წვდომის მენიუ

შპს „ვესტნეტისათვის“ (ს/კ 444547368) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 780 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2016 18:36

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015

შპსვესტნეტისათვის“ (ს/კ 444547368)  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 27 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8252-15, 27.10.2015) თანდართული მასალით (შპს ,,ვესტნეტის“ თაობაზე ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;  კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის №05/2239-15 წერილის შპს ,,ვესტნეტისათვის“  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,ვესტნეტი“ პერმანენტულად  არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად კომისიის წერილობითი მოთხოვნისა  (წერილი №05/2239-15; 6.10.2015), რომელიც შპს „ვესტნეტს“ 2015 წლის 7 ოქტომბერს ჩაბარდა,  კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისათვის გადაცემული წარმოების მასალების შესწავლისას, გამოვლენილ იქნა, რომ შპს „ვესტნეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2011 წლის მაისიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ: 2011 წლის მაისის თვეში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ვესტნეტის“ წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: გია ბუკია (25%), შადიმინი ჭილაია (25%), კოტე ბახია (25%) და გიორგი კობახიძე (25%), კომპანიის დირექტორად გია ბუკია ფიქსირდებოდა. 2012 წლის 1 ნოემბერს,  კომპანიის 25% წილის მფლობელმა კოტე ბახიამ კუთვნილი 25% წილისა გაახსვისა გია ბუკიას სასარგებლოდ, ხოლო 2015 წლის 9 მარტს განხორცილედა დირექტორის ცვლილება, კერძოდ: შპს „ვესტნეტის“ დირექტორი გია ბუკიას ნაცვლად გახდა გიორგი კობახიძე. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წილების შეძენა და დირექტორის ცვლილება განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო  შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა, ასევე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, მათ შორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელისა და გვარის ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

2015 წლის 27 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9222-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/9308-15, 27.11.2015) ეცნობა, რომ შპს ,,ვესტნეტს“  ავტორიზაციის გავლის დღიდან (30.05.2011) კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომპანიამ 2012 წლის 26 ივლისს, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების ყოველწლიური საფასური - 548.00 ლარი, თუმცა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება შპს „ვესტნეტის“ დავალიანება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის N10/8252-15, საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 27 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის N10/9308-15 და შპს „ვესტნეტის“ მიერ მესაკუთრეთა და დირექტორის ცვლილებების კანონდარღვევით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად განხორცილების გამო,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის 27 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვესტნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 10 დეკემბერს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ვესტნეტს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/2850-15; 27.11.2015), რომელიც მას 2015 წლის  1 დეკემბერს ჩაბარდა და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

2015 წლის 30 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9221-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/9352-15, 30.11.2015) ეცნობა, რომ შპს „ვესტნეტს“ კომისიაში წარმოსადგენი აქვს შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები:  2011 წლის მაისიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით და 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N1.1; 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N4.1; 2015 წლის პირველი კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდის ფორმა N4.2 და 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N5.4.

2015 წლის 10 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 9 დეკემბრის №შ-10/9667-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/9706-15, 10.12.2015) ეცნობა, რომ შპს „ვესტნეტს“ 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, ისევ წარმოსადგენი აქვს კომისიაში 2011 წლის მაისის თვიდან (ავტორიზაციის გავლის დღიდან) რეგულირების ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება კომპანიის რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის  სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ვესტნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 27 ნოემბრის №03/2850-15 შეტყობინება ჩაიბარა შპს „ვესტნეტის“ ბუღალტერმა რაულ კვარაცხელიამ,  რაც დასტუდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040032087655). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „ვესტნეტის“ დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის  აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8252-15, 27.10.2015);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/9308-15, 27.11.2015);
  3. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის №05/2239-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,ვესტნეტისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030120187; ჩაბარების თარიღი: 7.10.2015);
  4. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 30 ნოემბრის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათი N10/9352-15 შპს „ვესტნეტის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობის თაობაზე;
  5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათი N10/9706-15 შპს „ვესტნეტის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის თაობაზე;
  6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვესტნეტის“  შესახებ მონაცემები;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  „ვესტნეტი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 30.05.2011; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ინტერნეტ მომსახურება);

2.  შპს  „ვესტნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  2015 წლის 6 ოქტომბერს   შპს  „ვესტნეტს“ გაეგზავნა წერილი (№05/2239-15), რომლითაც მოეთხოვა  10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი მას ჩაბარდა 2015 წლის 7 ოქტომბერს;

5. შპს „ვესტნეტს“, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (27.11.2015), ასევე გადაწყვეტილების მიღებისათვის, შესავსები და კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები:2011 წლის მაისიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით და 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N1.1; 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N4.1; 2015 წლის პირველი კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდის ფორმა N4.2 და 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N5.4 ;

6. შპს „ვესტნეტს“, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის, ასევე გადაწყვეტილების მიღებისათვის, ავტორიზაციის გავლის დღიდან (30/05/2011), კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;

 7.   2012 წლის 1 ნოემბერს კომპანიის 25% წილის მფლობელმა კოტე ბახიამ კუთვნილი წილი გაახსვისა გია ბუკიას სასარგებლოდ ისე, რომ წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მიუმართავს კომისიისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული ცვლილების თაობაზე კომპანიას ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია;

8.   2015 წლის 9 მარტს შპს „ვესტნეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორცილედა დირექტორის ცვლილება, კომპანიის დირქტორი გია ბუკიას ნაცვლად გახდა გიორგი კობახიძე, თუმცა „ელექტრონული კომუნიაკციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული ცვლილების თაობაზე კომპანიას ინფრომაცია კომისიაში არ წარმოუდგენია;

9. შპს ,,ვესტნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული და ავტორიზაციის დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუქნტის თანახმად,  იურიდიული პირისათვის  ავტორიზაციის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

8.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,ვესტნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას. ასევე  შპს „ვესტნეტის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილის გასხვისებით, ამისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე კომპანიის მიერ კომისიაში ინფორმციის წარმოუდგენლობით კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „ვესტნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა,  ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.   ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს ავტორიზაციის გავლის დღიდან (30/05/2011) დღემდე რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოდგენა.

ამავდროულად კომისია მიაჩნია, რომ  შპს „ვესტნეტს“ უნდა დაევალოს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „ვესტნეტის“ მიერ წარმდგენილი ინფომრაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ვესტნეტს“  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ), მ) და ლ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს ,,ვესტნეტს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (30.05.2011) რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს შპს „ვესტნეტს“ 10 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (კერძოდ: 2011 წლის მაისიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით და 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N1.1; 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N4.1; 2015 წლის პირველი კვარტლიდან 2015 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდის ფორმა N4.2 და 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის ფორმა N5.4) შევსება და კომისიაში წარმოდგენა;

4. დაევალოს შპს „ვესტნეტს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: შპს „ვესტნეტის“ წილის (2012 წლის 1 ნოემბრიდან - 2015 წლის 9 მარტის ჩათვლით პერიოდში) შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შპს „ვესტნეტის“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა)     საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;

გ)  სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

დ) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „ვესტნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფომრაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვესტნეტისათვის“ ჩაბარება;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,ვესტნეტის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ვესტნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

12.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი);

13.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                     მოვალეობის შემსრულებელი                 მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                  გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები