წვდომის მენიუ

შპს „გურია-ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 755 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2015 18:13

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015

შპსგურია-ნეტისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 27 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8251-15, 27.10.2015) თანდართული მასალით (შპს ,,გურია-ნეტის“ თაობაზე ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;  კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის №05/2244-15 წერილის შპს ,,გურია-ნეტისათვის“  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,გურია-ნეტი“ პერმანენტულად  არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად შეტყობინებითი წერილისა (წერილი №05/2244-15; 6.10.2015), რომელიც შპს „გურია-ნეტს“ 2015 წლის 7 ოქტომბერს ჩაბარდა,  კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.

2015 წლის 20 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 20 ნოემბრის №შ-10/9034-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/9042-15, 20.11.2015) ეცნობა, რომ შპს ,,გურია-ნეტს“ 2014 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების ყოველწლიურის საფასურის დავალიანება.

2015 წლის 25 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 24 ნოემბრის N10/9134-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციული-ანალიტიკური დეპარტამენტის დაზუსტებული სასმახურებრივი ბარათით (N10/9259-15; 25.11.2015) ეცნობა, რომ შპს „გურია-ნეტს“ წარმოსადგენი აქვს 2015 წლის ივლისის ფორმა N1.1; 2013 წლიდან - 2014 წლის ჩათვლით პერიოდის ფორმა N1.2 და  ფორმა N1.3.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნომებრის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის 26 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,გურია-ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,გურია-ნეტს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/2827-15; 26.11.2015), რომელიც მას 2015 წლის 27 ნოემბერს ჩაბარდა და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

2015 წლის 3 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 3 დეკემბრის №შ-10/9475-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/9489-15, 3.12.2015) ეცნობა, რომ შპს „გურია-ნეტს“, 2015 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, წარმოადგინა და შეავსო  ყველა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის  სხდომაზე  გამოცხადდა შპს „გურია-ნეტის“  დირექტორი იური სარჯველაძე და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (20% წილი) გოჩა მდინარაძე, რომლებმაც აღიარეს დარღვევები და აღნიშნეს,  რომ დღეის მდგომარეობით (3.12.2015) კომპანიის მეირ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილია სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები, ხოლო რაც შეეხება რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებს,  გოჩა მდინარაძემ განაცხადა, რომ უახლოვეს მომავალში შპს „გურია-ნეტი“ წარმოადგენს კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებს.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის  აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8251-15, 27.10.2015);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/9042-15, 20.11.2015);
  3. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის №05/2244-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,გურია-ნეტისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030120257; ჩაბარების თარიღი: 7.10.2015);
  4. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათი N10/9259-15 შპს „გურია-ნეტის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების მდგომარეობის თაობაზე;
  5. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 3 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი N10/9489-15 შპს „გურია-ნეტის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების მდგომარეობის თაობაზე;
  6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გურია-ნეტის“  შესახებ მონაცემები;
  7. შპს „გურია-ნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2015 წლის 3 დეკემბერს მიცემული ახნა-განმარტებები.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  „გურიან-ნეტი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 26.11.2013; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება და სხვა);

2.  შპს  „გურია-ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე/ მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  2015 წლის 6 ოქტომბერს   შპს  „გურია-ნეტს“  გაეგზავნა წერილი (№05/2244-15), რომლითაც მოეთხოვა  10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი მას ჩაბარდა 2015 წლის 7 ოქტომბერს;

5.    შპს    „გურია-ნეტს“    ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის შესავსება ჰქონდა შემდეგი   სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2015 წლის ივლისის ფორმა N1.1; 2013 წლიდან - 2014 წლის ჩათვლით პერიოდის ფორმა N1.2 და  ფორმა N1.3;

6.  შპს „გურია-ნეტმა“ გადაწვეტილების მიღების მომეტისათვის (3.12. 2015) შეავსო და კომისიაში წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმები;

7. შპს  „გურია-ნეტს“, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის, ასევე გადაწყვეტილები მიღების მომენტისათვის, კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2014 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;

8.  შპს ,,გურია-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,გურია-ნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას. აღნიშნული წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.  გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „გურია-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა,  ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 2014 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ დღემდე რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „გურია-ნეტს“  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს ,,გურია-ნეტს“ 2014 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გურია-ნეტისათვის“ ჩაბარება;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,გურია-ნეტის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,გურია-ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                           ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                          კახი  ბექაური

                კომისიის წევრი                                          გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები