ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2016 17:21
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2015
ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (03.12.2015 Nშ-6/9500-15) მიმართა სს „სილქნეტმა”, სს „სილქნეტსა“ და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ (შემდგომში შპს „ფოპტნეტი“) შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე.
კომისიაში სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 12 მარტიდან დღემდე სს „სილქნეტი“, შპს „ფოპტნეტს“ უწევს ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურებას შესაბამის პერიოდებში მოქმედი სს „სილქნეტის“ 2011 წლის ნოემბრის, 2012 წლის ნოემბრის, 2014 წლის ნოემბრისა და 2015 წლის სექტემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების შეთავაზების წინადადებების (მოწვევის ოფერტების) საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე:
|
# |
მიმართულება |
სიგრძე (კმ) |
დიამეტრი |
|
1 |
ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის 136 - მარნეულის მიმართულება |
4.125 |
15 მმ–მდე |
|
2 |
ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის 136 - დმანისის მიმართულება |
1.405 |
15 მმ–მდე |
|
3 |
აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი) |
25 |
15 მმ–მდე |
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2012 წლის ოფერტის თანახმად, რომელიც კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 08 ნოემბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფად განისაზღვრა ამავე ოფერტის N2 დანართით საქართველოს სხვა დანარჩენი რეგიონებისთვის დადგენილი ტარიფები.
ამავე ოფერტის (2012 წლის) მე–3 მუხლის 3.2.–3.4. პუნქტების თანახმად, ტარიფების ცვლილების თაობაზე მხარეთათვის შეტყობინებას უთანაბრდება ცლილების კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნება (2012 წლის 08 ნოემბერი). ამასთან, თუ მხარე არ ეთანხმება ტარიფის ცვლილებას, იგი ვალდებულია 2 (ორი) კვირით ადრე წერილობით აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ, რაც ჩაითვლება უარად მომსახურების მიღებაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ითვლება, რომ მხარის მიერ ცვლილება მიღებულ იქნა უპირობოდ.
ამდენად, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, კომისიის ვებ–გვერდზე ოფერტის გამოქვეყნების თარიღი - 2012 წლის 08 ნოემბერი, გაუთანაბრდა ახალი ოფერტით დადგენილი ტარიფების ცვლილების შესახებ შეტყობინების თარიღს, ხოლო ვინაიდან გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში არც „ფოპტნეტს“ და არც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არხთან დაშვების მომსახურების მიმღებ სხვა ავტორიზებულ პირებს წერილობითი უარი ახალ ტარიფებზე არ განუცხადებია და დაშვების მომსახურების შეწყვეტა არ მოუთხოვია, აღნიშნული ფაქტი ჩაითვალა, როგორც აღნიშნულ კომპანიათა (მათ შორის შპს „ფოპტნეტის“) უპირობო თანხმობა სს „სილქნეტის“ ოფერტის ახალ პირობებზე (მათ შორის ტარიფებზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ყველა ავტორიზებულ პირთან მიმართებით, რომლებიც „ოფერტის“ გამოქვეყნების დროისთვის სარგებლობდნენ „სილქნეტის“ კუთვნილ საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურებით, სს „სილქნეტის“ 2012 წლის ნოემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ოფერტით განსაზღვრული ახალი ტარიფები გამოქვეყნებიდან 2 კვირის გასვლისთანავე, ჩაითვალა ძალაში შესულად, რის საფუძველზე სს „სილქნეტი“ უფლებამოსილი იყო, 2012 წლის 08 ნოემბრიდან ნებისმიერ დროს მოეთხოვა აღნიშნული კომპანიებისგან შეცვლილი (გაზრდილი) ტარიფით ანგარიშსწორება, ყოველგვარი დამატებითი ინფორმირების გარეშე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სილქნეტის“ მიერ ახალი (გაზრდილი) ტარიფით ანგარიშსწორების მოთხოვნა, საოქმო გადაწვეტილებების საფუძველზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მომსახურების მიმღებ ავტორიზებულ პირთა მიმართ წარდგენილ იქნა 2014 წლის მაისიდან, რაზეც „ფოპტნეტმა“ განაცხადა უარი. „ფოპტნეტის“ უარი მათი წერილობითი განმარტებით ეფუძნებოდა სს „აჭარის ელექტროკავშირსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის პირობებს ცვლილებების ორმხრივად შეტანის თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხვაობის გადაუხდელობის საფუძველზე, 2014 წლის 01 მაისიდან 2015 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, შპს „ფოპტნეტის“ დავალიანებამ (სხვაობა ცვლილებებამდე არსებულ და ახალ ტარიფებს შორის) „სილქნეტის“ მიმართ შეადგინა 62 175 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ შპს „ფოპტნეტის“ უარი ახალი ტარიფით ანგარიშსწორებაზე, ასევე მის მიერ წერილობით წარმოდგენილი არგუმენტები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სს „სილქნეტის“ ახალი ტარიფებით შესაბამისად მომსახურების ღირებულების გადაუხდელობით უხეშად ირღვევა როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ისე სს „სილქნეტის“ ოფერტის პირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
- შპს „ფოპტნეტსა“ და სს „აჭარის ელექტროკავშირს“ შორის ელექტრონულ საკომუნიკაციო არხებთან დაშვების შესახებ 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება შპს „ფოპტნეტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის დღეს არსებული ფაქტობრივი ურთიერთობების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტად და ზოგადად, იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებად; მოცემული ხელშეკრულების მხარეს სს „სილქნეტი“ არ წარმოადგენდა და არც დღემდე ითვლება ასეთად, ვინაიდან არ მომხდარა მომსახურების გამწევი მხარის ჩანაცვლება წერილობითი ფორმით, რომლითაც მოხდება აღნიშნული მომსახურების გაგრძელება მოცემული ხელშეკრულების პირობებით, შესაბამისად, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სს „სილქნეტს“ არ უკისრია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უპირობო დაცვა. 2010 წლის 12 მარტიდან დღემდე, სს „სილქნეტი“ შპს „ფოპტნეტის“ მიმართ ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ფაქტობრივი მომსახურების გაწევას, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ მომსახურებასთან მიმართებით, მოცემულ ეტაპზე, მხარეთა შორის, კონკრეტული ვადა ან სხვა არსებითი პირობა წერილობით შეთანხმებულად არ ითვლება და ფაქტობრივი ურთიერთობები რეგულირდება მხოლოდ კომისიის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული სს „სილქნეტის“ ოფერტებითა (შესაბამის პერიოდებზე) და „ფოპტნეტის“ უპირობო აქცეპტით, გამოხატული მის კონკლუდენტურ მოქმედებაში.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებით დათქმული პირობები, ასევე ვერ ჩაითვლება პრიორიტეტულად კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, იმ სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაბამის საბაზრო სეგმენტებზე, სადაც მომსახურების გამწევი ავტორიზებული პირი (ამ შემთხვევაში სს „სილქნეტი“) წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს, რომლის სპეციფიკური ვალდებულებები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით. აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომსახურება გაწიოს კომისიის მიერ ჩატარებული ყოველი ხელახალი კვლევის შედეგად დადგენილ და ახალ ვალდებულებათა განმსაზღვრელი ადმინისტრაციული აქტის (გადაწყვეტილების) უპირობო დაცვით, ახლად დადგენილი ზღვრული ტარიფისა და სხვა სავალდებულო პირობების შესაბამისად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს იმ საბაზრო სეგმენტებზე გასაწევი მომსახურებების შესაბამისი შეთავაზების წინადადების (ოფერტის) საჯაროდ გამოქვეყნება, რომელზეც ოპერატორებს განესაზღვრებათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სტატუსი. მოწვევის ოფერტაში აისახება ყველა ახალი ვალდებულებები, მათ შორის ახალი ტარიფები (ასეთის დადგენისას). ამასთან, ოფერტის გამოქვეყნება ხდება მისი საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის კომისიის მიერ დადასტურების შემთხვევაში. ვინაიდან სს „სილქნეტის“ მიერ 2012 წლის 08 ნოემბერს გამოქვეყნებულ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მე-9 თავით განისაზღვრა დათქმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ოფერტის გამოქვეყნებით ავტომატურად შეიცვლებოდა მანამდე არსებული სახელშეკრულებო პირობები ყველა წერილობით თუ ფაქტობრივად ხელშემკვრელ მხარესთან და პრიორიტეტული იქნებოდა ახალი ტარიფები და დაშვების პირობები და რადგანაც კომისიის მიერ დადასტურებულ და გამოქვეყნებულ აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა მხარეთა შორის ამგვარ მომსახურებებზე მანამდე არსებულ ყველა სამართლებრივ რეჟიმთან მიმართებით, განმცხადებელს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებით, ძალაში შევიდა ახალი პირობები (მათ შორის ტარიფები), ხოლო თავად გამოქვეყნების თარიღი გაუთანაბრდა მომსახურების ახალი პირობების შესახებ შეტყობინების თარიღს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა ერთ-ერთ არსებით სპეციფიკურ ვალდებულებას წარმოადგენს მის კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელთან დაშვების მომსახურების მიმღებ პირთათვის თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობებით მომსახურების მიწოდება, სადაც უპირველესი დატვირთვა ეძლევა მომსახურების ტარიფებს, შესაბამისად, ტარიფის ყოველი ახალი ცვლილებისას (რაც სს „სილქნეტის“ შემთხვევაში, 2010 წლის მაისიდან დღემდე, ყოველთვის ხდება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე), მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია შესაბამისობაში მოიყვანოს მანამდე არსებული (მათ შორის, თუნდაც მხართა მიერ შეთანხმებული) ტარიფები ახალ ტარიფებთან, რათა არ მოხდეს რომელიმე ავტორიზებული პირის უპირატესი პირობებით მომსახურება (რაც შემდგომ იწვევს მომსახურე პირის ახალ ვალდებულებას, იგივე პირობები/ტარიფები განავრცოს სხვა ავტორიზებულ პირებზე და შეიტანოს ცვლილება გამოქვეყნებულ ოფერტაში) და აღნიშნული ქმედებით სხვა ავტორიზებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციის დაშვება.
მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:
1. კომისიამ შეაფასოს მხარეთა შორის არსებული სადავო გარემოებანი და ოფერტის პირობთა (ყოველ მორიგ ცვლილებათა) სავალდებულობა არხთან დაშვების მომსახურებისას როგორც მოცემულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი ურთიერთობებისას, ისე ზოგადად, წერილობითი სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევებშიც.
2. კომისიამ უფლება მიეცეს სს „სილქნეტს“, შეუწყვიტოს არხთან დაშვების მომსახურების მიწოდება შპს „ფოპტნეტს“.
3. დაევალოს შპს „ფოპტნეტს“ საკომუნიკაციო არხთან დაშვების მომსახურებაზე „სილქნტის“ მიმართ არსებული დავალიანების - 62 175 ლარის გადახდა, „სილქნეტის“ 2012 წლის 08 ნოემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) საფუძველზე სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი საოქმო გადაწყვეტილებების მოცემულობათა მიხედვით.
4. უფლება მიეცეს სს „სილქნეტს“, არ მოახდინოს შპს „ფოპტნეტისთვის“ მომსახურების აღდგენა ახალი ხელშეკრულების გაფორმებისა და ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად გადახდის პირობების დაკმაყოფილების გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღის დროისა და ადგილის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ დავასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 17 დეკემბერს 15:00 საათზე. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე სს „სილქნეტს“ და შპს „ფოპტნეტს“ ეცნობათ შეტყობინებებით (10.12.2015 N03/3039-15; N03/3040-15) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ფოპტნეტს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2015 წლის 17 დეკემბრამდე.
2015 წლის 15 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ფოპტნეტის“ შესაგებელი (15.12.2015 Nშ-6/9821-15) სადაც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის გაფორმებულია 2006 წლის 23 ივნისის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს გრძელვადიან ხელშეკრულებას და ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 20 წლიტ. ამავე მუხლითა და 3.5. პუნქტით განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი, რომელიც როგორც განცხადებაშია აღნიშნული დღემდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, შპს „ფოპტნეტს“ მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობები დღემდე მოქმედია. განცხადებაშიასევე აღნიშნულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ანალოგიური შინაარსის დავაზე იმავე მხარეებს შორის, სადაც როგორც განცდადებაშია აღნიშნული, სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულია, რომ
ა) გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ნებისმიერი ცვლილება ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით შესაძლოა ძალაში შესულად ჩაითვალოს მხოლოდ დადგენილი წესის დაცვით;
ბ) ხელშეკრულება წარმოადგენს მომსაურების ხელშეკრულებას;
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ მხარე არც წერილობით და არც ფაქტობრივად არ ადასტურებს ცვლილებას ხელშეკრულებაში, იგი ცვლილების შეტანად ვერ იქნება განხილული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული შპს „ფოპტნეტის“ მიერ არ ხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტური დადასტურება და საოქმო გადაწყვეტილებებე ხელის მოწერა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ბ) ქვეპუნტის საფუძველზე შპს „ფოპტნეტს“ დადგენილ ფაქტად მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკურლება წარმოადენს მომსახურების ხელშეკრულებას, მასში ცვლილებები არ განხორციელებულა და შესაბამისად სს „სილქნეტს“ არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება, რის გამოც შპს „ფოპტნეტს“ მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტისა“ და შპს „ფოპტნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს, ხოლო შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ანალოგიური შინაარსის დავაზე იმავე მხარეებს შორის, აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რასთან დაკავშირებითაც შპს „ფოპტნეტი“ საუბრობს კომისიაში წარმოდგენილ წერილში; ამავე დროს, შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მტკიცებულების სახით შეუძლია წარმოადგინოს კომისიის წერილი, სადაც კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ წარმოადგენს შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც სს „სილქნეტი“, ასევე შპს „ფოპტნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. რაც შეეხება შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი არ ქმნის ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს, შესაბამისად, მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ფოპტნეტს“ შორის და, შესაბამისად, დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2016 წლის 21 იანვრის 15:00 საათი. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ფოპტნეტის“ მიერ კომისიაში დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ არსებობს დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი, კომისია დამატებით იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2016 წლის 21 იანვარს, 15:00 საათზე;
- დავის დღის განხილვის შესახებ სს „სილქნეტი“ და შპს „ფოპტნეტი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე დაგაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისა“ და შპს „ფოპტნეტითვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
