წვდომის მენიუ

შპს „მაკროკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 751 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2016 18:48

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015

შპს „მაკროკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8154-15, 23.10.2015) თანდართული მასალით („შპს „მაკროკომისთვის“ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103/1 N103/1 გადაწყვეტილება) საიდანაც ირკვევა, რომ შპს „მაკროკომის“ მიერ არ განხორციელებულა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით გაცემული სალიცენზიო გადასახდელის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რასაც ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ამონაწერი, რომლითაც ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ შესაბამის საბიუჯეტო კოდებზე არ დასტურდება თანხების ჩარიცხვა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №შ-10/8154-15 მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ  შპს „მაკროკომს“ გააჩნია NN25 ლიცენზიის სალიცენზიო  გადასახადის დავალიანება  - 11,263.35 (თერთმეტი ათას ორას სამოცდასამი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

2015 წლის 18 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8850-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად,  კომისიის აპაარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის N8893-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით შპს „მაკროკომს“  NN25 ლიცენზიაზე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 11,263.35 ლარი. ასევე, კომპანიას კომისიაში 2014 წლის დეკემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „მაკროკომისთვის“ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103/1 გადაწყვეტილებით  პირველი პუნქტის თანახმად, შპს „მაკროკომს“ მიეცა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე N1386 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% -ის - 20274.1 (ოცი ათას ორას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა დაევალა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 2774 ლარი - 2004 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2006 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2007 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2008 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2009 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2010 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2011 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2012 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2013 წლის 12 აპრილამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ  „საერთაშორისო და საქალაქთასორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 24 მაისის N219/2 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის შესაბამისად, მოდიფიცირდა შპს „მაკროკომის“ N1386 ლიცენზია და ეწოდა „ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია“, ლიცენზიას მიენიჭა ნომერი N25 და განისაზღვრა ლიცენზიის შემდეგი პირობები: ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-3 (რვა-ერთი-სამი); ბ) სალიცენზიო გადასახდელის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103/1 გადაწყვეტილების შესაბამისად; გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 მარტამდე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ნუმერაციის რესურსით (ციფრების ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა კომბინაციით) სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 15 მარტის N123/2 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, მოდიფიცირდა შპს „მაკროკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N25 ლიცენზია, შევიდა ცვლილება კომისიის 2006 წლის 24 მაისის N219/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-3 (რვა-ერთი-სამი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-1-3 (ერთი-ნული-ერთი-სამი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად“.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში. შესაბამისად, შპს „მარკოკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შენარჩუნებული ჰქონდა 2014 წლის 12 მარტამდე.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის  2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ-10/8154-15 და 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8893-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის 25 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაკროკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს.  აღნიშნულის თაობაზე შპს „მაკროკომს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით (№03/2817-15; 25.11.2015) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის N03/2817-15 შეტყობინება შპს „მაკროკომს“ არ ჩაბარდა (გზავნილის კოდი: 040032088377; კურიერის ვიზიტის თარიღი: 25.11.2015; მედეა აბესაძის განმარტებით ადრესატი არ იმყოფება მისამართზე).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის N03/2817-15 შეტყობინება გაეგზავნა შპს „მაკროკომის“ ერთ-ერთი წილის მფლობელს ბატონ სერგო ესაკიას (მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით შპს „მაკროკომის“ 24% წილის მფობელი არის სერგო ესაკია, ხოლო, კომპანიის ხელმძღვანელი -წარმომადგენელი, ერთპიროვნულად არის გიორგი ცხაკაია). კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის N03/2817-15 შეტყობინება სერგო ესაკიას ჩაბარდა 2015 წლის 28 ნოემბერს (გზავნილის კოდი: 040032087798; ჩაბარების თარიღი: 28.11.2015; ჩაიბარა: სერგო ესაკიამ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაკროკომის“ დირექტორი გიორგი ცხაკაია, რომელმაც განაცხადა, რომ 2009 წლიდან კომპანია არ საქმიანობს, ხოლო, შპს „მაკროკომი“ საქმიანობის პერიოდში ყველა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა და იხდიდა გადასახადებს. გიორგი ცხაკაიამ ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან, კომპანიამ 2009 წლიდან შეწყვიტა საქმიანობა და შესაბამისად, აღარ გააჩნდა შემოსავალი, თანხის გადახდაც შეწყდა.

კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმნისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ციალა უჯმაჯურიძემ განაცხადა, რომ 2014 წლის მარტის თვიდან შპს „მაკროკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას გაუვიდა მოქმედების ვადა. ასევე აღნიშნა, რომ 2010 წლის მაისიდან არ ფიქსირდება ტრაფიკი. ციალა უჯმაჯურიძემ ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაკროკომს“ კომისიისთვის არ მიუმართავს შესაბამისი განცხადებით იგივე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8154-15, 23.10.2015);

2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8893-15, 18.11.2015);

3.  „შპს „მაკროკომისთვის“ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103/1 გადაწყვეტილება;

4. „საერთაშორისო და საქალაქთასორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 24 მაისის N219/2 გადაწყვეტილება;

5. „ნუმერაციის რესურსით (ციფრების ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა კომბინაციით) სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 15 მარტის N123/2 გადაწყვეტილება;

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაკროკომის“ შესახებ მონაცემები;

7. შპს „მაკროკომის“ დირექტორის გიორგი ცხაკაიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე.

8. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „მაკროკომმა“ 2010 წლის 03 თებერვალს გაიარა ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე (A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:  ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) ); შესაბამისად, შპს „მაკროკომი“ როგორც ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „შპს „მაკროკომისთვის“ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103/1 გადაწყვეტილებით  პირველი პუნქტის თანახმად, შპს „მაკროკომს“ მიეცა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე N1386 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუინქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% -ის - 20274.1 (ოცი ათას ორას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა დაევალა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში,  ამავე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 2774 ლარი - 2004 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2006 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2007 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2008 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2009 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2010 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2011 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2012 წლის 12 აპრილამდე, 2774 ლარი - 2013 წლის 12 აპრილამდე;

3. „საერთაშორისო და საქალაქთასორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 24 მაისის N219/2 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის შესაბამისად, მოდიფიცირდა შპს „მაკროკომის“ N1386 ლიცენზია და ეწოდა „ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია“, ლიცენზიას მიენიჭა ნომერი N25 და განისაზღვრა ლიცენზიის შემდეგი პირობები: ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-3 (რვა-ერთი-სამი); ბ) სალიცენზიო გადასახდელის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103/1 გადაწყვეტილების შესაბამისად; გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 12 მარტამდე.

4. „ნუმერაციის რესურსით (ციფრების ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა კომბინაციით) სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 15 მარტის N123/2 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, მოდიფიცირდა შპს „მაკროკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N25 ლიცენზია, შევიდა ცვლილება კომისიის 2006 წლის 24 მაისის N219/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-3 (რვა-ერთი-სამი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-1-3 (ერთი-ნული-ერთი-სამი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად“;

5. შპს „მაკროკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N25 ლიცენზიის და „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, შპს „მაკროკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ვადა გაუვიდა 2014 წლის 12 მარტს;

6. შპს „მაკროკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის - N25 ლიცენზიისათვის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 11,263.35 ლარი;  ;

7. შპს  „მაკროკომს“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს  2014 წლის დეკემბრის თვის შემდეგ პერიოდზე წარმოსადგენი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ხოლო, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება;

8. შპს „მაკროკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონონებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესბამისად, გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული  პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაკროკომის“ მიერ, რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას;

ზემოაღნიშნული წარმოადგენს შპს „მაკროკომის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  რომლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.  გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „მაკროკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „მაკროკომს“ უნდა დაევალოს  რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა  10 დღის ვადაში;

კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიები გაუქმდა, სალიცენზიო გადასახდელი ექვემდებარება  გადახდას, ვინაიდან პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტი). შესაბამისად, შპს „მაკროკომს“ შენარჩუნებული ჰქონდა 2014 წლის 12 მარტამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება, ლიცენზიის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაკროკომის“ მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N25 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხის თაობაზე ინფორმაცია უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა კრედიტორმა თავად განახორციელოს დებიტორისგან (მოვალისგან) თანხის ამოღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად,  კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „მაკროკომს“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს,  მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „მაკროკომმა“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულმა პირმა,  რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს) შპს „მაკროკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო დავალიანების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაკროკომისთვის“ გაგზავნა და ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „მაკროკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაკროკომისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მაკროკომისთვის“ ჩბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა  მე-2, მე-3, მე-4 და მე-8  პუნქტებისა)  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები