შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2016 18:51
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015
შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს არსებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შპს „სტუდია მაესტროსგან“ გამოთხოვილ იქნა გადახდისუუნარობისა და გაკოტრების საქმისწარმოების სრული დოკუმენტაცია. 2015 წლის 16 ოქტომბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/7828–15) მიმართა შპს „სტუდია მაესტრომ“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების მასალების, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით. კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართა წერილით (N04/249715 – 29.10.2015) და მოსთხოვა დაზუსტება, თუ წარმოდგენილი ინფორმაციის კონკრეტულად რა ნაწილის ცნობას ითხოვდა კომერციულ საიდუმლოებად, რისთვისაც განუსაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად. 2015 წლის 27 ნოემბერს კომისიაში შპს „სტუდია მაესტროსგან“ შემოვიდა საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/9326–15), რომლითაც შპს „სტუდია მაესტრომ“ დააზუსტა ინფორმაცია და განსაზღვრა ის 29 დოკუმენტი, რომლის ცნობასაც ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროსგან“ გაკოტრების საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გამოთხოვა განახორციელა საზოგადოებაში არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რათა კომისიას, როგორც მაუწყებლობის სფეროში მარეგულირებელ ორგანოს ჰქონოდა ინფორმაცია გაკოტრების საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. კომისია გაეცნო წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეიცავს იმ სახის ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ამოცანების და ფუნქციების შესრულებასთან, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასლის გადაღების გარეშე და შესაბამისად შეწყდეს ადმინისტრაციული საქმისწარმოება შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და არ მომხდარა მისი ასლი გადაღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ 2015 წლის 16 ოქტომბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/7828–15) წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და შპს „სტუდია მაესტროს“, ასლის გადაღების გარეშე, უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/7828–15) წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების და შპს „სტუდია მაესტროს“ 2015 წლის 16 ოქტომბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/7828–15) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
