წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ პორტირებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 76 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2015 10:22

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2015

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ პორტირებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 16.01.2015 N6/185-15) მომართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“  შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ პორტირებასთან დაკავშირებული დავის განხილვის მოთხოვნით; კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ 2014 წლის 22 დეკემბრის N03-12 და 2015 წლის 13 იანვრის N01-04 წერილებით აცნობა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, მხარეებს შორის პორტირების პროცესის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ პორტირების მომსახურებიდან გამომდინარე საფასურის გადაუხდელობის გამო.

განცხადებაში შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ აღნიშნავს, რომ პორტირების საფასური რომელიც დადგენილი იყო 2015 წლის 1 იანვრამდე წარმოადგენდა დაუსაბუთებლად მაღალს და შესაბამისად, კომპანიას, შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების (29.11.2011) საფუძველზე, ზედმეტად აქვს გადახდილი პორტირების მომსახურების საფასური - 60,307.57 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საფუძველზე კომპანიას მიაჩნია, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დავალიანების არსებობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა დაუსაბუთებელია.

„სააბონენტო ნომრების პროტაბელურობის დებულებიდან“ გამომდინარე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ითხოვს დავის განხილვას შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ და აღნიშნული დავასთან დაკავშირებით კომპანიის მოთხოვნებს წარმოადგენს:

1. შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის N5 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების წესის გავრცელება კომპანიებს შორის გაფორმებულ 29.11.2011  წლის ხელშეკრულების მიმართ;

2. შპს “მედიაპრო ჯორჯიამ“ უზრუნველყოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ზედმეტად გადახდილი 60,307.57 ლარის ჩათვლა პორტირების მომსახურების მომავალი გადასახდელების ანგარიშში;

3. კომისიამ უზრუნველყოს შპს „მედიაპრო ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პორტირების პროცესის შეუფერხებელი მიწოდება;

            კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 12 თებერვალს, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ქალბატონი ნანა შარაშენიძე და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დირექტორი, ბატონი გიორგი ცხადაძე.

            კომისიის სხდომაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ გადახდილ იქნა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის პორტირების მომსახურების სადაო საფასური - 60,307.57 ლარი, რომლის ჩათვლასაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ითხოვდა სამომავლო პორტირების საფასურში, თუმცა კომპანიის დირექტორის განმარტებით აღნიშნული თანხა მხარეებს შორის კვლავ სადაო რჩება და კომპანია განაგრძობს დავას სასამართლოში. როგორც ნანა შარაშენიძემ განაცხადა, პორტირების პროცესის შეწყვეტა არ განხორციელებულა და პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. პორტირების საფასურის დაფარვის ფაქტი დაადასტურა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დირექტორმა, ბატონმა გიორგი ცხადაძემ და მანაც აღნიშნა, რომ პორტირების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის,  მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის,  მიმღებ ან დონორ ოპერატორს, აგრეთვე მათსა და  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით; მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა  განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით;  ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, პორტირებასთან დაკავშირებული დავები კომისიამ უნდა განიხილოს 1 თვის ვადაში. კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2015 წლის 5 იანვარს სარჩელი აქვს წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმე N3/57-15) სადაც დავის ფარგლებში მოპასუხეს წარმოადგენს როგორც კომისია, ასევე შპს „მედიაპრო ჯორჯია“, აღნიშნული, კომისიის 2015 წლის 12 თებერვლის სხდომაზე ასევე დაადასტურა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორმა ქალბატონმა ნანა შარაშენიძემ;

სასამართლო დავის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს შემდეგი:

1. ბათილად იქნას ცნობილი კომისიის 2010 წლის 03 სექტემბრის N412/10 გადაწყვეტილება „სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ და საკონკურსო საბჭოს 2010 წლის 27 აგვისტოს დასკვნა;

2. დაევალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ბათილად ცნოს შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკურლება მისი დადების მომენტიდან და კომისიასვე დაევალოს უზრუნველოს პორტირების პროცესის შეუფერხებელი განხორციელება;

3. დაევალოს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მისთვის ზედმეტად გადახდილი 60,307 ლარის ჩათვლა ამავე მხარეთა შორის 2011 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამომავლო მომსახურების საფასურში;

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს პორტირებასთან დაკავშირებული დავის განხილვის ორ ალტერნატიულ ფორმას: დავის განხილვას კომისიის მიერ ან დავის განხილვას სასამართლო წესით.

            საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად „სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ.“ 

            იმის გათვალისწინებით, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება შპს “მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ზედმეტად გადახდილი 60,307.57 ლარის ჩათვლას პორტირების მომსახურების მომავალი გადასახდელების ანგარიშში, აირჩია პორტირებასთან დაკავშირებული დავის განხილვა სასამართლო წესით და ამ მიზნით კომპანიას სარჩელი აქვს წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმე N3/57-15), კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, კომისია ამ ნაწილში მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს აღნიშნული დავა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისია ასევე ვერ იმსჯელებს მოთხოვნის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დავალდებულებას კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის N5 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების წესის გაავრცელოს კომპანიებს შორის გაფორმებულ 29.11.2011  წლის ხელშეკრულებაზე,  ვინაიდან კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ არის დაკავშირებული შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნასთან, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა შორის სადაო თანხის -  60,307.57 ლარის გადაანგრიშებას და ჩათვლას ამავე მხარეთა შორის 2011 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამომავლო მომსახურების საფასურში.  გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სწორედ იმ გარემოებას, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ კომისიის 2014 წლის 26 სექტემბრის N5 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უნდა განხორციელდეს კომპანიის აზრით ზედმეტად გადახდილი თანხის ჩათვლა პორტირების სამომავლო საფასურში.   

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, პორტირების პროცესი მხარეებს შორის არ შეწყვეტილა და პორტირება უზრუნველყოფილია, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის საგანი მხარეებს შორის აღარ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიჩნია, რომ:

1. უნდა შეწყდეს დავის განხილვა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის, პორტირების პროცესის შეუფერხებლად უზრუნველყოფის ნაწილში, დავის საგნის არ არსებობის გამო;

2. უარი უნდა ეთქვას შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ პორტირებასთან დაკავშირებული დავის განხილვაზე იმ ნაწილებში, რომელიც ეხება: ა) შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დავალდებულების მოთხოვნას, 2014 წლის 26 სექტემბრის N5 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების წესი გაავრცელოს კომპანიებს შორის გაფორმებულ 29.11.2011  წლის ხელშეკრულების მიმართ და ბ) შპს “მედიაპო ჯორჯიას“ მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ზედმეტად გადახდილი 60,307.57 ლარის ჩათვლის მოთხოვნას პორტირების მომსახურების მომავალი გადასახდელების ანგარიშში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის წარდგენის გამო;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-11 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

            გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს დავის განხილვა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის, პორტირების პროცესის შეუფერხებლად უზრუნველყოფის ნაწილში, დავის საგნის არ არსებობის გამო;

2. უარი ეთქვას შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ პორტირებასთან დაკავშირებული დავის განხილვაზე იმ ნაწილებში, რომელიც ეხება ა) შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დავალდებულების მოთხოვნას, 2014 წლის 26 სექტემბრის N5 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების წესი გაავრცელოს კომპანიებს შორის გაფორმებულ 29.11.2011  წლის ხელშეკრულების მიმართ და ბ) შპს “მედიაპო ჯორჯიას“ მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ზედმეტად გადახდილი 60,307.57 ლარის ჩათვლის მოთხოვნას პორტირების მომსახურების მომავალი გადასახდელების ანგარიშში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის წარდგენის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ვახტანგ აბაშიძე

            კომისიის წევრი                                                                     კახი ბექაური

            კომისიის წევრი                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     ირაკლი მოსეშვილი

            კომისიის წევრი                                                                     აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები