შპს „დიაპაზონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 15:11
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
შპს „დიაპაზონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
2015 წლის 5 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/7439-15, 5.10.2015) თანდართული მასალით (შპს ,,დიაპაზონის“ თაობაზე ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1527-15 წერილის შპს ,,დიაპაზონისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,დიაპაზონი“ პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (წერილი №05/1527-15; 20.07.2015), რომელიც შპს „დიაპაზონს“ 2015 წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.
2015 წლის 5 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 26 ოქტომბრის №შ-10/8162-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/8500-15, 5.11.2015) ეცნობა, რომ შპს ,,დიაპაზონს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (2012 წლის 11 მაისი) რეგულირების საფასური არ გადაუხდია და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშები კომისიაში არ წარმოუდგენია.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის N10/7439-15 და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის N10/8500-15 საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 20 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,დიაპაზონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 26 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,დიაპაზონს“ გაეგზავნა შეტყობინება (N03/2758; 24.11.2015), რომლითაც კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული შეტყობინება შპს „დიაპაზონს“ ვერ ჩაბარდა, თუმცა, შეტყობინება გაგზავნილი იქნა იმ მისამართზე, რა მისამართიც კომპანიის მიერ იყო მითითებული და რომელიც დაცულია კომისიის უწყებრივ რეესტრში.
2015 წლის 25 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9198-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/9200-15, 25.11.2015) ეცნობა, რომ შპს ,,დიაპაზონს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (2012 წლის 11 მაისი) კომისიაში არ წარმოუდგენია არც ერთი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „დიაპაზონის“ წარმომადგენელი აღინიშნა, რომ კომპანიას ვერ ბარდება შეტყობინება იმისდა მიუხედავად, რომ შეტყობინება იგზავნება იმ მისამართზე, რომელზეც შპს „დიაპაზონს“ 2015 წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა კომისიის N05/1527-15 წერილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე; მიუხედავად ამისა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის 2015 წლის 3 დეკემბრისთვის გადადების თაობაზე, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა ხელახალი შეტყობინების მომზადება და შპს „დიაპაზონისთვის“ გადაგზავნა.
2015 წლის 3 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტმენტს, 2015 წლის 3 დეკემბრის N10/9474-15 და N10/9475-15 სამსახურებრივი ბარათების პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის (3.12.2015; N9476-15) და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (3.12.2015; N10/9489-15) სამსახურებრივი ბარათებით ეცნობა, რომ შპს „დიაპაზონს“ 2015 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით კვლავ წარმოსადგენი რჩება რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რომლებიც შპს „დიაპაზონს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან არ წარმოუდგენია კომისიაში.
2015 წლის 3 დეკემბრის კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად კომისიის არა ერთი მცდელობისა, შპს „დიაპაზონს“ შეტყობინება (N03/2758-15; N03/2830-15) ჩაბარებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ასევე სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ, კომისიამ ვერ შესძლო შპს „დიაპაზონისათვის“ აღნიშნული შეტყობინების ჩაბარება, თუმცა, კომპანიას შეტყობინებები გაეგზვნა იმ მისამართზე, რომელი მისამართიც ფიქსირდება კომისიის უწყებრივ რეესტრში. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტის ნინო ამირიძის განმარტებით, 2015 წლის 1 დეკემბერს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული შპს „დიაპაზონისათვის“ გაგზავნილი შეტყობინების ტექსტიც. მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, შპს „დიაპაზონი“ არ გამოცხადდა კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „დიაპაზონის“ დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/7439-15, 5.10.2015);
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8500-15, 5.11.2015);
- კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1527-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,დიაპაზონისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026752243; ჩაბარების თარიღი: 14.09.2015);
- კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება;
- კომისიის ინფორმაციულ-ანალიტირკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათი N10/9200-15 შპს „დიაპაზონის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 3 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი N10/9476-15 შპს „დიაპაზონის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის თაობაზე;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 3 დეკემბრის სამსახრურებრივი ბარათი N10/9489-15 შპს „დიაპაზონის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობის თაობაზე;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „დიაპაზონის“ შესახებ მონაცემები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „დიაპაზონი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 11.05.2012; ადგილობრივი დაშვების სადენიანი ქსელითა და/ან სადენიანი ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი);
2. შპს „დიაპაზონი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ან/არის ავტორიზებული/ლიცენზირებული მაუწყებელი დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
4. 2015 წლის 20 ივლისს შპს „დიაპაზონს“ გაეგზავნა წერილი (№05/1527-15), რომლითაც მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი მას ჩაბარდა 2015 წლის 14 სექტემბერს (გზავნილის კოდი: 040026752243);
5. შპს „დიაპაზონს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (11.05.2012) არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების არც ერთი ფორმა;
6. შპს „დიაპაზონს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (11.05.2012) კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშები და მათ შესაბამისად რეგულირების საფასური არ გადაუხდია;
7. შპს ,,დიაპაზონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე/მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,დიაპაზონის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას. აღნიშნული წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „დიაპაზონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს ავტორიზაციის გავლის დღიდან (11.05.2012) დღემდე შესაბამისი სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე ავტორიზაციის გავლის დღიდან დღემდე რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „დიაპაზონს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს ,,დიაპაზონს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. უზრუნველყოს შპს „დიაპაზონმა“ ავტორიზაციის გავლის დღიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დიაპაზონისათვის“ ჩაბარება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,დიაპაზონისათვის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,დიაპაზონისათვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
