საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2015 18:06
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს სახელწიფო შესყიდვის პროცედურებს. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის 1- ლი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის - კონკურსის - საშუალებით, მე-3 პუნქტის თანახმად, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცდა ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ (შემდგომში ,,წესები“), რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები.
,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი და მისი საკონკურსო წინადადება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტების მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დაწესდეს მათი პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და საქმიანობის სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები: ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი ტექნიკური დოკუმენტაცია უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად აღემატება საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას; გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას; დ) არათვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს; ე) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, ტექნიკური დოკუმენტაციის ხარისხის შეფასება კლებულობს საკონკურსო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობებით“ განსაზღვრული პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის შეფასების ახალი კრიტერიუმები, ასევე საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულა, საუკეთესო საკონკურსო წინადადებისა და გამარჯვებულის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების ჩატარების პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომას. აღსანიშნავია ასევე ის, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რაც საშუალებას იძლევა მათი კომპეტენტური მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინებით შემუშავებულ იქნას საკონკურსო პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპროექტო მომსახურების, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმების ან პროექტების შესყიდვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეიქმნას საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის აპარატი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობებისა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეიქმნას საკონკურსო კომისია და საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახი ბექაური - საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) იოსებ ხარებავა – საკონკურსო კომისიის წევრი;
გ) დავით გოგიჩაიშვილი – საკონკურსო კომისიის წევრი;
დ) ნოდარ ასპანიძე – საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი;
ე) ალექსანდრე ღლონტი – საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი;
ვ) ეკატერინე ჭახრაკია – საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი;
ზ) ნიკოლოზ წერეთელი – საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი;
თ) პავლე ანთელავა – საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი (კომისიის მდივანი);
2. საკონკურსო კომისიამ თავისი საქმიანობა განახორციელოს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (იოსებ ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
