შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 12, 2016 18:18
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2015
შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-6/7749-15,15.10.15) ამავე განცხადების დანართში განსაზღვრულ გეოგრაფიულ წერტილებში, ჩრდილოვანი ზონების მოცვის მიზნით სატელევიზიო ციფრული რეტრანსლატორების ფუნქციონირებისთვის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ შერჩეული სიხშირეების (სატელევიზიო არხების) შეთანხმებისა და მინიჭების მოთხოვნით.
როგორც შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ განცხადებაში აღნიშნავს, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ გამოვლენილ იქნა ჩრდილოვანი ზონები, რაც საქართველოს მსგავსი რელიეფის მქონე ქვეყისათვის დამახასიათებელია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ციფრული სატელევიზიო სიგნალით საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვისათვისათვის საჭიროა გამოვლენილი რადიოჩრდილების ”ამოვსება”, რამაც წარმოშვა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისათვის“ დამატებითი სიხშირული რესურსის გამოყოფის საჭიროება.
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის №273 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ აღმოჩენილ ჩრდილოვან ზონებში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მინიჭებულ სიხშირეებზე მოქმედი ანალოგური მიკრორეტრანსლატორების ეტაპობრივად გათიშვა უნდა განხორციელდეს მათ სანაცვლოდ ციფრულ სამაუწყებლო ზონებში გამოყენებულ სიხშირეებზე ან განსხვავებულ სიხშირეებზე ციფრული მიკრორეტრანსლატორების ამოქმედების შემდგომ“.
კომისიამ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის №273 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ განსაზღვრულ გეოგრაფიულ წერტილებში ჩრდილოვანი ზონების დასაფარად სატელევიზიო ციფრული რეტრანსლატორების ფუნქციონირებისთვის მოთხოვნილი სავარაუდო სიხშირეების (სატელევიზიო არხების) დამატებით შერჩეული და კორექტირებული პარამეტრები, (რაც სადისტრიბუციო ქსელის მოწყობის პროცესში კონკრეტული პუნქტებისთვის შესაძლებელია შეიცვალოს) შეთანხმების მიზნით, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს წერილობით (№06/2731-15) აცნობა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ დირექტორმა, თავის მხრივ, ასევე წერილობით დაადასტურა ჩრდილოვანი ზონების დაფარვისათვის კომისიის მიერ შეთავაზებული სიხშირული რესურსის მისაღებობა (კომისიაში რეგისტრირებული №შ 6/9732-15, 10.12. 2015).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, კომისიის 2014 წლის 6 მარტის №120/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს რადიოსიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” დამატებითი სიხშირეები ესაჭიროება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდგომ აღმოჩენილ ჩრდილოვან ზონებში ციფრული მიკრორეტლანსლატორების ფუნქციონირებისათვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დამტების შეტანა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში და შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” ზემოაღნიშნული მიზნით სიხშირული რესურსის მინიჭება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს დამატება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №2;
2. დანართი №2 ცნობილ იქნას კომისიის 2014 წლის 6 მარტის №120/13 გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. აღირიცხოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირეები (სატელევიზიო არხები) კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
4. დაევალოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის და დანართი №2-ის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა და გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
