„შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის №714/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2015 18:17
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015
„შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის №714/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის №714/23 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება „შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ აღნიშნულის ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 3 დეკემბერის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 3 დეკემბერს. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის 3 წევრი, ბატონები კახი ბექაური, გიორგი ფრუიძე და კომისიის თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ აბაშიძე; ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 10 დეკემბრის 15:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 დეკემბერის სხდომას ესწრებოდა კომისიის ოთხი წევრი, კერძოდ ქალბატონი ელისო ასანიძე, ბატონები გიორგი ფრუიძე, კახი ბექაური და მერაბ ქათამაძე. კომისიის აღნიშნულ სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ აბაშიძე, მივლინებაში ყოფნის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის სამი წევრი (ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ფრუიძე და კახი ბექაური) და ზეპირი მოსმენის სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ კომისიის წევრებს ქალბატონ ელისო ასანიძე და ბატონ მერაბ ქათამაძეს, ისინი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართულ კენჭისყრაში. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კომისიის მხოლოდ 2 წევრს (გიორგი ფრუიძე და კახი ბექაური), კომისია მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება კვორუმის არ არსებობის გამო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ დავასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად მიღების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება და ამ მიზნით ცვლილების შეტანა „შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის №714/23 გადაწყვეტილებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება „შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის №714/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 24 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;“
2. შპს ,,ტელეიმედი“ და ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
