შპს „პერუსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 15:48
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
შპს „პერუსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
2015 წლის 5 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/7438-15, 5.10.2015) თანდართული მასალით (შპს ,,პერუს“ თაობაზე ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1490-15 წერილის შპს ,,პერუსათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,პერუ“ პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა (წერილი №05/1490-15; 20.07.2015), რომელიც შპს „პერუს“ 2015 წლის 15 სექტემბერს ჩაბარდა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.
2015 წლის 5 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 26 ოქტომბრის №შ-10/8162-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/8500-15, 5.11.2015) ეცნობა, რომ შპს ,,პერუს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (2013 წლის 2 მაისი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშები კომისიაში არ წარმოუდგენია.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის N10/7438-15 და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის N10/8500-15 საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 20 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,პერუსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 26 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,პერუს“ გაეგზავნა შეტყობინება (№03/2759-15; 24.11.2015), რომლითაც კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული შეტყობინება შპს „პერუს“ 2015 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა, რასაც მალხაზ აფხაზავას ხელმოწერა ადასტურებს.
2015 წლის 25 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9198-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/9200-15, 25.11.2015) ეცნობა, რომ შპს ,,პერუს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (2013 წლის 02 მაისი) კომისიაში არ წარმოუდგენია არც ერთი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა.
კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „პერუს“ წარმომადგენელი აღინიშნა, რომ კომპანიას შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ მხოლოდ 26 ნოემბერს ჩაბარდა, შესაბამისად შპს „პერუს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ მოასწრებდა ქ. ბათუმდან ჩამოსვლას და კომისიის სხდომაზე დასწრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის განხილვის 2015 წლის 3 დეკემბრისთვის გადადების თაობაზე, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა ხელახალი შეტყობინების მომზადება და შპს „პერუსათვის“ გადაგზავნა.
2015 წლის 3 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტმენტს, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის (3.12.2015; N9476-15) სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „პერუმ“ 2015 წლის 2 დეკემბერს N6/9456-15 კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის მაისის თვიდან 2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (ნოლოვანი), რომლის შესაბამისადაც კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.
2015 წლის 3 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (3.12.2015; N10/9489-15) სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „პერუმ“ 2015 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით წარმოადგინა ნაწილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა, თუმცა 3 დეკემბრის მდგომარეობით წარმოსადგენი რჩება 2013 წლის და 2014 წლის პერიოდის ფორმა N1.2 და ფორმა N1.3.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 დეკემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „პერუს“ დირექტორი მერაბ აფხაზავა, რომელმაც აღიარა დარღვევბი და აღნიშნა, რომ სხდომამდე რამოდენიმე წუთით ადრე, მათ მიერ შევსებული იქნა სტატისტიკური ანგარიშგების ყველა ფორმა, რაც კომისიის აპარატის ინფრომაციულ-ანალიტიკური დეპარატამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის (თ. მარღანია) მიერ, კომისიაზე გაკეთებული განმარტებითაც დასტურდება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/7438-15, 5.10.2015);
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8500-15, 5.11.2015);
- კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1490-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,პერუსათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026752211; ჩაბარების თარიღი: 15.09.2015);
- კომისიის აპარატის ინფორმაციული-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის N10/9200-15 და 3 დეკემბრის N10/9489-15 დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათები შპს „პერუს“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების მდგომარეობის თაობაზე;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის N10/8500-15 და 3 დეკემბრის N10/9476-15 სამსახურებრივი ბარათები შპს „პერუს“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენის თაობაზე;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „პერუს“ შესახებ მონაცემები;
- შპს „პერუს“ დირექტორის მერაბ აფხაზავას მიერ 2015 წლის 3 დეკემბერს მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „პერუ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 02.05.2013; ადგილობრივი დაშვების სადენიანი ქსელითა და/ან სადენიანი ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვა);
2. შპს „პერუ“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
4. 2015 წლის 20 ივლისს შპს „პერუს“ გაეგზავნა წერილი (№05/1490-15), რომლითაც მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი მას ჩაბარდა 2015 წლის 15 სექტემბერს (გზავნილის კოდი: 040026752211);
5. შპს „პერუს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის (20.11.2015), კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა 2013 წლის მაისიდან - 2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები;
6. შპს „პერუმ“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შეავსო და კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები;
7. შპს „პერუს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის, კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა 2013 წლის მაისიდან - 2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშები;
8. შპს „პერუმ“ 2015 წლის 2 დეკემბერს N6/9456-15 წერილით კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის მაისის თვიდან 2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები;
7. შპს ,,პერუს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,პერუს“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების, კანონით ამისათვის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით შპს „პერუს“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას. აღნიშნული წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „პერუს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „პერუს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „პერუსათვის“ ჩაბარება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,პერუსათვის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,პერუსათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
