წვდომის მენიუ

შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 779 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2016 13:17

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015

შპს „რიმას“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუქნტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუქნციაა მაუწყებლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 6 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8536-15; 06.11.2015), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „რიმას“-ს 2015 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია 2015 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაციის დღიდან) 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა არ განუხორციელებია. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, „შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს №507/18 გადაწყვეტილება, რომლითაც ავტორიზებულ პირს დაევალა ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში, შპს „რიმას“-ს ჩაბარდა 2015 წლის 15 ოქტომბერს.  

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2015 წლის 24 ნოემბრის №10/9135-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „რიმას“-ს ავტორიზაციის დღიდან კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი არცერთი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8536-15 სამსახურებრივი ბარათისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2015 წლის 7 დეკემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რიმასისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე  შპს „რიმას“-ს  გაეგზავნა შეტყობინება  (№03/5000-15; 07.12.2015) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „რიმას“-ს ჩაბარდა 2015 წლის 7 დეკემბერს (შეტყობინება ჩაიბარა კომპანიის დირექტორმა მირიან კიკნაძემ, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით შეტყობინების ასლზე).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „რიმას“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 7 დეკემბრის №03/5000-15 შეტყობინება ჩაიბარა შპს „რიმას“-ის დირექტორმა მ. კიკნაძემ, რაც დასტუდება მისი ხელმოწერით შეტყობინების ასლზე. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „რიმას“-ის დაუსწრებლად.

  კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8536-15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. „შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს №507/18 გადაწყვეტილება;
  4. კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრის №03/2304-15 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „რიმას“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030120668);
  5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება;
  6. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან  შპს „რიმას“-ის შესახებ მონაცემები;

 ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „რიმას“-ი არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა;  თემატიკა: გასართობი; ავტორიზაციის თარიღი: 16/04/2014);
  2. შპს „რიმას“-ი როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს №507/18 გადაწყვეტილებით, შპს „რიმას“-ს მიეცა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, შპს „რიმას“-ს დაევალა 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან) 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (№1.2, №1.3, №1.5, №1.6 ფორმების) შევსება  (გარდა ფორმა 1.6-ის იმ ნაწილისა, რომელიც ეხება თვეების მიხედვით ჩაშლასა და საბაზრო ფასის მითითებას) და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მე-3 პუნქტით დაევალა 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან) 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
  4. „შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს №507/18 გადაწყვეტილება შპს „რიმას“-ს ჩაბარდა 2015 წლის 15 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040030120668);
  5. 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „რიმას“-ს არ შეუვსია და კომისიაში არ წარმოუდგენია 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან)  შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (№1.2, №1.3, №1.5, №1.6 ფორმები);
  6. 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „რიმას“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან) პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
  7. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რიმას“-ის მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმები, კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
  5. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები  ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
  8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და კომისიაში წარმოუდგენლობით,  შპს „რიმას“-მა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და „შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს №507/18 გადაწყვეტილება, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „რიმას“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი, ასევე, „შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს №507/18 გადაწყვეტილება.

კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 25 აგვისტოს №507/18 გადაწყვეტილებით, შპს „რიმას“-ს მიეცა გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არ გასულა ერთი წელი. გამომდინარე აქედან, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რიმას“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რიმას“-ის მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს 2500 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რიმას“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. ამასთან, ზემოაღნიშნული დარღვევის აღმოსაფხვრელად შპს „რიმას“-ს უნდა დაევალოს 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაციის დღიდან)  შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შევსება, ასევე, 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან) პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა  -10 სამუშაო დღის ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4  და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „რიმას“-ს დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „რიმას“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „რიმას“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.   უზრუნველყოს შპს „რიმას“-მა 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან)  შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შევსება და კომისიაში წაარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

5.   უზრუნველყოს შპს „რიმას“-მა 2014 წლის 16 აპრილიდან (ავტორიზაცის დღიდან)  პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შევსება, მათი კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) შპს „რიმას“-ისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „რიმას“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რიმას“-ისთვის ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „რიმას“-ისთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე–2, მე–3 და მე-5  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2, მე–3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                               გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები