შპს „არტარეა TV2.O”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 16:15
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
შპს „არტარეა TV2.O”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „არტარეა TV2.O”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/8357-15 30/10/2015) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1112, 06.11.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „არტარეა TV2.O” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-1112, 06.11.2013), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;
2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
4. მაუწყებლობის ენა: ქართული;
5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსი);
ბ) ინტერნეტი (საქართველო);
გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (გორის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი);
7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ბ) ინტერნეტი - უფასო;
გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „არტარეა TV2.O”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სპეციალიზებული (შემეცნებითი/კულტურა, ხელოვნება) მაუწყებლობის შესაბამისი სამაუწყებლო კონცეფცია (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8660-15 11/11/2015).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა კომპანიის დირექტორი სოფიო ხუნწარია და იურისტი შოთა ჩავლეიშვილი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „არტარეა TV2.O” მაუწყებლობას ახორციელებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის კერძოდ კი შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით, ამიტომ კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის ნაცვლად განისაზღვროს 18 საათი. სხდომაზე აღნიშნულს დაეთანხმნენ შპს „არტარეა TV2.O”-ს წარმომადგენლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „არტარეა TV2.O”-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1112, 06.11.2013) მოდიფიცირება, მაუწყებლობის ქვესახეობად სპეციალიზებული მაუწყებლობის, ხოლო მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 18 საათის განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „არტარეა TV2.O” მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1112, 06.11.2013), მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (შემეცნებითი/კულტურა, ხელოვნება) ტელემაუწყებლობა, ხოლო მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად - 18 საათი.
2. შპს „არტარეა TV2.O” ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არტარეა TV2.O”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
