წვდომის მენიუ

შპს ,,იმერ TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 752 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2016 18:45

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015

შპს ,,იმერ TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8041-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (ა)კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „იმერ TV“-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №18, ბ) შემოწმების დამსწრე პირის - შპს „იმერ TV“-ის დირექტორის ი. ლაბაძის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შპს „იმერ TV“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (7 ფურცელი); დ) 2015 წლის 5 სექტემბრის შპს „იმერ TV“-ის შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD)).

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8041-15 სამსახურებრივი ბარათიდან და ასევე, 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „იმერ TV“-ის მიმართ შედგენილი N18 შემოწმების აქტიდან  ირკვევა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს „იმერ TV“-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებითა და გადაცემის დროის დაფიქსირებით. შემოწმება ჩატარდა შპს „იმერ TV“-ის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. ზესტაფონი, კეკელიძის ქ. №6, კომპანიის დირექტორის ილო ლაბაძის თანდასწრებით. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის თანახმად, შემოწმების ჩატარების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „იმერ TV“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“,„ობიექტივი“, „აჭარა“, „GDS“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „TV 8”, „TV 11”, „არგო“ (ინფორმკავშირი), „რიონი“, „საფერავი ტვ“, „ენკი ბენკი“, „კომედი არხი“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“,  „ORT“, „РТР планета“, „Setanta sport“, „Setanta sport+“, „Охота и рыбалка“. 

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2015 წლის 21 ოქტომბრის  მდგომარეობით შპს „იმერ TV“-ს  კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „TV 8“, „TV 11”, „საფერავი ტვ“, „ენკი ბენკი“, „კომედი არხი“, „ქართული არხი“, „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“,  „ORT”, „РТР планета“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, “Охота и рыбалка”.  შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „იმერ TV“-ს მიერ აღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლაცია ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 ნოემბრის შ-10/8780-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა შპს „იმერ TV”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები; კერძოდ, შპს „მედია კავშირი ობიექტივის“ 2014 წლის 17 დეკემბრის  №1712/01 სანებართვო წერილი შპს „იმერ TV“-ის მიერ სამაუწყებლო არხ „ობიექტივის“ თავის ციფრულ ქსელში რეტრანსლირების თაობაზე; „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და შპს „იმერ TV“-ის შორის 2014 წლის პირველ ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის, „РТР планета“ და „Первый Канал“  ტრანზიტის უფლების შპს „იმერ TV“-თვის გადაცემის თაობაზე (მოქმედების ვადა: 01.11.2014 – 01.11.2015); სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2014 წლის 5 დეკემბრის სანებართვო წერილი საკუთარ სატრანზიტო დისტრიბუციულ ციფრულ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხების რეტრანსლაციის უფლების შპს „იმერ TV“-ისთვის გადაცემის თაობაზე; შპს „ივერია ინტერმედიასა“ (ენკი-ბენკი) და შპს „იმერ TV”-ის შორის 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ მომზადებული სატელევიზიო პროგრამების სრული მოცულობით საკუთარ საკაბელო სატელევიზიო ქსელით რეტრანსლირების უფლების შპს „იმერ TV“-ისთვის გადაცემის თაობაზე (მოქმედების ვადა: 05.02.2015 – 05.02.2016); ტელეკომპანია „კავკასიის“ 2015 წლის 28 იანვრის სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხ ,,კავკასიის“ საკუთარ საეთერო ქსელში რეტრანსლაციის უფლების შპს „იმერ TV“-თვის გადაცემის თაობაზე; შპს „რუსთავი 2“-ის 2013 წლის 28 მაისის სანებართვო წერილი შპს „იმერ TV”-თვის მის ქსელში სამაუწყებლო არხების „რუსთავი 2“-სა და „კომედი არხის“ რეტრანსლირების უფლების გადაცემის შესახებ; შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „იმერ TV”-ის შორის 2013 წლის 29 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „იმერ TV”-ისთვის სამაუწყებლო არხ „მაესტრო-24“-ის რეტრანსლირების უფლების გადაცემის შესახებ (მოქმედების ვადა: 1 წელი, ავტომატური გაგრძელების პირობით). ამავე სამსახურებრივ ბარათს ერთვის შპს „იმერ TV“-ის მიერ კომისიაში წამროდგენილი ხელშეკრულების პროექტი „Setanta sport“-ისა და „Setanta sport+“-ის შპს „იმერ TV“-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების შესახებ.

 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (21.10.2015; №შ-10/8041-15) და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 20 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,იმერ TV“-ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 26 ნოემბერს, 15.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „იმერ TV“-ს ეცნობა შეტყობინებით (№03/2723-15; 20.11.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „იმერ TV“-ის წარმომადგენელი. კომისიის 2015 წლის 20 ნოემბრის №03/2723-15 შეტყობინება შპს ,,იმერ TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ შპს ,,იმერ TV“-ის ჩაბარდა 2015 წლის 26 ნოემბერს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040031474789; შეტყობინება ჩაბარდა შპს ,,იმერ TV“-ის დირექტორის მოადგილეს ფ. ვარდუკაძეს).

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, შპს „იმერ TV“-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მიიღო საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,იმერ TV“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის გადადებისა და სხდომის 2015 წლის 3 დეკემბერს, 15:00 საათზე გამართვის თაობაზე. აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის თაობაზე შპს „იმერ TV“-ს ეცნობა კომისიის 2015 წლის 27 ნოემბრის №03/2833-13 წერილით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და ჩაბარდა 2015 წლის 30 ნოემბერს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით  (გზავნილის კოდი: 040032087824; წერილი ჩაბარდა შპს „იმერ TV“-ის დირექტორს ი. ლაბაძეს).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის პირველ დეკემბერს, შპს „იმერ TV“-იმ კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის: „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9428-15; 01.12.2015), კერძოდ, შპს „საქართველოს მედია ქსელთან“ შპს „იმერ TV”-ის მიერ 2015 წლის პირველ იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა: 01.01.2015 – 31.12.2015).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 დეკემბერს  შპს „იმერ TV“-იმ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხ „ქართული არხის“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9445-15; 02.12.2015), კერძოდ, შპს „იმერ TV“-სა და შპს „ქართულ არხს“ შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „იმერ TV“-ის მიერ მაუწყებლის სატელევიზიო, საეთერო სიგნალის და მასში შემავალი სატელევიზო პროგრამების რეტრანსლაციის უფლების მიცემის შესახებ (ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 01.09.2015 – 31.12.2016).

კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „იმერ TV“-ის დირექტორი ი. ლაბაძე და კომპანიის კონტენტის მენეჯერი გ. კალანდაძე, რომლებმაც კომისის სხდომაზე წარმოადგინეს სამაუწყებლო არხების „Setanta sport“-ისა და „Setanta sport+“-ის შპს „იმერ TV“-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი უცხოენოვანი დოკუმენტაცია და მისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, რომლის თანახმადაც, კომპანია Eurasian Broadcasting Enterprise Limited-მა შპს „იმერ TV“-ის გადასცა სამაუწყებლო არხების „Setanta sport“ და „Setanta sport+“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლება  2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

შპს „იმერ TV”-ის კონტენტის მენეჯერმა გ. კალანდაძემ აღნიშნა, რომ შპს „იმერ TV“-ის ქსელით ტრანსლირებული სამაუწყებლო არხი „Chasse Et Peche“ მისი მომხმარებლისთვის ცნობილი იყო და მის პროგრამაში განთავსებული იყო სახელწოდებით “Охота и рыбалка” და აღნიშნული სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი შპს „იმერ TV“-იმ კომისიაში წარმოადგინა. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „იმერ TV“-ის ქსელით დიდი ხანია არ ხდება სამაუწყებლო არხების „TV 8“ და „საფერავი ტვ“-ის ტრანზიტი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მ. აროშიძემ დაადასტურა, რომ შპს „იმერ TV“-იმ 2015 წლის 30 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხ „Chasse et peche” (Охота и Рыбалка) საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ რეტრანსლირების უფლება შპს „იმერ TV”-ს მოპოვებული ჰქონდა შპს „იმერ TV”-ის შემოწმებამდე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 სექტემბრის Nშ-10/8041-15 სამსახურებრივი ბარათი:
  2.  შპს „იმერ TV“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (7 ფურცელი);
  3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „იმერ TV“-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №18;
  4.  შემოწმების დამსწრე პირის - შპს „იმერ TV“-ის დირექტორის ი. ლაბაძის პირადობის მოწმობის ასლი;
  5. 2015 წლის 5 სექტემბრის შპს „იმერ TV“-ის შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
  6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 ნოემბრის შ-10/8780-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული შპს „იმერ TV”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციით;
  7. შპს „იმერ TV”-ის 2014 წლის 3 დეკემბრის №6/7060-14 და №6/7063-14, 2014 წლის 9 დეკემბრის №6/7126-14, 2015 წლის 6 თებერვლის №6/596-15, №6/12-15, №6/13-15 წერილები რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
  8. შპს „იმერ TV”-ის 2015 წლის 5 იანვრის №6/10-15 წერილი;
  9. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „იმერ TV“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  10. შპს „იმერ TV“-ის 2015 წლის 30 ნოემბრის №შ-6/9370-15 წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
  11. შპს „იმერ TV”-ის 2015 წლის პირველი დეკემბრის №შ-6/9428-15  წერილი თანდართული დოკუმენტაციით; 
  12. შპს „იმერ TV”-ის მიერ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების „Setanta sport” და „Setanta sport+” შპს „იმერ TV”-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი უცხოენოვანი დოკუმენტაცია და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  13. შპს „იმერ TV“-ის 2015 წლის 2 დეკემბრის №შ-6/9445-15  წერილი თანდართული დოკუმენტით; 
  14. შპს „იმერ TV“-ის შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „იმერ TV“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;
  15. შპს „იმერ TV“-ის კონტენტის მენეჯერის გ. კალანდაძის მიერ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  16. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მ. აროშიძის მიერ 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „იმერ TV“-ი არის ავტორიზებული პირი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (რადისიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); მაუწყებლობის ტრანზიტი (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი); ავტორიზაციის თარიღი: 28.06.2012);
  2. შპს  ,,იმერ TV”-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2015 წლის 5 სექტემბერს, 17:00 საათზე,  შპს ,,იმერ TV“-ის ოფისში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, კეკელიძის ქ. №6) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (წამყვანი სპეციალისტები ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს „იმერ TV“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №18. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე პირი შპს  ,,იმერ TV“-ის დირექტორი ი. ლაბაძე;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს, შპს ,,იმერ TV“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „აჭარა“, „GDS“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „TV 8“, „TV 11“, „არგო“ (ინფორმკავშირი), „რიონი“, „საფერავი ტვ“, „ენკი ბენკი“, „კომედი არხი“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“,  „ORT“, „РТР планета“, „Setanta sport“, „Setanta sport+“, „Chasse et peche“ („Охота и Рыбалка“);
  5. 2015 წლის 5 სექტემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2015 წლის 5 სექტემბრის №18 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
  6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 ნოემბრის შ-10/8780-15 სამსახურებრივი ბარათზე თანდართული დოკუმენტაციითა და კომისიაში შემოსული რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე შპს „იმერ TV“-ის 2014 წლის 3 დეკემბრის №6/7060-14 და №6/7063-14, 2014 წლის 9 დეკემბრის №6/7126-14, 2015 წლის 6 თებერვლის №6/596-15, 2015 წლის 5 იანვრის №6/12-15, №6/13-15 წერილებით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 სექტემბრამდე (შპს „იმერ TV“-ის შემოწმების ჩატარებამდე) შპს „იმერ TV“-იმ კომისიაში წარმოადგინა შემდეგი სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „ენკი ბენკი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“  „ქართული არხი“, „ORT“, „РТР планета“, რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  7. შპს „იმერ TV“-იმ 2015 წლის 5 იანვრის №6/10-15 წერილით კომისიას აცნობა, რომ მასსა და კომპანია „Eurasian Broadcasting Enterprise Limited”-ს შორის მიმდინარეობდა ხელშეკრულების გაფორმების პროცესი სამაუწყებლო არხების „Setanta sport“ და „Setanta sport+“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების შპს „იმერ TV”-ისთვის გადაცემის თაობაზე და კომისიაში წარმოადგინა შპს „იმერ TV“-ის მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულების პროექტი;
  8. 2015 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „იმერ TV”-ის კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების: „TV 8“, „TV11“, „საფერავი ტვ“, „ქართული არხი“, „მაესტრო“, „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“, „Setanta sport“ და „Setanta sport+“, „Chasse et peche“ („Охота и Рыбалка“) საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  9. 2015 წლის 30 ნოემბერს, შპს „იმერ TV”-იმ კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9370-15; 30.11.2015) წარმოადგინა კომპანია Gramma LLC - თან 2014 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ „Chasse et peche“ („Охота и Рыбалка“) საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების შპს „იმერ TV”-თვის მიცემის შესახებ (ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 01.01.2015 – 31.12.2015);
  10. 2015 წლის პირველ დეკემბერს, შპს „იმერ TV“-იმ კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის: „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9428-15; 01.12.2015);
  11. 2015 წლის 3 დეკემბერს, შპს „იმერ TV“-იმ კომისიის სხდომაზე წარმოადგინა სამაუწყებლო არხების „Setanta sport” და „Setanta sport+” შპს „იმერ TV”-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, კომპანია Eurasian Broadcasting Enterprise Limited-მა შპს „იმერ TV“-ს გადასცა სამაუწყებლო არხების „Setanta sport“ და „Setanta sport+“  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლება 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე ვადით;
  12. 2015 წლის 2 დეკემბერს, შპს „იმერ TV“-იმ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხ „ქართული არხის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შპს „იმერ TV“-სა და შპს „ქართულ არხს“ შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „იმერ TV“-ის მიერ მაუწყებლის სატელევიზიო, საეთერო სიგნალის და მასში შემავალი სატელევიზო პროგრამების რეტრანსლაციის უფლების მიცემის შესახებ; ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 01.09.2015 – 31.12.2016);
  13. ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „იმერ TV“-ის კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების: „TV 8“, „TV 11“, „საფერავი ტვ“, „მაესტრო“  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  14. 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით, რომელიც „იმერ TV“-ის დირექტორს ი. ლაბაძეს ჩაბარდა 2013 წლის 17 იანვარს, შპს  „იმერ TV“-ის ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე  წერილით შპს ,,იმერ TV“-ს განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  15. შპს „იმერ TV“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  7. ,,ბერნის კონვენციისა“ და „ისმო-ს ხელშეკრულების“  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

10.    „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

12.    ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „TV 8“, „TV 11“, „საფერავი ტვ“ და „მაესტრო“ შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს „იმერ TV“-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების „Chasse et peche“ (“Охота и рыбалка”), „ქართული არხის“, „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“, „Setanta sport“ და „Setanta sport+“ სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე, რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს „იმერ TV“-ის მიერ დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „იმერ TV“-ის, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: „TV 8“, „TV 11“, „საფერავი ტვ“ და „მაესტრო“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „იმერ TV“-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს შპს ,,იმერ TV“-იმ შემდეგი სამაუწყებლო არხების: „TV 8”, „TV 11“, „საფერავი ტვ“ და „მაესტრო“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,იმერ  TV“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,იმერ TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს ,,იმერ TV“-თვის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,იმერ TV“-სთვის ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                              გიორგი ფრუიძე

 

                                                                             

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები