ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 15:43
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2015 წლის 4 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის №10/8465-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის 2015 წლის ოქტომბრის თვის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის 2015 წლის ოქტომბრის თვის სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილი საკუთარ სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს შემდეგ მხატვრულ ფილმებს: „Welcome Home, Roscoe Jenkins”, „Dancing Ninja” და „Alfie”. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის №10/8465 -15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიამ 2015 წლის 29 ოქტომბერს №04/2503-15 წერილით მიმართა ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილს და მოსთხოვა მას ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2015 წლის 30 ოქტომბერს შემოვიდა ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/8330-15; 30.10.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული მხატრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმეტაციის გარეშე სამაუწყებლო ბადეში განთავსება ხორციელდებოდა შეცდომით, სატეტსტო რეჟიმის ფარგლებში. წერილის თანახმად, 30 ოქტომბრის მდგომარეობით აღნიშნული მხატრული ფილმები ამოღებული იქნა სამაუწყებლო ბადიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდებოდა არამართლზომიერად - საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის №10/8465-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 27 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს, რის შესახებ ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილს ელექტრონული ფოსტით, მისამართზე gogaggg@gmail.com, გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილს 2015 წლის 27 ნოემბერს ჩაბარდა, რაც მის მიერ კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამრთზე (post@gncc.ge) გამოგზავნილი წერილით დასტურდება.
2015 წლის 1 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის ელექტრონული წერილი, რომლის თანახმადაც ითხოვა 2015 წლის 3 დეკემბერს ჩანიშნული - ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის მის დაუსწრებლად განხილვა. ელექტრონულ წერილში ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილი დამატებით აღნიშნავს, რომ მის მიერ მაუწყებლობა 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ხორციელდბა, ხოლო რაც შეეხება, მხატრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმეტაციის გარეშე სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, აღნიშნული ხორციელდებოდა შეცდომით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბერის სხდომას არ ეწსრებოდა ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილი. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და გამომდინარე იქიდან რომ კომისიაში შემოსულია ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის შუამდგომლობა საკითხის მის დაუსწრებლად განხილვასთან დაკავშირებით, კომისიამ მიიღო გადგაწყვეტილება პირის დაუსწრებლად საკითხის განხილვის თაობაზე.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის №10/8465 -15 სამსახურებრივი ბარათი;
2. სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;
3. კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №04/2503 – 15 წერილი, მისი ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილისათვის გაგზავნისა და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილის 2015 წლის 30 ოქტომბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/8330-15; 30.10.2015);
5. ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილის 2015 წლის 1 დეკემბრის წერილი გადმოგზავნილი კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
6. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის შესახებ მონაცემები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილი წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-1238; ავტორიზაციის თარიღი: 20/02/2015; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული (კულტურული) ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია: ინტერნეტი (საქართელო));
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა ფიზიკური პირის გოგიტა გოგილაშვილის 2015 წლის ოქტომბრის თვის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი;
3. 2015 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილი საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა შემდეგ მხატრულ ფილმებს, კერძოდ: „Welcome Home, Roscoe Jenkins”, „Dancing Ninja” და „Alfie”;
4. კომისიამ 2015 წლის 29 ოქტომბერის №04/2503-15 წერილით ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილს მოსთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
5. 2015 წლის 30 ოქტომბრის და 1 დეკემბრის ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის ელექრონული წერილებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით მას არ გააჩნდა და კომისიაში არ წარმოუდგენია მხატვრული ფილმების: „Welcome Home, Roscoe Jenkins”, „Dancing Ninja” და „Alfie” საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);
6. ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილს ავტორიზაციის გავლისას (20/02/2015) განემარტა, რომ იგი, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
7. ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა; იმავე მუხლის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნატის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილს მიერ მხატვრული ფილმების: „Welcome Home, Roscoe Jenkins”, „Dancing Ninja” და „Alfie” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით, ფიზიკური პირი გოგიტა გოგილაშვილის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუქნტები, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ფიზიკურ პირ გოგიტა გოგილაშვილს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ფიზიკური პირისათვის გოგიტა გოგილაშვილისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ფიზიკური პირი გოგიტა გოგილიაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ავტორიზებული პირისათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისათვის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
