ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N678/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 16:37
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015
ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N678/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N678/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. რუსთავი, სიხშირე (მჰც) – 97,8; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: 41°33'41.79"N 44°58'41.21"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ”.
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N678/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2015 წლის 10 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” მიერ ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, ინფორმაცია აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” დირექტორს გიორგი მგალობლიშვილს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. გიორგი მგალობლიშვილმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის” დირექტორის გიორგი მგალობლიშვილის (პ/ნ 35001099691) და პარტნიორების რონალდ მგალობლიშვილის (პ/ნ 35001005079) და მერაბ ტყეშელაშვილის (პ/ნ 01008006565) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად გიორგი მგალობლიშვილის და რონალდ მგალობლიშვილის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება, ხოლო მერაბ ტყეშელაშვილს, როგორც თანამდებობის პირს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ბოლოს შევსებული აქვს 2006 წელს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის”, მისი დირექტორის და პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია” არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას, ხოლო აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დგინდება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N678/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ“ 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N678/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
ბ) მონაცემები აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
