ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N671/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 12, 2016 18:25
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015
ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N671/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N671/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. თბილისი, სიხშირე (მჰც) – 92.3; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: 41°41'44.70"N 44°47'6.40"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 150 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 8;
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს ”ახალმა რადიომ”, შპს „ტვ-სტილმა“ და შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“.
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2015 წლის 10 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს ”ახალი რადიოს” დირექტორი ბეგლარ ლოგუა და შპს „ტვ-სტილის“ დირექტორი გოგა სამუშია. შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ უფლებამოსილი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა.
კომისია აღნიშნავს, რომ:
ა) შპს ”ტვ-სტილის” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული - საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ; ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა; მაუწყებლობის ენა/ენები; მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
ბ) შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“-ის მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში სრულყოფილად არ იყო მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და მონაცემები პარტნიორთა შესახებ. საკონკურსო განაცხადზე არ იყო თანდართული დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე.
გ) შპს „ახალი რადიოს“ მიერ სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”ტვ-სტილის” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის გოგა სამუშიას (პ/ნ 51001001920), შპს „ახალი რადიოს“ დირექტორის და 50%-იანი წილის მფლობელის ბეგლარ ლოგუას (პ/ნ 19001012771), 50%-იანი წილის მფლობელის თათია გოგიბერიძის (პ/ნ 60002013130), შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ დირექტორის და 70%-იანი წილის მფლობელის გოგა ხაინდრავას (პ/ნ 01015001324) და 30%-იანი წილის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის (პ/ნ 01008016732) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად გოგა სამუშიას (პ/ნ 51001001920), ბეგლარ ლოგუას (პ/ნ 19001012771), თათია გოგიბერიძის (პ/ნ 60002013130) და გიორგი გაჩეჩილაძის (პ/ნ 01008016732) მონაცემები ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება, ხოლო გიორგი ხაინდრავას (პ/ნ 01015001324) ქონებრივი დეკლარაცია, როგორც თანამდებობის პირს ბოლოს შევსებული აქვს 2007 წელს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”ახალი რადიოს” დირექტორს ბეგლარ ლოგუას და შპს „ტვ-სტილის“ დირექტორს გოგა სამუშიას განემარტათ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. გოგა სამუშიამ და ბეგლარ ლოგუამ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურეს, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მათ ასევე დაადასტურეს, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლების მათი დირექტორების და პარტნიორების მონაცემები გადამოწმდა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და დადგინდა, რომ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ პარტნიორი გიორგი გაჩეჩილაძე (პ/ნ 01008016732) ასევე წარმოადგენს შპს „რადიო უცნობის“ დირექტორს. შპს ”რადიო უცნობი” ფლობს საერთო რადიომაუწყებლობის №B70 ლიცენზიას ქ. თბილისში. შპს ”რადიო უცნობის” პარტნიორები არიან ვასილ ჯანიკაშვილი (პ/ნ 01008003300), გიორგი ასანიშვილი (პ/ნ 01008017519) და სს ”ლევან გაჩეჩილაძე”.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე გამოვლენილი გარემოება კერძოდ ის, რომ შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” პარტნიორი გიორგი გაჩეჩილაძე, ასევე არის შპს ”რადიო უცნობის” დირექტორი, წარმოადგენს ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველს, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან და ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებულების განმარტებიდან. ელისო ასანიძემ თხოვნით მიმართა სხდომის თავმჯდომარეს, რათა კენჭისყრაზე დადგეს შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ”-ს დისკვალიფიკაციის საკითხი.
კომისიის წევრმა კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან და ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებულების განმარტებიდან გამომდინარე პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კახი ბექაურის განმარტებით აღნიშნულ პირებში იგულისხმება, როგორც ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული ასევე ფიზიკური პირი, მაგრამ არ იგულისხმება ამ იურიდიული პირის მფლობელი ფიზიკური პირი. შესაბამისად, მისი აზრით, დისკვალიფიკაციის საფუძველი არ არის და კანონი არ ირღვევა.
კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ აღნიშნა, რომ იგი ვერ ხედავს კომპანიის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ვინაიდან ადგილი აქვს ერთ კომპანიაში კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ წილის ფლობას, ხოლო მეორე კომპანიაში იგივე ფიზიკური პირი არის დირექტორი.
კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა იმის თაობაზე წარმოადგენს თუ არა სხდომაზე გამოვლენილი გარემოება კერძოდ ის, რომ შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” პარტნიორი გიორგი გაჩეჩილაძე, ასევე წარმოადგენს შპს ”რადიო უცნობის” დირექტორს, კონკურსიდან მონაწილის დისკვალიფიკაციის საფუძველს. კენჭისყრის შედეგად კომისიამ ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე და კომისიის წევრები კახი ბექაური და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე) გადაწყვიტა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოს” დისკვალიფიკაციის საფუძველს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო უცნობის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში არ არის გაშიფრული სს ”ლევან გაჩეჩილაძის” ბენეფიციარი მესაკუთრეები ამიტომ ამ ეტაპზე კომისია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოს“ საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაევალოს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოს“ წარმოადგინოს კომისიაში სს ”ლევან გაჩეჩილაძის” ბენეფიფიარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს ”ტვ-სტილმა” 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) საფირმო სახელწოდება;
ბ) სამართლებრივი ფორმა;
გ) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი);
დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
ე) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ;
ვ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა;
ზ) მაუწყებლობის ენა/ენები;
თ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
ი) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
კ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
2. უზრუნველყოს შპს ”მომხმარებელთა საყურადღებომ” 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
ბ) მონაცემები პარტნიორთა შესახებ;
გ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
დ) ინფორმაცია სს ”ლევან გაჩეჩილაძის” ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოსთვის”, შპს ”ახალი რადიოსთვის” და შპს ”ტვ-სტილისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
