 წლის 18 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8850-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპაარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის N8893-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით შპს „ივერია ინტერმედიას“ NF85 ლიცენზიაზე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,408.09 ლარი. ასევე, კომპანიას კომისიაში 2014 წლის მარტის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.
2015 წლის 18 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8849-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ10/8889-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის მდგმარეობით შპს „ივერია ინტერმედიას“ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს: 1. 2013 და 2014 წლების წლიური ფორმა 1.2 და ფორმა 1.3; 2. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 1.5 და ფორმა 1.6; 3. ასევე წარმოსადგენი აქვს ფორმა 1.1, 4.1, 4.2 და 5.4 ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ივერია ინტერმედიას“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუინქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% -ის - 1409.08 (ათას ოთხას ცხრა ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 117.42 ლარი - 2012 წლის 10 მარტამდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 აპრილამდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 მაისამდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 ივნისამდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 ივლისამდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 აგვისტომდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 სექტემბრამდე,117.42 ლარი - 2012 წლის 10 ოქტომბრამდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 ნოემბრამდე, 117.42 ლარი - 2012 წლის 10 დეკემბრამდე, 117.42 ლარი - 2013 წლის 10 იანვრამდე, 117.46 ლარი - 2013 წლის 10 თებერვლამდე;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებების ბ) პუნქტის თანახმად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება დანართი N1-ით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად უნდა შესრულებულიყო.
კომისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით, რომელიც შპს „ივერია ინტერმედიას“ გაეგზავნა კომისიის 2011 წლის 30 მარტის N02/565-11 წერილით. კომისიის 2011 წლის 3 მარტის N02/565-11 წერილი თანდართული მასალით შპს „ივერია ინეტმედიას“ ჩაბარდა 2011 წლის 1 აპრილს (ქვითრის ნომერი: 252; ჩაბარების თარიღი:1.04.2011; ჩაიბარა: ლ. ასლანიკაშვილმა).
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ-10/8154-15 და 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-108893-15 სამსახურებრივი ბარათის, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8889-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 25 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ივერია ინტერმედიას“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით (№03/2818-15; 25.11.2015) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის N03/2818-15 შეტყობინება შპს „ივერია ინტერმედიას“ ჩაბარდა 2015 წლის 25 ნოემბერს (გზავნილის კოდი: 040032088361; ჩაბარების თარიღი: 25.11.2015; ჩაიბარა: ზვიად ასლანიკაშვილმა).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე შპს „ივერია ინტერმედიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის N03/2818-15 შეტყობინება შპს „ივერია ინტერმედიას“ ჩაბარდა, მისი წარმომადგენელი კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 25 ნოემბერს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე, კომისიის აპარატის ინფრომაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მარღანიამ განაცხადა, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ დღეის მდგომარეობით შევსებული აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ზემოაღნიშნული ფორმები.
კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნატალია ჯანელიძემ განაცხადა, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ 2015 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით წარმოსადგენი აქვს 2014 წლის მარტის თვის შემდეგ პერიოდზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,408.09 (ათას ოთხას რვა ლარი და ცხრა თეთრი) ლარი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8154-15, 23.10.2015);
2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8893-15, 18.11.2015);
3. კომისიის აპარატის ინფორმაცილ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8889-15; 18.11.2015);
4. კომისიის 2011 წლის 30 მარტის №02/565-11 წერილი და ამ წერილის შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითრის ნომერი:252; ჩაბარების თარიღი: 1.04.2011; ჩაიბარა: ლ. ასლანიკაშვილმა);
5. „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის N135/1 გადაწყვეტილება;
6. შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზია;
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ივერია ინტერმედიას“ შესახებ მონაცემები;
8. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამარ მარღანიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე;
9. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია ჯანელიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ივერია ინტერმედიამ“ 2010 წლის 20 აპრილს გაიარა ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე (B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiMax ).
შპს „ივერია ინტერმედიამ“ 2012 წლის 11 ივლისს ავტორიზაცია გაიარა მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; თემატიკა/სხვა თემატიკები: საბავშვო; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: ქართული საბავშვო ტელევიზია, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას უყურონ გადაცემებს, ფილმებს და მულტფილმებს ქართულ ენაზე. ტელეარხზე გადის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი გადაცემები).
შესაბამისად, შპს „ივერია ინტერმედია“ როგორც ელექტრონული კომუნიკაციაბისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას, როგორც მაუწყებლობის, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ივერია ინტერმედიას“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზია (ლიცენზიის გაცემის თარიღი: 10.02.2012; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 10.02.2022), ხოლო ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიას განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები: რადიოსიხშირული სპექტრი - 10453 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N73-დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადაცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე. „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 2.014.08 (ორი ათას თოთხმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარით. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუინქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% -ის - 1409.08 (ათას ოთხას ცხრა ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში; ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, 117.42 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად 2012 წლის 10 მარტიდან 2013 წლის 10 თებერვლამდე.
3. შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის - NF85 ლიცენზიის (ლიცენზიის გაცემის თარიღი: 10.02.2012; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 10.02.2022) სალიცენზიო ვალდებულებების ბ) პუნქტის თანახმად, შპს „ივერია ინტერმედიას“ ევალება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა დანართი N1-ის შესაბამისად, ხოლო დანართი N1 თანახმად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1409.08 (ათას ოთხას ცხრა ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია გრაფიკის შესაბამისად (გრაფიკის შესაბამისად, შპს „ივერია ინტერმედიას“ ყოველთვიურად 117,42 ლარის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2012 წლის მარტიდან 2013 წლის 10 თებერვლამდე, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე);
გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, შპს „ივერია ინტერმედიას“ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზიისათვის - სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1,408.09 ლარი.
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე/მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით; კომისიის 2011 წლის 30 მარტის N02/565-11 წერილით შპს „ივერია ინტერმედიას“ გაეგზავნა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ასლი, რომელიც შპს „ივერია ინტერმედიას“ ჩაბარდა 2011 წლის 1 აპრილს (ქვითრის ნომერი: 252; ჩაბარების თარიღი: 01.04.2011; ჩაიბარა: ლ. ასლანიკაშვილმა);
5. შპს „ივერია ინტერმედიას“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს წარმოსადგენი ჰქონდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კეროდ: 1. 2013 და 2014 წლების წლიური ფორმა 1.2 და ფორმა 1.3; 2. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 1.5 და ფორმა 1.6; 3. ასევე წარმოსადგენი იყო ფორმა 1.1, 4.1, 4.2 და 5.4;
2015 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ივერია ინტერმედიას“ ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შევსებული და წარმოდგენილი აქვს კომისიაში.
6. შპს „ივერია ინტერმედიას“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს 2014 წლის მარტის თვის შემდეგ პერიოდზე წარმოსადგენი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ხოლო, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება;
7. შპს „ივერია ინტერმედია“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონონებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ლ) ქვეპუნქტის შესბამისად, გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას/ავტორიზაციას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია:
1. შპს „ივერია ინტერმედიას“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირის მიერ:
ა) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადებში შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებითა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას;
ბ) რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას;
გ) შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზიის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხის გადაუხდელობით ადგილი აქვს „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე NF85 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულების ბ) ქვეპუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას;
ზემოაღნიშნული წარმოადგენს შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ივერია ინტერმედიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „ივერია ინტერმედიას“ უნდა რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1408.09 ლარის გადახდა;
2. შპს „ივერია ინტერმედიას“, როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირის მიერ:
ა) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადებში შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება;
ბ) რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილება;
ზემოაღნიშნული წარმოადგენს შპს „ივერია ინტერმედიას“ სანქცირების საფუძველს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. ვინაიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ივერია ინტერმედიას“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. ამავე დროს, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ივერია ინტერმედიას“ უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და რეგულირების საფასურის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ივერია ინტერმედიას“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს, მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესაბე“ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის N135/1 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულების ბ) პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ივერია ინტერმედიას“, როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს, მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
3. უზრუნველყოს შპს „ივერია ინტერმედიამ“ NF85 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადის 1408.09 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა;
4. უზრუნველყოს შპს „ივერია ინტერმედიამ“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საქმიანობაზე ავტორიზებულმა პირმა, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარება და ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ჩბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
